თეონა ვეშაგური
15.11.2022

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ში პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნების ინიციატორები გააკრიტიკა. როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს პრაქტიკულად მისი მხრიდან მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიას მხარდაჭერას ნიშნავს. სააკაშვილის პოზიცია კი, მისივე აზრით, ამ არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება.

არც მიხეილ სააკაშვილს სურს „ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები, ამიტომ ნიკა მელიას თანამდებობაზე დარჩენას უჭერს მხარს. მიუხედავად წინა წლებში მიმდინარე პროცესებისა, სააკაშვილის პოზიცია გადამწყვეტი იქნება რადგან პარტიის მთავარ ლიდერად მაინც ის რჩება - ამის შესახებ ესპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრობს.

ექსპრეზიდენტის პოზიციის შესახებ ჟურნალისტებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ აცნობა, რომელმაც მიხელ სააკაშვილი საავადმყოფოში სამშაბათს მოინახულა.

„ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული ცვლილებები მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელმა კობა ნაყოფიამ კლინიკა „ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული ბუნტი ნაჩქარევი იყო, რადგან ახლა ხელისუფლების შეცვლის დროა და არა "ნაიოცნალური მოძრაობის".

„მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. აი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის. მიხეილ სააკაშვილს არასდროს მიაჩნდა, რომ ჩვენი ენერგია, ძალა, ახლა უნდა იყოს მიმართული სხვა საკითხებთან მიმართებაში. ანუ ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა „ნაციონალური მოძრაობა". ვიხილეთ ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც არც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, არაფერი ვიცოდი, ისევე, როგორც პარტიის თავმდჯომარემ არაფერი იცოდა. სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს...

„მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს. არ მიმაჩნია, რომ მან (მელიამ) ამოწურა თავის თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე", - განაცხადა ნაყოფიამ.

ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის სურვილს ნიკა მელიასთან ერთად გიორგი ჩალაძესა და გიორგი მუმლაძეს აქვთ.ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პოზიციას გადამწყვეტი როლი ექნება.

„დიდი ალბათომით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას უჭერს მხარს. ამ შემთხვევაში ვიცით, რომ უდროო იყო ამ არჩევნების საკითხის დაყენება, რადგან ვხედავთ, რომ „ოცნების" მხრიდან წამოვიდა განცხადებები პარტიის დაშლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი უპირისპირდება იმ ჯგუფს, რომელმაც ეს საკითხი დააყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებზე ნიკა მელია სააკაშვილის მხარდაჭერის გარეშე აირჩიეს, ამ ეტაპზე სააკაშვილის პოზიციას ნამდვილად ექნება გადამწყვეტი როლი, რადგან ის მაინც რჩება პარტიის მთავარ ლიდერად. თუ ის კობა ნაყოფიას შეხვდა, რის შემდეგაც ნაყოფიამ ნიკა მელიას მხარი ღიად დაუჭირა, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილისც მას უჭერს მხარს.

„როგორც ჩანს, არც მიხეილ სააკაშვილს სურს ამ ეტაპზე მსგავსი არჩევნები პარტიაში, ამიტომ ნიკა მელიას თანამდებობაზე დარჩენას უჭერს მხარს. აქ საქმე არ არის პიროვნულად მელიაში, აქ იმაზეა საუბარი, რომ ახლა ხელსაყრელი დრო არ იყო არჩევნების ჩასატარებლად", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×