ნაზი ბერიძე
09.01.2024

6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე თავისი ბოლო ყოველწლიური ანგარიში უნდა წარადგინოს. რა შეიძლება მოხდეს ამ დღეს? რა სიურპრიზებს და დემარშებს უნდა ველოდოთ პრეზიდენტისგან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციისაგან? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს დღე ექსესების გარეშე არ ჩაივლის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს და ეს თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული.

რეგლამენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნული თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

„ოცნების" და ოპოზიციის მოსაზრებები

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენას ხელი შეუშალოს. აღნიშნულ საკითხზე პარტიაში კომენტარები სამშაბათს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაკეთდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, უმრავლესობა ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილის, რათა საზოგადოებამ სტრატეგიული პარტნიორების ძირითადი გზავნილები არ მოისმინოს

„ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. 2013 წლის 8 თებერვალს მან პრეზიდენტ სააკაშვილს არ მისცა უფლება წარედგინა და საზოგადოებისთვის გაეცნო თავისი წლიური ანგარიში. მარგველაშვილი როდესაც გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა, არ აძლევდა მარგველაშვილს თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, მათ შორის, პარლამენტში. ახლა სალომე ზურაბიშვილის ჯერი დადგა.

„ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია, ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ საზოგადოებამ არ მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ქართველი ხალხის მთავარი ამოცანაა, საქართველო იხილოს ევროკავშირში. პროდასავლური ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას წევრობისკენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

თუმცა, „ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კანონისა და არსებული პროცედურების ფარგლებში მოხდება. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენისას ბოიკოტს გამოუცხადებენ.

„არ მგონია ვინმეს ნათქვამი ჰქონდეს, რომ ბოიკოტს აპირებს. თქვენ იცით სალომე ზურაბიშვილისადმი, მისი ლეგიტიმაციის თაობაზე ჩვენი დამოკიდებულება, თუნდაც მას შემდეგ, როცა მისი მხრიდან კონსტიტუციის უპატივცემულობა ვიხილეთ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია. ამ ყველაფრის ფონზე ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად გამოიყურება.

„ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ჩვენ პროცედურების მიმართ პატივისცემა გვაქვს. არსებობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და, ბუნებრივია, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ მგონია, რომ თქვენ საფუძველი გაქვთ ისაუბროთ იმაზე, რომ ვინმე პრეზიდენტს ბოიკოტს გამოუცხადებს ანგარიშის წარდგენისას. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში შარშან იყო და ანგარიში წარადგინა, თუმცა არ მგონია, რომ ეს ანგარიში იყო, ეს იყო ოპოზიციური ფლანგიდან გაკეთებული განცხადებები", - განაცხადა სარჯველაძემ.

რას ფიქრობენ ექსპერტები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან იქნება ხელისუფლების გარკვეული კრიტიკა, მმართველი პარტიისაგან ამა თუ იმ ფორმით მოსალოდნელია ბოიკოტი, ხოლო ოპოზიცია კი „ოცნების" ქმედებების საპირისპიროდ მოიქცევა.

„გააჩნია ვის რა გეგმები აქვს. ჩვენ დღემდე, შეიძლება ითქვას, ვმკითხაობთ იმის თაობაზე, თუ რას აპირებს ქალბატონი სალომე (საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ). თუ ის შიდა პოლიტიკურ სივრცეში აპირებს გააგრძელოს მოქმედება, მაშინ ერთი ვარიანტია, ხოლო თუ აპირებს (ქვეყნის) გარეთ გააგრძელოს მოქმედება - მეორე. მე მაინც მგონია, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია გარე პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეს გარე პარტნიორები ამჟამად საქართველოს მიმართ კრიტიკულები არ არიან, ვხედავთ ამას და მემგონი პრეზიდენტის პოზიციაც არ იქნება კრიტიკული. ცოტა კრიტიკული ინტონაციები შეიძლება ჰქონდეს იმაზე, სამომავლოდ ევროკავშირის წევრობას შევძლებთ თუ არა, რაც ოპოზიციასაც ატაცებული აქვს - რომ კანდიდატობას მივაღწიეთ, მაგრამ წევრობაზე არის კითხვის ნიშნები დაგროვილი. შეიძლება ეს პოზიცია გაიზიაროს პრეზიდენტმა. სხვა უფრო მკვეთრ განცხადებებს მე პრეზიდენტისგან არ ველი.

„სახელისუფლებო გუნდისგან გარკვეული ბოიკოტი იქნება - შეიძლება არ დაესწრონ ანგარიშის წარდგენას, ან არ წამოდგნენ ფეხზე, როცა შემოვა პრეზიდენტი და ა.შ.

„ოპოზიცია კი გააკეთებს იმის საწინააღმდეგოს, რასაც სახელისუფლებო გუნდი. ერთმანეთის ჯიბრზე მოიქცევიან", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენა ექსესების გარეშე არ ჩაივლის, თუმცა პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა მნიშვნელოვანია.

„იქ იქნება ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკა - რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, რომ ის არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ა.შ.

„რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობა" მაინც და მაინც არ დაიცავს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ რაღაცნაირად პრეზიდენტის ინსტიტუტს მიმართ პატივისცემა უნდა იყოს გამოხატული.

„თვითონ ზურაბიშვილი ილაპარაკებს ევროპულ ინტეგრაციაზე - იმაზე, რომ ხელისუფლება მოიკოჭლებს და ახალი ეტაპი დაიწყო. ერთია კანდიდატის სტატუსის მიღება და მეორეა ევროკავშირის მიმართულებით სვლა", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×