"რეალურად ლარიზაციის პროცესი შარშან შენელებული იყო. ამიტომ დროული რეაგირება მოახდინა ეროვნულმა ბანკმა"
ქეთო გოგოხია
17.01.2024

ეროვნული ბანკი ლარიზაციის ხელშესაწყობად რეგულაციებს აგრძელებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სავალუტო სესხის 300 000-იანი ზღვარის დადგენა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს და თამასა კიდევ უფრო ასწიონ. თავის დროზე რა ეფექტი მოიტანა 200  000-ლარიანმა ზღვარმა, ამაზე სექტორში საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ კვლევა მიმდინარეობს. რაც  შეეხება ბოლო ცვლილებას, ლარიზაციის კუთხით ცალსახად დადებით გადაწყვეტყვეტილებად ფასდება. ექსპერტების რეკომენდაციაა, იგივე მიდგომა დამკვიდრდეს ობლიგაციებთან დაკავშირებითაც, რომელიც მთლიანად დოლარშია დენომინირებული.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის მოლოდინით, უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხები კიდევ შემცირდება. პორტფელის დედოლარიზაციას ახლად ამოქმედებული რეგულაცია წაახალისებს. აღნიშნა, იპოთეკური სესხების 90%-ზე მეტი ისედაც ლარშია გაცემული და აღნიშნული კოეფიციენტი 2024 წელს 95%-ს გადააჭარბებს.

უტიაშვილის აზრით, ბევრს მოუწევს კრედიტების გალარება, რადგან ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების პირობები უფრო მიმზიდველი ხდება. დედოლარიზაცია პრიორიტეტად რჩება და შესაბამისად, არც 300 000 ლარის გადახედვაა გამორიცხული. ცენტრალური ბანკი მოვლენებს დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ,,რეზონანსთან" საუბრისას" დადებითად აფასებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა 300 000-ლარიანი ზღვარის გაზრდა.

თავის დროზე დაწესებულმა 200 000-იანმა ზღვარმა რა შედეგიც მოიტანა, ძნელაძის შეფასებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკვლევა და პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლა, რაც უახლოეს მომავალშიო გახდება ცნობილი.

,,ცნობილია, რომ რეგულაცია პირველ იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც, სებ-მა  300 000 ლარამდე ასწია ზღვარი. ეს ნიშნავს, რომ რეალურად პირები, რომლებსაც ჯამური ვალდებულება 300 000 ლარამდე აქვთ, მხოლოდ ლარში  შეძლებენ სესხის აღებას. აღნიშნული  ვალდებულება ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ერთი გამონაკლისია, რომ 300 000 ლარამდე შეუძლიათ სესხი მიიღონ იმ პირებმა, ვისაც  შემოსავალი უცხოურ ვალუტაში უფიქსირდებათ. აქამდე ამ მხრივ შეზღუდვა იყო.

აქამდე მოქმედმა 200 000-მა ინიციატივამ პროცენტულად რა ეფექტი მოიტანა, ეს რთულად სათქმელია, რაღაც ვარაუდები არის და გვაქვს გარკვეული გამოთვლებიც. პარალელურად ლარში გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, შემდეგ უცხოურ ვალუტაშიც და ლარში შემცირდება, ამიტომ  რომელმა იმოქმედა უფრო მეტად  - ზღვარმა თუ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებამ, რეალურად რთული სათქმელია. როგორც იცით, პარალელურად სხვა შეზღუდვებიც არის შემოღებული,  განსაკუთრებით ფიზიკური პირების კუთხით. ფიზიკური პირების პორტფელი უკვე რეალურად 70%-ზე მეტია (ეროვნულ ვალუტაში), აქ უფრო მეტად საუბარია კორპორაციულ სესხებზე.

300 000-იანი ზღვარის შემოტანა, თავის დროზე, საჭირო გახდა იმის გამო, რომ რეალურად ლარიზაციის პროცესი 2023 წელს შენელებული იყო. ამიტომ დროული რეაგირება მოახდინა ეროვნულმა ბანკმა", - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ლარიზაციის კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ სპეციალისტებიც, რომლებიც ამავე დროს საპროცენტო განაკვეთების გაზრდილ მაჩვენებლებზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, სესხებზე განაკვეთები იყოს ადეკვატური, რაც ჯერჯერობით საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა და საკრედიტო რესურსის მკვეთრ გაძვირებას იწვევს.

ფინანსური ბაზრის მკვლევარმა ვახტანგ ხომიზურაშვილი ადასტურებს, რომ ლარში გასაცემი კრედიტების ზღვარი შესაძლებელია კიდევ გადაიხედოს, მაგრამ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

,,რეალურად ლარში უფრო მიზანშეწონილია მომხმარებლისთვის სესხის მიღება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. მთავარია, საპროცცენტო განაკვეთები ადეკვატური იყოს, ვინაიდან ბანკები თავს იზღვევენ და საპროცენტო განაკვეთები ერთი-ორი პუნქტით უფრო მაღალია ხოლმე, ვიდრე ოპტიმალური მაჩვენებელია. ვფიქრობ, სებ-ის გადაწყვეტილება ლარის კურსზე დადებით ზემოქმედებას მოახდენს და ასეც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ალბათ, მიზანშეწონიოლი იქნება ზღვარი გადაიხედოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. თანმიმდევრულად გაზარდონ ლიმიტები რაც დაწესებული აქვს სებ-ს სესხებზე საპროცენტო განაკვეთების მიმართულებით", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხომიზურაშვილმა.

ფინანსური ბაზრის მკვლევარს მიაჩნია, რომ გადასახედია საფონდო ბაზარიც და კომპანიების მიერ გამოშვებული  ობლიგაციები ნომინირებული იყოს ლარში და არა დოლარში, რაზეც ეროვნულმა ბანკმა ადრე თუ გვიან, მუშაობა უნდა დაიწყოს.

,,კომპანიები ობლიგაციებს უშვებენ დოლარში, რაც სწორად არ მიმაჩნია. წესით, თუკი აქცენტი ლარიზაციის პროგრამაზეა გაკეთებული, ობლიგაციებიც ლარში უნდა იყოს ნომინირებული და არა დოლარში. აქედან გამომდინარე, ეს მომენტიც ეროვნული ბანკის კომპეტენციაშია. მიზანშეწონილი იქნება, ამაზეც დაფიქრდეს სებ-ის ხელმძღვანელობა, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი დეპარტამენტი, რომ ნებისმიერი ჩვენი კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციები იყოს ლარში და არა დოლარში.

ცხადია, როდესაც ფინანსური ორგანზიაციები დოლარში უშვებენ ობლიგაციებს, უცხოური ინსტიტუტებიც იძულებული იქნებიან კონვერტაცია ლარში მოახდინონ, რაც კურსზე დადებითად იმოქმედებს. ბანკებიც უფრო დაინტერესდებიან, რომ დეპოზიტების ხვედრითი წილი ლარში გაზარდონ, რაც ასევე დადებითად იმოქმედებს ლარიზაციაზე", - დასძინა ,,რეზონანსთან" ვახტანგ ხომიზურაშვილმა.

იპოთეკური სესხების პორტფელი 10.4 მლრდ ლარს აღემატება. სებ-ის სტატისტიკით,  ყოველთვიურად 4 200–დან 4 500-მდე სესხი გაიცემა. 2023 წლის ყველაზე  დატვირთული თვე ივნისი იყო, 5 200 დამტკიცებული სესხით, საიდანაც უცხოურ ვალუტაში მხოლოდ 400 ერთეული გაიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×