რა გაგრძელება ექნება ექსპრეზიდენტის პირველ დაპირისპირებას თავის ყოფილ თანამოაზრეებთან და როგორ აისახება ეს პარტიების რეიტინგებზე
თამთა ჩაჩანიძე
14.04.2024

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის" დაკვეთით „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებულ კვლევას „საუკუნის ანეგდოტი" უწოდა. კვლევაში ოთხი პარტია ლახავს 5%-იან ბარიერს და „ახალს" დაფუძნებიდან მალევე, ქართული პოლიტიკური რეალობისთვის საკმაოდ მაღალი - 13%-იანი მხარდაჭერა აქვს. რამდენად რეალისტურია ასეთი შედეგი და რა მოჰყვება სააკაშვილის პირველ დაპირისპირებას ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გუნდთან?

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კვლევას ენდობა, თუმცა „ახალის" რეიტინგი მისთვისაც მოულოდნელი იყო. მისივე აზრით, „ახალის" რეიტინგი შესაძლოა ენმ-დან გადაყოლილი ხმებია. ანალიტიკოსი იხსენებს „ევროპული საქართველოს" მაგალითს და ამბობს, რომ მათაც 2017 წლისთვის საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდათ, თუმცა როგორც კი პარტიის ლიდერებმა საკაშვილის მწვავე კრიტიკა დაიწყეს, მათ მხარდამჭერთა რიცხვმა იკლო. შესაბამისად, თუ სააკაშვილმა „ახალის" კრიტიკა გააგრძელა, ეს რეიტინგიც დაეცემა, რადგან ამ ელექტორატშიც შესაძლოა ბევრი იყოს ისეთი, ვინც სიმპატიითა განწყობილი სააკაშვილის მიმართ.

რას ამბობს სააკაშვილი და რა კვლევა დადო „მთავარმა"

„გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი. ჩვენ გავიმარჯვებთ! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია", - დაწერა კვირას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

წინა დღით კი „მთავარმა არხმა" პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ISSA-ს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება" - 37.4%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 18.8%;

„ახალი" - 13.8%;

„გახარია - საქართველოსთვის" -5.2%;

„ლელო" - 4.7%;

„ლეიბორისტული პარტია" - 2.7%;

„ევროპული საქართველო" - 2.3%;

„კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო" -2.2%;

„მოქალაქეები" - 2.2%;

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" -2.1%;

„ხალხისთვის" - 1.8%;

„გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა" - 1.7%;

„გირჩი" - 1.7%;

„სამართლიანობისთვის" - 0.7%;

„ხალხის ძალა" - 0.6%;

„პატრიოტთა ალიანსი" - 0.6%;

„ერი" (ერთობა, რაობა, იმედი) - 0.5%;

„რესპუბლიკური პარტია" - 0.4%;

„კანონი და სამართალი" - 0.3%;

სხვა პარტია - 0.3%.

არხის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1-10 აპრილის შუალედში.

„ახალის მაღალი რეიტინგი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო"

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნულ კვლევას ენდობა, თუმცა მოულოდნელი იყო „ახალის" 13 %-იანი მხარდაჭერა.

„ახალის" ასეთი მაღალი რეიტინგი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ მე არ მაქვს საფუძველი იაგო კაჭკაჭიშვილის ჩატარებულ კვლევას არ ვენდო. ამ ადამიანს ვენდობი და მისი კვალიფიკაციაც ჩემთვის ცნობილია. იქ აშკარად ჩანს, რომ ეს „ახალი" პლიუს „ნაცმოძრაობის" გაყოფილი ხმებია, ანუ ენმ-დან ბევრი გაჰყვა მელიასაც და გვარამიასაც.

„სააკაშვილმა ეტყობა იმიტომ განაცხადა, რომ აქ არ იყოს ორაზროვნება და ამით მკაფიოდ გამოთქვა, რომ მისი არჩევანი სწორედ „ნაცმოძრაობაა". ასეთ ურთიერთობაში, ცხადია, რაღაც ხმებს დაკარგავენ, თუმცა იმდენსაც არ მგონია, რომ სრული კატასტროფა დაემართოთ.

„თავის დროზე „ევროპულმა საქართველომ" ენმ-ს საკმაოდ ბევრი ხმა წაართვა, მაგრამ მას მერე, რაც მისი პარტიის ლიდერებმა სააკაშვილის მკვეთრი კრიტიკა დაიწყეს, ის მხარდაჭერა დაკარგეს. დღეს ისინი მხარდამჭერებს სრულად სხვა აუდიტორიაში ეძებენ, ანუ არა ენმ-ის ამომრჩეველში.

„აქაც ჯერჯერობით უცნობია რამდენია „ახალის" ამომრჩეველში ისეთი, ვისაც საკაშვილიც უნდა. ალბათ ცოტა არ უნდა იყოს, მაგრამ ზუსტად ალბათ მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, სხვა პარტიების შედეგები რამდენად რეალისტურად გამოიყურება, ზურაბიშვილი ამბობს:

„რეალისტური ჩანს. სხვა პარტიებთან შედარებით, გახარიას პარტია და „ლელო" უფრო დაწინაურებულია და ეს, ასე თუ ისე, სიმართლეს ჰგავს. თუმცა ეს კვლევა ჯერ იქამდეა ჩატარებული, როცა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ხელმეორედ შემოსული არ იყო. კანონის ხელმეორედ შემოტანა სიტუაციას ალბათ შეცვლიდა, თუმცა ხელისუფლების სასარგებლოდ არა.

„თუ სააკაშვილი მყარად იდგება და „ახალის" მიმართ კვლავ მკვეთრი კრიტიკით გამოვა, ცხადია „ახალის" რეიტინგი დავარდება", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×