ნაზი ბერიძე
09.01.2024

„ქართული ოცნების’ წესდებაში შეტანილი ცვლილებები, ერთის მხრივ, პარტიაში სიღრმისეულად  არაფერს შეცვლის, მაგრამ, მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარისა და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენელთა თანამდებობები ნომინალური ხდება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსების საუბრობენ იმ ცვლილების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტიისგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება პარტიის საპატიო თავმჯდომარეს გადაეცა.

ბიძინა ივანიშვილი 30 დეკემბერს გამართული „ქართული ოცნების“ მე-7 ყრილობაზე აირჩიეს პარტიის საპატიო თავმჯდომარედ. მანამდე პარტიაში ასეთი თანამდებობა არ არსებობდა და „ქართულ ოცნებაში“ სწორედ ამით ხსნიან პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.

„(პოლიტიკური საბჭო) პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას", -  ნათქვამია „ქართული ოცნების“ განახლებულ წესდებაში. 

ოპოზიციაში აღნიშნულ ცვლილებას მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია. მათი შეფასებით, საკადრო ცვლილებებს „ქართულ ოცნებაში“ ისედაც  ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს და ახლა უბრალოდ ეს ყველაფერი პარტიის წესდებაშიც აისახა.

რა შეიცვალა წესდებაში

„ქართული ოცნების“ ახალი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, „რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე“.

ამავე დოკუმენტით, პარტიის საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი.

ახალ წესდებაში განსაზღვრულია პოლიტიკური საბჭოს ფუნქციები. მათ შორის დოკუმენტში ნათქვამია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი.

წესდების მიხედვით, პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, ან მოწვევა ხდება პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

ახალი წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭო „პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას“.

გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს შეუძლია რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც.

პირველი შეფასებები

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღების შემდეგ აუცილებელი იყო წესდებაშ მისი უფლებამოსილების განსაზღვრაც. შესაბამისად, ამაზე რაღაც შეთქმულების თეორიის აგება არასწორია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ამ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ინსტიტუციურად და ლოგიკურად სწორია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობს იღებდეს და „ის, რაც ნორმალურია, დე იურე პარტიის წესდებაში აისახა“.

„არ მგონია, ვინმეს ამ ყველაფერში სენსაციური ამბის დანახვის მიზეზი ჰქონდეს. ახალი რედაქციის წესდებაში ასახულია, თუ რა ფუნქციის მატარებელი იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარე. მასში სენსაციური და უცნაური არაფერია. ახალი სისტემა ლოგიკური და არგუმენტირებულია.

„ზოგადად, როდესაც საპატიო თავმჯდომარის ინსტიტუტზე შევთანხმდით, გაანალიზება სჭირდებოდა, თუ როგორ იქნებოდა გათვალისწინებული მმართველობის სტრუქტურაში. ეს მმართველობის სტრუქტურაში ზუსტად იმ სახით ჩამოყალიბდა, როგორც ეს წარმოდგენილია წესდებაში. იგივე კითხვა შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირებითაც დასვათ, თუ რატომ გააჩნია პარტიის პოლიტსაბჭოს თუ სხვა სტრუქტურას ესა თუ ის უფლებამოსილება. არ გაგაჩნიათ მიზეზი, რომ ამ ყველაფერში კონსპირაციების თეორიები ეძიოთ.

„რა თქმა უნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს, მისი ავტორიტეტისა და მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, ის ამ პროცესში ჩართული იქნება, რაც არის ნორმალური“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ამით არაფერი იცვლება და მმართველმა პარტიამ, უბრალოდ, არსებული რეალობის ფორმალიზება მოახდინა. როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, წესდების ცვლილების შემდეგ „ოცნებაში“ შიდა დაძაბულობა მოიმატებს, რადგან უკვე აშკარაა, რომ ივანიშვილი თავისი პარტიის წევრებს აღარ ენდობა.

„ოცნებაში“ დარჩენილ ბიჭებს რომ არ ენდობა, მის სიტყვით გამოსვლაშიც კარგად ჩანდა. მას არ სჯერა, რომ ეს ბიჭები შეძლებენ იყვნენ ეფექტურები და დადონ ისეთი შედეგი, როგორიც ბიძინა ივანიშვილს სურს. შავი ფულის როლზე პარტიაში კი ჩვენი გუნდი კარგა ხანია საუბრობს და როგორც ჩანს, აქაც ნდობის ნაკლებობაა „ოცნების“ ბიჭებთან მიმართებით. 

„არის თუ არა წესდებაში ცვლილებები მინიშნება საკადრო ცვლილებებზე, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. თუმცა, მთავარი არის შედეგი. ვერანაირი საკადრო ცვლილება შინაარსობრივად და არსებითად სურათს ვეღარ შეცვლის. სოციალურ ქსელში შემხვდა, ერთ- ერთი მოქალაქე წერდა და ძალიან მომეწონა - ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენამ ოპოზიციისთვის არაფერი შეცვალა, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლებს დაძაბული გამომეტყველება აქვთო. ამას ვიზიარებ მეც და არ შემიძლია აქვე კომენტარი არ გავაკეთო რატის (იონათამიშვილი) განცხადებაზე. ჩვენს გუნდზე უთქვამს, ეს ხალხი ახალ წელს სად შეხვდაო. რატის ვუპასუხებდი, მისი გუნდისგან, „ოცნების“ ე.წ. ლიდერშიფისგან განსხვავებით, ჩვენს გუნდს ძალიან მშვიდად ეძინა, მათ შორის, საახალწლო დღეებში. ზუსტად ვიცი რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ბიჭები. 

„რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არა ღარიბაშვილი, ამასაც დრო გამოაჩენს. პრეცედენტებს რომ გადავხედოთ, ბიძინა ივანიშვილმა ის ერთხელ კორუფციის ბრალდებით გაუშვა პრემიერის თანამდებობიდან. ახლა იმავეს უპირებს თუ არა, არ ვიცი, გამოჩნდება“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

მოქმედ თავმჯდომარეზე უფრო რეალური თავმჯდომარე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ წესდებაში შეტანილი ამ ცვლილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ნომინალური ხდება. ივანიშვილი კი უკვე ფორმალურადაც ხდება „ოცნების“ ხელმძღვანელი.

„ივანიშვილს უნდა, რომ თუ აქამდე არაფორმალურად ისედაც მისი რეკომენდაციით ხდებოდა პრემიერობის კანდიდატების წარდგენა, ახლა ეს უკვე სამართლებრივადაც მის გამგებლობაში იყოს.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ერქმევა ივანიშვილის თანამდებობას. თუ ხელისუფლებაში ქვეყნის ნომერ პირველ პირს წარადგენს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ეს ნიშნავს, რომ პარტიაში ის არის ნომერ პირველი პირი. 

„ზოგადად, საპატიო თავმჯდომარეს ფუნქციები ფაქტობრივად არ უნდა ჰქონდეს. ეს თანამდებობა უცხო თვალისთვის მოიგონეს. მაგრამ ეს საპატიო თავმჯდომარე კი არა, მოქმედ თავმჯდომარეზე უფრო რეალური თავმჯდომარეა. იმიტომაც გააკეთა ეს ივანიშვილმა, რათა აკონტროლოს, რომ მის გარეშე ვერ მოხდეს პრემიერობის კანდიდატის წარდგენა. 

„ეს „ოცნებას“ კი არა, როგორც ჩანს, ივანიშვილს დასჭირდა. ფაქტობრივად, საპატიო თავმჯდომარის პოსტის შემოღებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ნომინალური, ფიქტიური გახდა. არაფრის უფლება მას არ აქვს. უმთავრეს საკითხს თუ საპატიო თავმჯდომარე წყვეტს, მაშინ პარტიის თავმჯდომარე რაღას აკეთებს? ივანიშვილს კი იმისთვის დასჭირდა ეს ცვლილებები, რომ მის გარეშე არ მოხდეს პრემიერობის კანდიდატის წარდგენა.

„ოცნების“ შიგნით ამით რა იცვლება, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტობრივად, ივანიშვილი დღეს არის „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირი. აქამდეც ძირითადად ივანიშვილი განაგებდა, მაგრამ ახლა უკვე სამართლებრივად გამართული გახდა წესდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებების განხორციელება მეტი სიცხადისთვის გადაწყვიტა, რაც პარტიაში არანაირ სახეცვლილებას არ გამოიწვევს.

„ალბათ იმიტომ რომ უფრო მეტი სიცხადე ყოფილიყო შეტანილი ამ საკითხში, თუ როგორ ხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგინება. როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობების მოპოვებისთვის არ დაბრუნებულა პოლიტიკაში და პარტიაში, ალბათ „ქართულ ოცნებაში“ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაცა დამატებითი განმარტებები გაეკეთებინათ, რათა ეს არ გამხდარიყო რაღაც სპეკულაციების მიზეზი. 

„ამ ცვლილების შედეგად „ოცნების“ შიგნით არანაირტი გადაადგილება არ იქნება. ივანიშვილს აქვს პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×