თეონა ვეშაგური
23.09.2021

ევროკავშირის ოფისთან „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. პოლიტიკოსები ერთმანეთისკენ იწევდნენ. საქმე ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა. საბოლოოდ კობახიძე ადგილს დაცვამ განარიდა. მელია და მისი მომხრეები მას მანქანამდე მიჰყვნენ შეურაცხმყოფელი შეძახილებით.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა „ოცნების" თავმჯდომარე, ისევე როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის ოფისში კარლ ჰარცელთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა, რასაც მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.

კობახიძემ მელიას პროვოკატორი და ხულიგანი უწოდა. „ეს არის როგორ აწყობენ პროვოკაციებს. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო! შე ნაძირალა!" - მიმართა კობახიძემ მელიას.

საპასუხო ეპითეტები არც მელიამ დააკლო.

„გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო! 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებ. უნამუსო ბავშვო! ნაძირალა! მოდი აქ! ძმრად გადენთ, ბიჭო! შენ ამ ქვეყნის მტერი ხარ, ბიძინა ივანიშვილის მონა ხარ, მაიმუნო, მოდი აქ, რისი თავი გაქვს", - მიმართა მელიამ.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, მთელმა საქართველომ და საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ უკანონოდ უსმენენ, თუმცა იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ.

„ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, როგორც არის მიჩვეული. როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები.

,,პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ის არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის. მთელი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსშია, რომ არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ და არ აშანტაჟებენ. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ თითქოს ქვეყანა დასავლური სივრციდან არ გადის, როდესაც არ დაიტოვეს არცერთი პარტნიორი", - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×