ნაზი ბერიძე
11.01.2024

ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და სურვილს გამოთქვამს, ორივე მხრიდან კითხვები დაისვას. თუმცა სახელისუფლებო გუნდში გამორიცხავენ, რომ ივანიშვილი გახარიას რამე მნიშვნელოვან საკითხზე ეკამათოს. იმას, რომ ეს დებატები არ შედგება, „რეზონანსთან"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც ადასტურებს.

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტყუილების გავრცელებაში" ადანაშაულებს. მეტიც, გახარიას აზრით, ივანიშვილი „იწყევლება". ამასთან, ექსპრემიერი მზადაა ივანიშვილთან დებატებისთვის ნებისმიერ ფორმატში.

„სამი წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან, შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების საშუალებით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას აგრძელებს. ხანდახან გავიფიქრებ, მე მგონი, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს. სინამდვილეში, მაგიური ძალა კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხი და გუნდიც, რომ მის სიტყვასაც არანაირი ძალა არ აქვს! სწორედ ამიტომ, ამ წყევლას გააგრძელებს.

„ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად? - მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? - მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? - ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრის პირობებში. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც.

„ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება და ეს იქნება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი..." - ამბობს გახარია.

„ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა გახარიას ჯერჯერობით ხაბეიშვილის გამოწვევას ურჩევს.

„მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს და გამოიწვია ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია, ასე თამამად გამოიწვიოს.

„მანამდე, მე ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვრდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც," - ამბობს ზარქუა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან"კომენტირებისას, ივანიშვილს გახარიასთან საჯარო დებატები არაფერში სჭირდება. ის ამით მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური წონის განმტკიცებას ცდილობს.

„ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ამ ქვეყანაში, სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს განუზომლად მეტი წონა. შესაბამისად, ოპოზიციონერი, რომელიც ამბობს, რომ დავსხდეთ და ღია სივრცეში ვიდებატოთ, ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან დებატის ხარჯზე საკუთარი წონის განმტკიცებას. ეს არის მხოლოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ეს არაფერში სჭირდება. რატომ უნდა იდებატოს, ეს არ წარმომიდგენია", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია", - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ იპნ-თან ექსპრემიერის განცხადება.

თვითონ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" თქვა, რომ ბრალდებების ნაცვლად, საჯაროდ დებატებში უნდა დასხდნენ და ყველაფერზე იქ უნდა ისაუბრონ.

„ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიას მიმართ „მოღალატე" პირველად არ უთქვამს. მანამდე წერილებს წერდა. არ შეიძლება გამოხვიდე, ადამიანს რაღაცები დააბრალო, წახვიდე, აღარ გამოჩნდე და დაიმალო, ეს არასწორია. ჩვენს მოქალაქეებთან ვართ პასუხისმგებელი. თუ რამეს მაბრალებ, უნდა გამოხვიდე, ერთად დავსხდეთ და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ ვინ არის. გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი ფორმატი შესთავაზა. ათას რაღაცას გვაბრალებენ, იწყევლებიან. გამოვიდნენ და ისაუბრონ, აქ არის გახარია. ღალატს პირველად კი არ გვაბრალებენ, ხან „კოკაინშიკობა" დააბრალეს, კიდევ ათასი სისულელე. დაბრალებებს თავი დაანებონ და დასხდნენ, ვნახოთ დებატები. დარწმუნებული ხარ მაშინ, როცა მართალი ხარ", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარია ივანიშვილის დებატები არ შედგება.

„მათ შორის არა მგონია რომ შედგეს დებატები იმიტომ რომ ივანიშვილი იტყვის რომ გახარიასთან სასაუბრო არაფერი არა მაქვს და გახარიაც იგივეს იტყვის... გახარიამ გამოიწვია, მაგრამ ივანიშვილი განაცხადებს, რომ მას არ ექნება სალაპარაკო გახარიასთან. მისი სურვილია, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ გახარიასნაირ ადამიანთან არ დაჯდება დებატებში, ანუ მას თანასწორად არ თვლის",-განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×