როგორი იქნება გაცვლითი კურსი 2024 წლის განმავლობაში და რას ელოდებიან ფინანსისტები?
ქეთო გოგოხია
15.01.2024

ლარის კურსისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებით დაიწყო. გამყარების ტენდენცია, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, გრძელდება და უკვე იანვრის შუა რიცხვებისთვის კურსი 2,65-ის ფარგლებშია. სპეციალისტების ნაწილი პროგნოზს არ უშინდება და პირდაპირ აცხადებს, რომ ლარი იპოვის წონასწორობის ახალ ნიშნულს და ეს იქნება 2,60-2,65-ის ფარგლებში. ლარის სტაბილურობის განმსაზღვრელი თითქმის ყველა ეკონომიკური პარამეტრი მწყობრშია და გამყარების პროცესს ფაქტობრივად არაფერი უშლის ხელს როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ამ ეტაპზე კურსი ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე 2,65-ის დონეზეა. მიაღწევს თუ არა 2,60-იან ნიშნულს, ჯერჯერობით ვარაუდი უჭირთ, თუმცა რეალური საფუძველი გამყარებისთვის აშკარაა, რასაც არავინ უარყოფს.

ასეთ პოზიტიურ ფონზე გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციებში საუბრობენ ფაქტორებზე, რაც ლარის გამყარების განმსაზღვრელია. "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას შეფასებით, ლარის კურსზე ამჟამად რამდენიმე ფაქტორები მოზმედებს. კერძოდ,  მიგრაციის ეფექტის ეტაპობრივი შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია;  სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციაში, როგორც ჩანს, იკვეთება სეზონური გაუფასურების მოლოდინი. ამასთან, ბოლო პერიოდში, თვე-თვეზე გაანგარიშებით, ვალუტის დეპოზიტების ზრდა უფრო მეტია, ხოლო საკრედიტო აქტივობის კუთხით, ლარში გაცემული კრედიტები სჭარბობს.

,,ისტორიულად, მსგავსი განვითარება ხშირად ლარის გაუფასურებას იწვევდა, თუმცა, სადღეისოდ ეს ტენდენცია არ ჩანს. ასევე საყურადღებოა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, როდესაც სებ-მა 155 მილიონი დოლარი გაყიდა, ნოემბერში ინტერვენციები უკვე საკმაოდ ზომიერი - მხოლოდ 15 მილიონი დოლარი იყო. ლარის სასარგებლოდ მოქმედებს საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის გრძელვადიანი განაკვეთების გარკვეული შემცირებაც", - განაცხადა ამ რამდენიმე დღის წინ ოთარ ნადარაიამ კვირის მიმოხილვაში.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მთავარმა ეკონომისტმა აღნიშნა, რომ სავალუტო შემოდინებების კუთხით სეზონურობის არგუმენტები არსებობს, თუმცა რეალურად გაცვლითი კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

 დადებითია ,,გალტ ენდ თაგარტის” პროგნოზიც, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

„საქართველოს ეკონომიკა ზრდას აგრძელებს. ინფლაციის კლებამ, 2024 წელს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა უნდა მოგვცეს. დოლარის საგარეო შემოდინება კი ლარის სტაბილურობის საშუალებას იძლევა. ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ზრდის პერსპექტივა აქვს, ვინაიდან 2024 წელს იგი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, მომხმარებელთა და ბიზნესის ნდობის გაძლიერებით იწყებს “, - ნათქვამია ,,გალტ ენდ თაგარტის” ანგარიშში.

ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვთ ექსპერტებსაც. საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ლარის გამყარების ფაქტორებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამყარების დინამიკა გრძელვადიან პერიოდშიც უცვლელად შენარჩუნდება.

,,ლარზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ამ ეტაპზე ბაზრის მოინაწილეების აქტიურობა დაბალია, დასვენების დღეებია, სავალუტო შემოდინებებიც არ არის აქტიური, არ ხდება  ვალუტის გადინება და გამყარებისთვის რეალურად მეტი გარემოებაა.  აღსანიშნავია, რომ  სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შემცირდა. ეს არის სხვაობა ექსპორტ-იმპორტს შორის. ამ კუთხით დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას სავალუტო კურსზე.

წინა წლებში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი რუსეთიდან ტრანსფერები და ახლა ნორმალურ დოლეზეა. რამდენადაც ვიცი, ამ მაჩვენებელმა  70 მილიონი დოლარი შეადგინა დეკემბერში. სავალუტო ტრანსფერებს გზის პერსპექტივა აქვს ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან და ნელ-ნელა ჩნდება სხვა ქვეყნები, მათ შორის, ირლანდია და ა.შ. ამდენად, სავალუტო ტრანსფერები მატების ტენდენციას ინარჩუნებს და ესეც ლარის სტაბილურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელია", - განაცხადა თუთბერიძემ და დასძინა, რომ მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიც ამ მიზანს ემსახურება და მიმართულია კურსის გამყარებისკენ, რაც ცალსახად დადებითია.

,,ზუსტი მონაცემები არ არის, თუმცა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება ინფორმაცია საგადასახდელო ბალანსთან დაკავშირებით, რაც აგრეთვე პოზიტიურია. არაერთი ფაქტორია, რაც ლარის გამყარებაზე იმოქმედებს ამ პერიოდში და სამომავლოდაც. რა ნიშნულს დაიჭერს ლარი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.  ორი რამ არის, რაც პროგნოზს არ ექვემდებარება: ლარის კურსი და საპროცენტო განაკვეთები. როგორი იქნება ეს მაჩვენებლები საშუალო და ხანგრძლივ პერიოდში, კონკრეტულად როგორ შეიცვლება, ამას ვერავინ იტყვის.

ბიუჯეტი მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია. საქართველოს მთავრობა ცდილობს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას, ესეც, გარკვეულწილად, დადებითად მოქმედებს გაცვლით კურსზე. კიდევ ბევრი ფაქტორია, რისი გავლენაც შეიმჩნევა. ამრიგად, ჯერჯერობით ყველა პირობაა, რომ ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც შეიძლება პოლიტიკურმა ან სხვა სახის აქტივობებმა გამოიწვიოს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" თუთბერიძემ.

მისგან განსხვავებით, პროგნოზს არ უშინდება სპეციალისტების მეორე ნაწილი.  ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე ფიქრობს, რომ ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა. მისი შეფასებით, 2,60-2,65 -ის ფარგლებში იმერყევებს ლარი სამომავლოდ, თუმცა დრო და დრო შეიძლება უფრო დაბლაც ჩამოვიდეს. ლარის გამყარების საფუძველს ეკონომისტი ეკონომიკურ სტაბილურობაში ხედავს, რასაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

,,პროგნოზი, რომ 2023 წლის ბოლოს კურსი იქნებოდა 2,70-ის ფარგლებში, პრაქტიკულად, ახდა. ეს ემყარებოდა მაკროეკონომიკური წონასწორობის მაჩვენებელს, რომელიც ეხება ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსსაც. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი. ფულადი გზავნილების გავლენა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ასევე გამყარების განმსაზღვრელი ფაქტორია. რთულია პროგნოზი, თუმცა იანვარშიც მოსალოდნელი იყო 2,65-ის ფარგლებში გვექნებოდა გაცვლითი კურსი და ესეც სახეზეა.

აქედან გამომდინარე, მოლოდინი საიმედოა. საბოლოდ ლარის წონასწორობის ახალ წერტილს იპოვის და ეს შეიძლება 2,60-2,65 იყოს. გაუფასურებას კი ნამდვილად არ ველოდებით. რაღაც პერიოდში შეიძლება ლარმა რყევა განიცადოს, მაგრამ სტაბილურობას ამით არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ლარის სტაბილურობა გარანტირებულია რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშიც, რაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის დამსახურებაცაა.

,,გლობალური მდგომარეობის პირობებშიც კი საქართველოს ეკონომიკა იზრდება და გვაქვს სტაბილური კურსი, რაც ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა. როცა ეკონომიკაში მდგომარეობა და მოლოდინიც არის დადებითი, სავალუტო ბაზარზეც ადეკვატურ ასახვა ხდება. ეკონომიკურ ზრდა, ფაქტობრივად, გარანტირებულია, ტურიზმიც დინამიკურად ვითარდება და იზრდება შემოდინებები, ამ კუთხით ყველა კომპონენტი პოზიტიურია და იძლევა საფუძველს, რომ ეს მოცემულობა ხანგრძლივ პერიოდშიც  შენარჩუნდეს", - აღნიშნა ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×