რეზონანსი
07.01.2024

მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ახალი წლის დღეებს დაემთხვა და მას ჯერჯერობით აქტიური განხილვები არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ვრცელი განცხადების პოლიტიკური ანალიზი და მესამე განაცხადი პოლიტიკურ გააქტიურებაზე წლის აქტუალური თემა იქნება. აწ უკვე „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განცხადებაში გუნდის შიგნით დაპირისპირებაზე რამდენჯერმე მიანიშნა და ისიც ახსენა, რომ მისი ნაბიჯი  გუნდის ცდუნებებისგან დაცვას ემსახურება და არა კონკრეტულად საარჩევნო მიზნებს, რადგან „ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა“. 

ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „ოცნების“ შიგნით დაპირისპირების ნიშნები  არსებობდეს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა პარტიაში იყოს სხვადასხვა ჯგუფები თავისი „პატარა ლიდერებით“, თუმცა ეს ისეთი მწვავე არ იყოს, რომ შეუიარაღებელი თვალით ჩანდეს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ივანიშვილს თავის განცხადებაში არ უთქვამს, რომ „ოცნების“ კონსოლიდაცია დაირღვა. მან უბრალოდ მიანიშნა საფრთხეზე, რისი თავიდან აცილება და დაზღვევაა საჭირო. 

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადი 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მე-7 ყრილობაზე გააკეთა, როდესაც ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ივანიშვილის თქმით, „ოპოზიციის განადგურების პირობებში“ „იზრდება რისკები მმართველ გუნდში“ და როცა ოპოზიციასთან დასაპირისპირებლად ძალისხმევა აღარ არის საჭირო, „ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“. 

„ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს. 

არის თუ არა „ოცნებაში“ დაპირისპირების ნიშნები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია და მათ შორის არც ის, რომ დიდ პარტიაში ჯგუფებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება მართლაც იყოს, თუმცა არა ისეთი, როგორიც პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და „ოცნებას“ შორის წარმოიშვა.

„ოჯახის წევრებს შორისაც არის ხოლმე რაღაც ფლანგები - გოგო და მამა უფრო შეკრულები არიან, ვიდრე ბიჭი და დედა, ან პირიქით. ეს ოთხკაციან ოჯახზე ვსაუბრობ და წარმოიდგინეთ ამხელა პარტიაში რამდენი ადამიანია და ბუნებრივია, იქნება რომელიღაც მხარისკენ უფრო მიდრეკილი რაღაც ჯგუფი და რომელიღაცისკენ - ნაკლებად. 

„როცა დიდ ჯგუფზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მათ ერთი ლიდერი ჰყავთ და ძალიან ხშირად ფორმალური, დანიშნული, ან არჩეული. ამასთან, არ გამოირიცხება, რომ დიდ ჯგუფში არსებობდეს ქვეჯგუფები, რომლებსაც თავიანთი პატარა ლიდერები ჰყავთ, თუ ეს დაპირისპირებაში არ გადადიოდეს. ასეთი ჯგუფებისა და ქვეჯგუფების გაჩენა მშვიდობიანად მიდის ხოლმე და რაიმე დრამატულ შედეგს არ იწვევს, თუმცა თუ დაუპირისპირდნენ, მერე მოვლენები უფრო დრამატული სცენარით ვითარდება“, - განაცხადა საყვარელიძემ. 

კითხვაზე, იკვეთება  თუ არა „ოცნების“ შიგნით დაპირისპირება, თუდაც ასეთ შესაძლო ჯგუფებს შორის, საყვარელიძემ გვითხრა: 

„თეორიულად შეიძლება, რადგან ივანიშვილმა ჯგუფების გამოგონება ახსენა, მაგრამ ეს ჯგუფების დაპირისპირება მაშინ უფრო არის ხოლმე თვალში საცემი, როცა ერთი ლიდერი ერთს იტყვის და მეორე - მეორეს. როცა განცხადებებში და ქცევაში პრინციპული უთანხმოებაა, მაშინ შესაძლოა დაპირისპირებაზე ვისაუბროთ. 

„ანალოგიური დაპირისპირება გვაქვს ახლა პრეზიდენტსა და მთავრობასა და საერთოდ სახელისუფლებო გუნდს შორის, რომელიც მკაფიო და არაორაზრიოვანია. ახლა ასეთ დაპირისპირებებს მართველ გუნდში ვერ ვხედავთ.  ამ ქვეყანაზე მოულოდნელი არაფერი არაა, თუმცა იმაზე საუბარი ძნელია, რომ ახლა ასეთი დაპირისპირებები ნამდვილად არის“,- განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან“.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, ივანიშვილი ასეთ განცხადებას უსაფუძვლოდ არ გააკეთებდა და მას სავარაუდოდ აქვს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა ხდება „ოცნებაში“.

„მე, როგორც ანალიტიკოსს, არ მაქვს ის ინფორმაცია, რაც შეიძლება ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს გუნდის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვარ, მას ამომწურავი ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე, რაც „ქართული ოცნების“ გუნდში ხდება და ვფიქრობ, ის, როგორც პოლიტიკოსი და მსხვილი ბიზნესმენი, მთელი ბიზნეს იმპერიის მფლობელი, ასეთ განცხადებას ასე უბრალოდ არ გააკეთებდა. მან ეს განცხადება მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა. რაში მდგომარეობს ეს და რა დეტალებია, ალბათ ამის თაობაზე მხოლოდ თავად ბიძინა ივანიშვილმა იცის.  

„რაკი მან ეს განცხადება გააკეთა ასეთი ფორმით და შინაარსით, როგორც ჩანს ამის საფუძველი ჰქონდა. სხვანაირად ის ამ თემას არ შეეხებოდა. მე, როგორც ექსპერტმა („ოცნებაში“ შესაძლო დაპირისპირების) დაშვება რომ გაკავეთო, ხელთ გარკვეული ინფორმაცია უნდა მქონდეს. 

„ქართული ოცნება“ სხვა პარტიებისგან განსხვავებით რასაც ახდენდა, ეს იყო სწორედ პარტიის კონსოლიდაციის შთაბეჭდილების ჩამოყალიბება საზოგადოებაში. იგივე „ნაციონალური მოძრაობისა“ სხვა პარტიებისგან განსხავებით, სადაც შიდა რყევები და რღვევები იყო, „ქართული ოცნება“ იყო ერთიანი კონსოლიდირებული ორგანიზმი. ბიძინა ივანიშვილს თავის განცხადებაში არ უთქვამს, რომ ეს კონსოლიდაცია დაირღვა. მან მიანიშნა იმ საფრთხეზე, რომ შესაძლოა ასეთი რაღაც მოხდეს და ამიტომაც ამის თავიდან აცილება და დაზღვევაა საჭირო“, - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.

რას იგულისხმება „ცდუნებაში“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ იმაზეც საუბრობს, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ივანიშვილი ცდუნებაში. 

„შესაძლოა გუნდის შიგნით რომელიღაც ლიდერები მუშაობენ იმაზე, რომ შექმნან თავის გარშემო ჯგუფები. ეს უკვე, რა თქმა უნდა, დაპირისპირების ცდუნება არის, მაგრამ ამის საფუძველს ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ეს ფრაზა იძლევა და სხვა ნიშნებში არ გამოვლენილა, თორემ ოპოზიციას არ გამორჩებოდა ასეთი ფრაგმენტები“, - განაცხადა საყვარელიძემ. 

მან იმაზეც ისაუბრა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. 

„ივანიშვილი რთული სვლების ავტორია ხოლმე, რომელთა გათვლა ასე მარტივი არაა. მით უმეტეს, რომ ჩვენ, მაყურებელს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყველა ნიუანსი ვიცოდეთ, რომლითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. სავარაუდოა ერთის მხრივ ის, რაც ახსენა - კორუფცია და დაპირისპირებები. არაა გამორიცხული, რომ ეს ორი მომენტი ერთმანეთს ებმის და ერთად არიან ისინი, ვინც დაპირისპირებას ცდილობენ და ვისზედაც კორუფციის ეჭვია. 

„მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილი მესამედ იმან მოიყვანა (პოლიტიკაში), რამაც 2018 წელს მეორედ მოიყვანა. მაშინ ივანიშვილმა დაიჩივლა, რომ ზოგიერთები ჩემს ზარზე ყურმილს არ იღებენო. ესე იგი მაშინ დაუმორჩილებლობის პროცესი იწყებოდა. აღმოჩნდა, რომ ის „ზოგიერთი“ მაშინდელი პრემიერი იყო და მერე მისი საკითხიც დადგა. რაღაც ანალოგიური მოვლენები შეიძლება დღესაცაა. ანუ ივანიშვილის ავტორიტეტი ავტორიტეტად რჩება, მაგრამ მისადმი მორჩილება ისეთი არაა, როგორიც შექმნილ სიტუაციაშია საჭირო. ჩემი აზრით ამიტომაც მობრუნდა, თორემ, პარტიის თავმჯდომარეობა რა არის და საპატიო თავმჯდომარეობა კიდევ რა ადამიანისთვის, რომელიც ბოლოს და ბოლოს პრემიერი იყო. ამ თანამდებობამ მიიზიდაო ვერ იტყვი, მაგრამ ეტყობა თანამდებობა რაღაცაში სჭირდებოდა და ერთ-ერთი რაშიც შეიძლებოდა დასჭირვებოდა, გინდ ახლა და გინდ ადრე, იყო ის, რომ მის სიტყვას ჰქონოდა ჭრა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ყველაფერს უახლოესი პერიოდი დაგვანახებს, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.  

„ნამდვილად არ ვაპირებ კონკრეტული გამონათქვამების და სიტყვების ანალიზში შესვლას. ყველაფერს შემდგომი თვეები დაგვანახებს, თუ ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე რას გააკეთებს. თუ ის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ეს უკვე იმისი ინდიკატორი იქნება, რომ პარტიაში რაღაც ხდება და თუ არაფერი არ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო მის მიერ გამოთქმული ერთგვარი წინასწარი მოსაზრება თავის დაზღვევის მიზნით“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×