ნაზი ბერიძე
11.01.2024

უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერს არ დასწევს, რაც არაერთ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში მოხვედრის სერიოზულ პრობლემას უქმნის, რადგან წინა არჩევნებზე ბევრმა მათგანმა 3%-ზე ცოტათი მეტი აიღო და ამის შედეგად მოხვდა პარლამენტში. ბევრი ავტორიტეტული გამოკითხვაც აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბარიერს ორი პარტია ძლევს - „ოცნება" და ენმ, გახარიას პოლიტიკურ ძალას კი ამის სერიოზული შანსი აქვს. დანარჩენების შანსები, რბილად რომ ვთქვათ, მცირეა.

ამას ემატება ის გარემოება, რომ საარჩევნო კანონმდებლობა კოალიციებს კრძალავს და თუ ორი ან მეტი პოლიტიკური ძალა გაერთიანებას დააპირებს, ეს რომელიმე ერთი პარტიის ეგიდით უნდა მოხდეს.

მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი ბარიერის დაწევის იმედს არ კარგავს. მეტიც დეპუტატი ხატია დეკანოიძე სულაც ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის მომხრეა.

„ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის მომხრე ვარ, რადგან ჩვენი მოქალაქეების ინტერესის ასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ბუნებრივი ბარიერი საშუალებას მისცემდა, პოლარიზებულ გარემოში პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ, თუმცა ვხედავთ, რომ დღეს „ქართული ოცნების" ინტერესია, მაღალი ბარიერი შეინარჩუნონ, რათა დამატებითი წინაღობა შეუქმნან ნებისმიერ კოალიციას, რომელიც 2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, ბარიერის დაწევა ამ სიტუციაში გამორიცხულია.

„გამორიცხულია, ვიცი მკაფიოდ, რომ ბარიერს არ დაწევენ. ეს ჩანდა თავიდანვე. და, ამასთან, კოალიცია შეუძლებელია, რადგან კონსტიტუცია გამორიცხავს კოალიციის შექმნას. ანუ, უნდა დაიშალოს პარტიები და ახალი პარტიები შეიქმნას. პარტიები ცალცალკე მიდიან არჩევნებზე, შესაბამისად პარტიები უნდა გამსხვილდნენ და ერთმანეთს შეერწყან. მერე შეიძლება კოალიციები შექმნან პარლამენტში მაგრამ პარლამენტს გარეთ კოალიცია ვეღარ შეიქმნება," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კოალიციის შექმნა უკვე პარლამენტში, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს, რომ ესეც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მმართველ პარტიას, რომელიც, მისი აზრით, არჩევნებს დიდი სხვაობით მოიგებს, მთავრობის დასაკომპლექტებლად საპარლამენტო კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.

„პარლამენტში არის თუ არა შესაძლებელი კოალიციის შექმნა? საკითხავია ამ 5%-იან ბარიერს რამდენი გადალახავს. თუ დაიწევს ბარიერი ბუნებრივ დონემდე, იქ შეიძლება ბევრი პატარა პარტია შევიდეს და რაღაც გაერთიანებები შექმნან პარლამენტში.

„მაგრამ, იმ კონტექსტში, რომ კოალიცია საჭირო გახდეს მთავრობის დასაკომპლექტებლად მაშინ, როცა მმართველი პარტია ამას მარტო ვერ ახერხებს, ახლა ხელისუფლების და ოპოზიციის რეიტინგებს შორის არსებული განსხვავების გათვალისწინებით, მე მგონი, არ არი ამჟამად ასეთი სიტუაცია", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×