ნაზი ბერიძე
08.01.2024

რა შანსი აქვს საქართველოს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მასზე დაწინაურებულ მოლდოვას და უკრაინას დაეწიოს და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს - ამ გზაზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული 9 პუნქტი-პირობა კვლავ მთავარ შესასრულებელ დავალებად სახელდება

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამის შანსს არ გამორიცხავს.

„თეორიულად შანსი არსებობს, მაგრამ, ბევრი რამ დამოკიდებულია - თვითონ საქართველო რამდენად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის იმ 9 პუნქტს, რომელიც შესასრულებელია. ასევე, ბევრი რამ დამოკიდებულია თუ როგორ ჩაივლის ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება.

„რამდენად ღია იქნება „ქართული ოცნება" ხელისუფლება გადაუნაწილოს სხვა პოლიტიკურ პარტიებს. მიაღწიოს იმას, რომ ოპოზიცია ჩართული იყოს საპარლამენტო საქმიანობაში, რაც ხელისუფლების გადანაწილების გარეშე ვერ მოხერხდება. ასევე, ღია იყოს მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ანახოს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, რომ სახელ,წიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან.

„ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ მოხდება ამის კომუნიკაცია ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და რომ საზოგადოებაც რაღაცნაირად იყოს ჩართული იყოს პროცესში, მათ შორის ის ხალხიც, ვინც არ ეთანხმება „ქართული ოცნების" პოლიტიკას" - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს რომ შანსი რა თქმა უნდა, არსებობს და ამისთვის მთავარია 9 პირობის შესრულებაა.

„დიახ შანსი არის, დაეწიოს და გაასწროს კიდევაც მოლდოვას და უკრაინას, თუ იქნება პოლიტიკური ნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოავლენს პოლიტიკურ ნებას „ქართული ოცნება" და რამდენად სწრაფად განახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც 9 პუნქტშია არის მოცემული.

„ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ იერარქიის მიხედვით, რომლითაც არის დალაგებული ეს 9 ნაბიჯი, შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა, ინსტიტუტების გაძლიერება, კონკრეტულად კორუფციის დაძლევა, კორუფციასთან ბრძოლის სერიოზული მექანიზმების ამუშავება, ასევე უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო და სამოქალაქო ზედამხედველობის გაძლიერება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის დასრულება და რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმუშავებთ და რა მაღალ სტანდარტებს დავუწესებთ საკუთარ თავს ევროკავშირის პირობების შესრულებაში.

„შანსი ყოველთვის არის - დამოკიდებულია ჩვენზე. ამის კარგი მაგალითი არის აღმოსავლეთ პარტნიორობა, როდესაც ჩვენ მოლაპარაკებები დავიწყეთ სხვებზე გვიან, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გავხდით მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობაში. თუ მოვინდომებთ, ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ.

„გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასვლაც დამოკიდებულია ჩვენზე, მუშაობაზე, სიბეჯითეზე, იმ ვალდებულებების, იმ 9 რეკომენდაციის შესრულებაზე, რომ ჩვენ თავადვე ჩვენს თავს დავუწესოთ მაღალი თამასა და ვიყოთ ორიენტირებულები შედეგზე, ვიყოთ ორიენტირებული იმაზე რომ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, ეს არის მთავარი" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×