"ადრე ჩვენ ვრეკავდით, ვეძებდით ვის ჰქონდა ბინა გასაყიდი ან გასაქირავებელი, დღეს კი მფლობელები გვიკავშირდებიან და გვთხოვენ დახმარებას"
ირმა ჩიტაია
11.01.2024

საქართველოში, თავის დროზე, მოზღვავებულმა მიგრანტებმა ბინების გაქირავების ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინეს. ფასებიც უმართავი გახდა და დაქირავებაც ძალიან გაძვირდა. დღეს კი, ქვეყანაში მიგრანტების იმდენად მიზერული რაოდენობა დარჩა, რომ მათ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა აღარ შეუძლიათ. ამიტომ მზარდი მოთხოვნა პრაქტიკულად აღარაა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ ქმნიან წნეხს ამ სფეროში და შესაბამისად, ბაზარი ქირა-იჯარის მიმართულებით თითქმის ძველ მდგომარეობას უბრუნდება.

ზამთრის პერიოდში აღნიშნული სექტორი ისედაც ნაკლებად აქტიურია. იანვარი, თებერვალი და მარტი ისედაც პასიური პერიოდია და ამიტომაც თვალში საცემია ქირაზე ფასების კლებაც. ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება,,გალტ ენდ თაგარტის” უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა. ორგანიზაციამ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც გამოთქვა მოსაზრება, რომ უძრავი ქონების დაქირავების ფასი 2024 წელს 20-25%-ითაც კი შეიძლება შემცირდეს.

„ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების, მიგრაციის პოტენციური შენელების და მიწოდების ანალიზის გათვალისწინებით, 2024 წელს მოსალოდნელია უძრავი ქონების გასაყიდი ფასების სტაბილიზაცია. ფასების შესამჩნევი ზრდა 2021 წლიდან დაიწყო, რაც თავიდან სამშენებლო მასალების გაძვირების შედეგი იყო, რასაც თან დაერთო ხელფასების ზრდაც და მიგრანტების შემოდინებით გაზრდილი მოთხოვნა.

მიგრანტებს გავლენა ჰქონდათ ქირის ფასზეც, რომელიც 2022 წლის მარტიდან თითქმის გაორმაგდა, თუმცა 2023 წელს კლება დაიწყო და პიკურ ნიშნულთან შედარებით 6 პროცენტით გაიაფდა. 2-24 წელს კი შესაძლოა, 20-25%-ითაც კი შემცირდეს", - აღნიშნა „გალტ ენდ თაგარტის" უფროსმა ანალიტიკოსმა.

საინტერესოა, რა ტენდენცია გამოიკვეთება 2024 წლიდან და მართლაც დაიკლებს თუ არა საიჯარო გადასახადი უძრავ ქონებაზე? როგორია მოთხოვნა ბაზარზე და დაუბრუნდება თუ არა ქირის ღირებულება ძველ ნიშნულს? ამ კითხვებით ,,რეზონანსმა” უძრავი ქონების სააგენტო ,,კიბეს” ხელმძღვანელ ნელი გოგუაძეს მიმართა. მან დაადასტურა, რომ ქირის ფასი მიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოსვლამ ხელოვნურად გაზარდა. ახლა ნაკადმა საგრძნობლად იკლო, ბევრიც ქვეყნიდან გავიდა და მოთხოვნაც შემცირდა. ამ ფონზე ფასი ძველ ნიშნულს უბრუნდება.

,,ბინის ქირის ღირებულებამ ნამდვილად იკლო, რადგან ამ ეტაპისთვის, მოთხოვნა ნაკლებია, ვიდრე მიწოდება. გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია, ძნელი სათქმელია. ამის ზუსტი პროგნიზირება შეუძლებელია. საიჯარო გადასახადო ხელოვნურად გაიზარდა. ეს მიგრანტების დიდი რაოდენობით შემოსვლამ განაპირობა. ბუმმა კარგა ხანია გადაიარა. ქვეყნიდან გავიდნენ მიგრანტები და სიტუაციაც ჩაცხრა. ადრე თუ ვრეკავდით, ვეძებდით ვის ჰქონდა ბინა გასაყიდი ან გასაქირავებელი, დღეს პირიქითაა, ბინების მფლობელები გვიკავშირდებიან და გვთხოვენ დახმარებას. რუსების, ბელორუსების, უკრაინელების შემოდინება მინელდა. აღარაა ნაკადი და მოთხოვნამაც იკლო“, - განაცხადა ნელი გოგუაძემ.

ხელოვნურად გაზრდილი ბინების ქირის ფასების კლება საგრძნობია, მაგრამ ბიუჯეტური ბინების მოძიება დამქირავებლისთვის, მაინც პრობლემას წარმოადგენს. ბაზარზე ასეთი ფართებზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება.

"როცა ვსაუბრობთ უძრავი ქონების ფასებსა და ტენდენციებზე, ყოველთვის უნდა მივიღოთ მხედველობაში ის ფაქტი, რომ ფასების რყევა განსხვავებულია ლარსა და დოლარში, ეს ნიშნავს, რომ ფასთა ცვლილების პროცენტული მაჩვენებელი ეროვნულ ვალუტასა და დოლარში განსხვავებულია და მხოლოდ  კურსთა სხვაობაზეა დამოკიდებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქირაზე ფასის კლების ტენდენცია საცხოვრებელ ბინებსა და საკუთარ სახლებზე ყველა მიმართულებით გამოიკვეთა. ეს ეხება როგორც საშუალო ბიუჯეტურ, ასევე პრემიუმკლასის ბინებსაც, ოღონდ განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლით, რადგან მაღალბიუჯეტიან სეგმენტზე მოთხოვნა ყოველთვის იყო და ასეა დღესაც" - აღნიშნა ,,ჯეორეალითის" დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ.

იგი ადასტურებს, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების დაქირავების ფასი ბოლო პერიოდში შეიცვალა, რადგან იკლო მოთხოვნამ, თუმცა ბიუჯეტური ბინები მაინც არ არის მარტივი მოსაძიებელი.A

"პრემიუმ კლასის სეგმენტზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, არის და რჩება, რადგან საელჩოები, საეთაშორისოკომპანიები სწარმომადგენლები და ა.შ. ყოველთვის ქირაობენ ამ კატეგორიის ბინებს. ამიტომ, აქ დიდი განსხვავება ფასებში არ შეინიშნება.

რაც შეეხება დღევანდელ ტარიფებს, თუკი შევადარებთ იმ მოცემულობას, რაც იყო რუსეთიდან სრულიად უკონტროლო მიგრაციის პირობებში, დღეს მოთხოვნა ნამდვილად შემცირებულია და ამიტომ საიჯარო გადასახადის კლების ტენდენციაც გრძელდება. ცხადია, რომ ქირაზე მოთხოვნა შემცირდა და ფასებიც თანდათან ლოგიკურ ჩარჩოში ჯდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაია გამზარდიამ.

მისივე თქმით, ფასების შემცირების მიუხედავად, ბაზარზე ბიუჯეტური ღირებულების მქონე ბინების მოძებნა, მაინც რთულია. ფასებმა, უბნების მიხედვით, ყველა რაიონში კლება განიცადა, ოღონდ სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლებით.

,,ცვლილება უბნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითისთვის, თუ ვაკეში წინა პერიოდში ნახტომისებურად გაიზარდა უძრავი ქონების ფასი, ცხადია, ახლა პროცენტულად მეტი ვარდნა აქვს, მაგრამ დიდ დიღომში შედარებით ნაკლები პროცენტით გაიზარდა, ამ ეტაპზე იქაც კლებაა, მაგრამ ნაკლები სხვაობით. ეს ეხება საშუალო ბიუჯეტიან ბინებს და არა პრემიუმ სეგმენტს.

რაც შეეხება დაბალ ბიუჯეტურ ბინებს, ეს ჩემი სეგმენტი არაა, მაგრამ ვიცი რაც ხდება ბაზარზე. ამ მიმართულებით მოთხოვნა სულ არის და ასეთი ბინები ცოტაა ბაზარზე.

სამომავლოდ როგორი ტენდენცია იქნება ამ კუთხით, ძალიან მარტივი განსასაზღვრია. თუ მოიმატებს საქართველოში მოთხოვნა ბინის დაქირავებაზე, ფასიც გაიზრდება, ხოლო თუ ნაკლები მოთხოვნა იქნება, ფასებიც შედარებით სტაბილური გახდება", - განაცხადა ,,რეზონანსთან" საუბრისას მაია გამზარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×