"ვითარება შეიცვალა, ახლა არასახარბიელო მდგომარეობაა, გაუფასურების ტენდენცია მომდევნო თვეებშიც იქნება“
ქეთო გოგოხია
16.10.2023

ლარის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება, რაც ბიზნესისა და ეკონომიისთვის რისკებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მყარდებოდა და ტენდენცია სტაბილურად ნარჩუნდებოდა, ახლა ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა და გაუფასურების გზას დაადგა. ჯერჯერობით რაიმე ნიშნები, რაც ამ პროცესს შემოაბრუნებს, არ იკვეთება. გაცვლითი კურსის სტაბილურობა უკვე გამოწვევად იქცა. დიდი ალბათობაა, რომ წლიურ ჭრილში გაუფასურებული ლარი მივიღოთ, თუმცა სპეციალისტები არ ფიქრობენ, რომ კურსი შარშანდელ ნიშნულს დაუბრუნდება. 

ამ ეტაპზე ლარი თითქმის მიუახლოვდა 2,70-იან ნიშნულს და ფაქტობრივად, 05 თეთრიღა აკლია, რომ 2022 წლის დეკე,ბრის ბოლო დღეების ნიშნულს გადააჭარბოს. ასე თუ გაგრძელდა, ლარი უკვე დიდ პრობლემას შეუქმნის როგორც ბიზნესს, ასევე ხელისუფლებას, რომელსაც წინ არჩევნები ელოდება. საფრთხე მით უფრო რეალურია იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ბანკს უკვე საკმაოდ რეზერვი აქვს გაყიდული და გამყარება მაინც ვერ ხერხდება. ლარის სტაბილური დერეფანი მთავრობამ ვერ მოძებნა, ჯერ გაუაზრებლად მყარდებოდა და ახლა უკვე გაუფასურების გზას ადგას. არის ალბათობა, რომ ლარის მიმართ უნდობლობა მოსახლეობაში ისევ გაჩნდეს განსაკუთრებით მაშინ, როცა წლის ერთ-ერთი რთული პერიოდი წინაა, როცა იმპორტზე მოთხოვნა მკვეთარ იზრდება. ნოემბრის პირველი რიცხვებიდან კონვერტაციები, უცხოურ ვალუტაში მოიმატებს, რაც ლარზე დამატებითი წნეხია.  

ლარის კურსზე ამ ეტაპზე ბევრი რამ მოახდენს გავლენას, მათ შორის ისიც, თუ როგორი იქნება ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომის  მიმდინარეობა, რა გამოწვევები გვექნება ეკონომიკაში, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში და სხვა, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკს ზრდის.

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს რომ კურსის გაუფასურება გაგრძელდება.  როგორც მან ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, 2,75 ის ნიშნულია, რასაც კურსი სავარაუდოდ არ გადააჭარბებს, უარესი სცენარით ეს  2,80-2,85-იანი ნიშნულია.

,,ჩვენი პროგნოზი გამართლდა, ახლა ლარისთვის სიტუაცია არც ისე მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ერევა ინტერვენციებით, გამყარების ტენდენცია ჯერ კიდევ არ გვაქვს.

ყველა ხედავს რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ვფქირობ, ზოგიერთი ინვესტორი აპირებს ქვეყნდიან გასვლას, რის გამოც გარკვეულ ტრანზაქციებს აკეთებს, რაც დამატებითი წნეხია ეროვნული ვალუტისთვის. ყოველ შემთხვევაში, ახლა ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა.

ახლო  აღმოსავლეთში ომის მასშტაბი თუ გაფართოვდა, ეს აუცილებლად აისახება  საქართველოზე და მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მთავრობამ გააკეთა  ყველაფერი, რაც შეეძლო. თუმცა რამდენიმე არასასურველი ფაქტის მომსწრე გავხდით. პირველ რიგში, ეროვნული ბანკის  ხელმძღვანელი დემარში იყო. ვერ ვიტყვი, რომ ისინი შეუცვლელები იყვნენ და ამით ეკონომიკა ძალიან იზარალებს, მაგრამ  გარკვეული საბოტაჟის ნიშნები იკვეთება თვითონ კომერციული ბანკების მხრიდან.

ვფიქრობ, ლარის კურსი 2,75-ს არ გადააჭარბებს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რისკი მაღალია. ცუდია, როდესაც ამდენი ვალუტა შემოდის ქვეყანაში და კურსი, 2,65-მდევ ვერ ჩამოსწიეს. სავარაუდოდ, 2,80-2,85 იქნება მაქსიმალური კურსი, მაგრამ პარალელურად ველოდებით როგორ განვითარდება სიტუაცია. გავაკეთებთ პროგნოზს, როცა კურსი 2,75-იან მაჩვენებელს მიუხალოვდება“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

იგი არ ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდება. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.

,,არ მგონია ლარი გაუფასურებული დარჩეს გრძელვადიან პერიოდში, თუკი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მასშტაბი გაიზრდება და ამერიკას მოუწევს ჩართვა, ეს გამოიწვევს დოლარის სისუსტეს, მაგრამ ევრო გამყარდება.

ჯერჯერობით ეს სიტუაციაა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაზე ცუდი სცენარია, თუ ირანი ჩაერთვება ამ ომში. ჯერჯერობით არ ჩანს ნიშანი, რომ ლარმა შეიძლება შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს“, - დასძინა შენგელიამ.

პროგნოზი უჭირს, თუმცა ლართან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინი აქვს ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილს. ბაზარს ჯერჯერობით ნეგატიური სიგნალი მიეწოდება, რაც ლარის კურსზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს და პერსპექტივას გაურკვეველს ხდის.

,,ამ ბოლო პერიოდში სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული ეროვნული ბანკის მხრიდან. ის, რომ  სავალუტო ფონდი გავიდა საქართველოდან, ამან თავისი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა  ინვესტორებზე და შესაბამისად, ლარის კურსზეც. ლარი გაუფასურებულია და სანამ ბაზარს პოზიტიური სიგნალი არ მიეცემა, კურსის გამყარების ალბათობა ჯერჯერობით მცირეა. შესაძლებელია, ეს ვითარება განეიტრელდეს უცხოეთიდან გზავნილებითა და ტრანსფერებით, მაგრამ ჯერჯერობით ამის თქმა შეუძლებელია.

მეტი მოლოდინია, რომ ნელა, მაგრამ კურსი გაუფასურდება. არ მგონია ფინანსურ  სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს, იგი შენარჩუნებული იქნება, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა, ლარმა განაგრძოს გაუფასურება. კონკრეტლად რა ნიშნულზე, ამის თქმა საკმაოდ რთულია, არ ვიცით, ზამთარში რა ფაქტორები დაიწყებს მოქმედებას. ბევრი რამ დამოკიდებულია  მიმდინარე მოვლენებზე, რა მოხდება მსოფლიოში.

იმ მოვლენების ზეგავლენის ქვეშ ვართ, რაც ჩვენს მეზობლად და გარშემო ხდება. მკვეთრ ცვლილებას არ ველოდები, თუმცა ვფიქრობ, გაუფასურების ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაშიც გვექნება“, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.

რაც შეეხება სეზონური იმპორტის ზრდასან დაკავშირებით მოსალოდნელ ტენდენციას, ფინანსისტის შეფასებით, ეს ფაქტორი ლარის სტაბილურობაზე ნაკლებად იმოქმედებს, ვინაიდან  ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს ექსპორტსაც და ამან შეიძლება იმპორტის უპირატესობა  გადაფაროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×