საქართველოზე გამავალი დერეფნის მნიშვნელობა უკვე თვიდან თვემდე იზრდება
გვანცა წულაია
15.02.2024

წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისის გამო ტვირთების გადამისამართების აუცილებლობა შეიქმნა. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო და ტრანსპორტის ღირებულება მკეთრად გაიზარდა. ასეთ სიტუაციაში შუა დერეფნის როლი კიდევ მეტად იზრდება და ახლა თითქმის ყველა პირობა იმისთვის, რომ გადაზიდვებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს. ფაქტია, რომ საქართველოსკენ დამატებითი ტვირთები ყველა შემთხვევაში წამოვა.

ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით გაჩენილმა საფრთხემ მსოფლიო სხვა რეალობაში მოაქცია. ევროკომისარმა ეკონომიკურ საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წითელ ზღვაში თავდასხმების შედეგად ტვირთის გადამისამართების გამო აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო - 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პრობლემები ევროკავშირში ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს, „თუმცა ფასები შესაძლოა, მოწოდების შემდგომმა შეფერხებამ გაზარდოს.“

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაცემებით, წითელ ზღვაში დაძაბულობის ფონზე სუეცის არხზე 36%-ით ნაკლები გემი მოძრაობს, ხოლო ტვირთი 60%-ზე მეტად არის შემცირებული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა გემების დაზღვევის ღირებულება, ასევე საწვავის ხარჯები და ეკიპაჟების დატვირთვა.

თებერვლის დასაწყისში "ბლუმბერგი" წერდა, რომ ეგვიპტისთვის სუეცის არხზე გემების გავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი იანვარში 2023 წლის იმავე თვის 804 მლნ დოლარიდან 428 მლნ დოლარამდე დაეცა.

გადამზიდავთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, შერაფეტინ არასი მიიჩნევს, რომ წითელი ზღვის კრიზისმა ტრანსკასპიური საერთაშოსრისო სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალისა და გლობალურ ვაჭრობაში მისი გამოყენების ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

ტრანსკასპიური საერთაშოსრისო სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ დერეფნის გასწვრივ გამავალ სამარშრუტო მატარებელს ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში, საშუალოდ, 20-25 დღეში ჩააქვს.

შავ ზღვაში შექმნილი სიტუაციის ამ დროისთვის არსებულ შედეგებზე ისაბრა "იბექს ლოგისტიკის" დირექტორმა ლევან თათარაშვილმა და განაცხადა, რომ საზღვაო მიმართულებით ტარიფები დაახლოებით 3-4-ჯერ გაიზარდა.

"წითელ ზღვაში შექმნილი ვითარება ძალიან რეზონანსულია ჩვენს ლოგისტიკურ ჯაჭვში. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ახლო აღმოსავლეთში საომარი მდგომაორების გამო, ტარიფები დაახლოებით 3-4-ჯერ არის გაზრდილი, საზღვაო მიმართულებაზე მაქვს საუბარი. ტვირთების ნაწილი ისედაც საზღვაო მიმართულებით შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ იაფი იყო, მაგრამ ამ მოცემულობაში უკვე დაკარგა მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა.

სუეცის არხით, ფაქტობრივად, არც ერთი საზღვაო ხაზი აღარ სარგებლობს. შემოვლითი და ალტერნატიული მარშრუტი არის, რომელიც ძალიან აგრძელებს სატრანზიტო პერიოდსაც, გემის მარშრუტსაც. გემები აფრიკის კონტინენტს მთლიანად ურტყამენ წრეს და შემდგომ შემოდიან ხმელთაშუა ზღვაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს სატრანზიტო დროის გაზრდაც და პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ფასზე.

შანხაის პორტიდან გამოსვლისას დაახლოებით საჭირო იყო 45-55 დღე, ყველაზე მაქსიმუმ - 60 დღე. ახლა 70-80 დღემდე ავედით. იანვრის ბოლოს წამოსული კონტეინერების დიდი ნაწილი ჯერაც არ შემოსულა და მარტის შუა რიცხვებში ან ბოლოსკენ ველოდებით. ეს დიდი შეფერხებაა”, - განუცხადა "რეზონანსს” ლევან თათარაშვილმა.

ასეთ პირობებში შუა დერეფნის როლი კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა ყველა ქვეყანა ალტერნატიული მარშრუტის მოძიებას ცდილობს და დიდი აქცენტი სწორედ საქართველოზე გამავალ დერეფანზე კეთდება, შესაბამისად, ჩვენთან ბევრი რამ დასახვეწი და გასაკეთებელია.

"რაც შეეხება შუა დერეფანს, მისი როლი ძალიან დიდი და მზარდია. 2024 წლის დასაწყისში დაახლოებით 40%-ით გაზრდილია ტვირთბრუნვა, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. შესაბამისად, ჩვენი კომპანიაც აქტიურად არის ჩართული პროცესებში. სახელმწიფოს მხრიდანაც დიდი ხელშეწყობაა, შუა დერეფნის მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობენ.

რამდენიმე თვის წინ პრემიერს ჰქონდა ძალიან დიდი ფორუმი, სადაც შევხდვით ჩვენს კოლეგებს რეგიონის ქვეყნებიდან. ნაყოფიერი ღონისძიება იყო, სადაც დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე 2024 წლიდან აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობას.

ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ დასახვეწი და გასაკეთებელია. ძირითად შემთხვევაში, ეს უფრო რკინიგზის მოწესრიგებას ეხება, რადგან რკინიგზა ერთ-ერთი საკვანძოა სექტორია შუა დერეფანში. საქართველოს რიკინიზგაც გადადის მოდერნიზებულ ლიანდაგებზე და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, ეს პრობლემაც მოიხსნება.

საზღვაო მიმართულებაზე კი ძალიან გვიჭირს, რადგან ტერმინალები ფაქტობრივად გადავსებულია, ტვირთის გადამუშავება ვერ ესწრება და შესაბამისად, რიგ შემთხვევში რაღაც პროექტების დაპაუზებაც კი გვიწევს ხოლმე.

ზემოთ ნახსენებ ფორუმზე დაგვაიმედეს და დაგვპირდნენ, რომ ამ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ანაკლიის პორტის მშენებელობასთან დაკავშირებით. ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს როლს შუა დერეფანში”, - დასძინა "რეზონანსთან” თათარაშვილმა.

წითელი ზღვიდან საკონტეინერო გემების გადამისამართება პირდაპირ კავშირშია იემენის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტული ორგანიზაციის, მიერ გემებზე თავდასმებთან. წითელი ზღვა კი მსოფლიოში საწვავის და მყარი ტვირთების გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×