ია აბულაშვილი
10.08.2022

ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი დილემის წინაშე დგას, შეიცვლება თუ არა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარის ორ კანდიდატს შორის მოქმედი თავმჯდომარე არ მოხვდა. მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით "გაკეთდა პოლიტიკური დემარში და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა უპასუხონ".

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს, რის შემდეგაც გამოცხადდება ახალი კონკურსი ოქტომბერში, მანამდე კი ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გააგრძელებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას. მმართველ გუნდში არც იმას გამორიცხავენ, რომ საარჩევნო კანონომდებლობა კიდევ ერთხელ გადაიხედოს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შესაძლოა, მის შეცვლაზე იმსჯელონ.

"ჩვენ დავინახეთ, რამხელა მანკიერებაა ის თავზე მოხვეული ზოგიერთი კანონი, რომელიც ამ 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნა მიღებული. 2/3-ით ადამიანის თანამდებობაზე გამწესება არის აბსოლუტურად არაეფექტური და ამის მომსწრე ვართ ჩვენ ყველანი დღეს. ამაზე ალაბთ იქნება მსჯელობა, მიმაჩნია, რომ ეს 2/3-ი თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პროცესს"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი და იქვე დასძენს, რომ პრეზიდენტის გადაწყვტილება არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული, ამიტომ მმართველი გუნდიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეაგებებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ უკვირთ "ოცნების" ამგვარი განცხადებები, რადგან "ოცნება" მზად არის ყველაფერი გაანადგუროს რაც მათ ინტერესებს არ შეესაბამება.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უმრავლეოსობის განცხადება არის საგანგაშო, რადგან ისინი მზად არიან შეცვალონ ცკსკო-ს თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ მმართველი ძალის ინტერესებშია არა საარჩევნო რეფორმა, როგორც ამას ევროკავშირის რეკომნედაციები ითვალისწინებს, არამედ არჩევნების ოლიგარქიული სისტემის ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად გამოყენება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, მისი თქმით, თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესმე იმსჯელონ, მაგრამ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება.

"საუბრობენ განცხადებებით და არაფერს აკეთებენ საქმესთან დაკავშირებით. უკეთესია მოვიდნენ და იმუშაონ, მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხალხი ფულს უხდის.

"რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს, თეორიულად, შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რა ფორმას მოძებნის "ოცნება" პრეზიდენტის გადაწყვტილების საპირწონედ, ექსპერტები და კონსტიტუციონალისტები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ დიდი ალბათობით კანონში ცვლილებები შევა.

"პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან თავი აარიდა იურიდიულ გართულებებს. დიდი ალბათობით კანონში შევა ცვლილება. 2/3-ის ქვემოთ ჩამოვლენ უბრალო უმროავლესობაზე, ანუ თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი იქნება 76 ხმა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ცვლილება არ მოხდება, დაელოდებიან პრეზიდენტის შემდეგომ წარდგენას და მერე იმოქმედებენ შესაბამისად"- განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რაც მისი თქმით, უკან გადაგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიის თავალსაზრისით.

"იმიტომ იყო მიღებული ეს წესი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა 2/3-ით, რომ ცესკოს თავმჯდომარე მისაღები უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის. თუ ეს ცვლილება მოხდა, იქნება უკან გადაგმული ნაბიჯი დემოკრტიის თვალსაზრისით.

"რა პროცედურები იქნება ვერ გეტყვით, ალბათ "ოცნება" ჩააგდებს კანდიდატებს და ეს შეიძლება დიდხანს გაგარძელდეს; შეიძლება პრეზიდენტისადმი წარდგენის წესიც შეიცვალოს. თუ კალანდარიშვილის გარდა ცესკოს თავჯდომარის თანამდებობაზე სხვა მოსაწონი ადამიანი აღარ არის, დაუპულა ქვეყანა..."- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×