"ბევრი ისეთი მონაკვეთია, სადაც არ არის საჭირო ზამთრის საბურავები, რადგან, როცა ტემპერატურა 8 გრადუსს ზემოთაა, შეიძლება მან უკუეფექტი გამოიწვიოს"
ქეთო გოგოხია
10.01.2024

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან დაკავშირებული რეგულაცია დაწესდა ისე, რომ არც სექტორი, არც მძღოლები ამისთვის რეალურად მზად არ იყვნენ. მიუღებელია პირობები, რის დაკმაყოფილებაც მძღოლებს უწევთ, მათ შორის, საგზაო მონაკვეთებთან დაკავშირებითაც. როგორც აღმოჩნდა, საავტომობილო მნიშვნელობის გზაბის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და შესულია ბევრი ისეთი ზონა, სადაც, წესით, აკრძალვა არ უნდა მოქმედებდეს.

რეგულაცია შემუშავდა ისე, რომ ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული. როგორც "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ აღნიშნა, რომ  არც ერთი მათგანი არ მონაწილეობდა კანონპროექტის შმუშავების პროცესში და მათი პოზიცია მთლიანად იგნორირებულია. იგი კორუფციული გარიგების ნიშნებზეც ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ მთავრობა პირდაპირ შეეკრა საბურავების იმპორტიორ მსხვილ კომპანიებს და მათი ინტერესების ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

,,როცა პარლამენტი მუშაობს ისეთ კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებულია  საგზაო უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიასთან და სხვა, კანონმდებლობის შემუშავებისას უნდა ჩაერთოს  სპეციალისტები და ექსპერტები. საქართველოში ამ დარგის სპეციალისტი ძალიან ცოტაა. არც ერთი ამ კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდა, არც ერთი არ მიუწვევიათ და რჩევა არ უკითხავთ. ეს არის დანაშაული და თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს და მის ხელმძღვანელობას.

ეს გადაწყვეტილება დიდი  ალბათობით ნაკარნახევია კერძო სექტორიდან, იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც არიან  საქართველოში ძირითადი იმპორტიორები, სჭირდებათ საბურავების რეალიზაციის გაზრდა.  საბოლოოდ ეს არის  დიდი გარიგების შედეგი, როცა კერძო კომპანიებს ლობირებენ პარლამენტში და ასე გაუცნობიერებლად იწყებენ კანონპროექტის შემოღებას და აღსრულებას", - განაცხადა ვასო ურუძაძემ და დასძინა, რომ რეგულაციებში არის ასევე რიგი დარღვევები და ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს დამოკიდებულება საგზაო უსაფრთხოების მიმართ.

,,იმდენად ბევრი დარღვევაა, რომ დადებითი ეფექტის ნაცვლად, ამას  შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი შედეგი. ზამთრის საბურავის გამოყენებამ მაშინ, როცა ტემპერატურა 8 გრადუსს ზემოთაა, შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს და შეამციროს სამუხრუჭე მანძილი. ამით კი მძღოლმა  ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება ვერ შეძლოს. ამიტომ  საჭირო იყო ამ ყველაფერში ექსპერტების ჩართვა და შესაბამისი რჩევების და რეკომენდაციების გათვალსიწინებით კანონის მიღება. თუმცა მოტივი ამ შემთხვევაში  არა სატრანსპორტო უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაა,  არამედ კორუფციული ინტერესებით მიღებული შემოსავლები.

ხარვეზია საგზაო მონაკვეთებთან დაკავშირებითაც, ბევრი ისეთი ადგილია, სადაც არ არის საჭირო ზამთრის საბურავების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა მძღოლებს ვალდებულება მაინც დააკისრეს.  ყველაფერი ეს გამოწვეულია იმით, რომ  ზედაპირულად მიიღეს კანონი", - განუცხადა ,,რეზონანსს" ურუშაძემ.

საბურავებთან დაკავშირებული რეგულაციების ფორმა მიუღებელია სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებისთვისაც. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მოუმზადებელად შემუშავდა კანონპროექტი. როგორც ,,გრინლაით კონსალტინგის" დამფუძნებელმა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რატომ არ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ექსპერტებს.

,,ცვლილება, რომელიც გამოვიდა და მილიონზე მეტ მძღოლს შეეხო, არის მოუმზადებელი, მოუფიქრებელი. სამწუხაროდ, კომპეტენციის ნაკლებობა იგრძნობა. მხოლოდ ის ჩაწერო, რომ საბურავზე ფიფქი იყოს, არ არის საკმარისი. თვითონ იდეას, რომ ზამთარში ავტომობილებმა შესაბამისი საბურავებით უნდა იმოძრაონ არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ იმ ფორმით რა ფორმითაც ის გავრცელდა, არასწორია. დაახლოებით სამოყვარულო დონეზე შექმნილი პროექტია,“- აღნიშნა მესხიშვილმა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ზამთრის საბურავების გარკვეული დეფიციტი შეიმჩნევა. მგზავრების გადამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ზომები მიღებული აქვთ და  ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებენ. თუმცა კერძო მძღოლებისა და ტაქსისტების ნაწილი დეფიციტზეც საუბრობს და სიძვირეზეც.

პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ტაქსის მძღოლი ვანო გამყრელიძე, რომელმაც ,,რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ზამთრის საბურავის შეძენას ვერ ახერხებს, რის გამოც რეგიონების მიმართულებით ვეღარ გადაადგილდება.

,,მცირე კომპანიებში ზამთრის საბურავს რეალურად ვერ იშოვით. ფასები იმდენად მაღალია, რომ რეალურად ვერ გავწვდი ამ ხარჯს. მსხვილ იმპორტიორებთან ისედაც ვერ ვყიდულობთ ავტონაწილებსა და საბურავებს, იმდენად სიძვირეა, ხოლო მცირე კომპანიებში საკმარისი მარაგი არ აქვთ. პირადი საჭიროების შემთხვევაშიც ვერ გავდივარ დედაქალაქის იქით, იმდენად ვრცელი არეალი მოიცვა რეგულაციამ, ფაქტობრივად, ვერსად ვმოძრაობ, დიდი დისკომფორტი შგვექმნა", - უთხრა ,,რეზონანსს" ვანო გამყრელიძემ.

ცვლილება ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა, რომლის თანახმადაც, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×