
ტექნოლოგიების განვითარება შრომის ბაზარს რადიკალურად შეცვლის, თუმცა ადამიანს იგი სრულად ვერ ჩაანაცვლებს, რაც დღეს დასაქმებულებს ყველაზე მეტად აშინებთ. როგორც აღმოჩნდა, განვითარებულ ქვეყნებში ამ საკითხით სერიოზულად არიან შეშფოთებულები, ვინაიდან. არის გარკვეული დარგები, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სრულად შეითავსოს ადამიანის ფუნქცია, თუმცა სადაც საქმე ინტელექტს, წარმოსახვის უნარს და კრეატიულობას ეხება, ხელოვნური ინტელექტი მოწოდების სიმაღლეზე იქნება. ხელოვნული ინტელექტი განსაკუთრებით ძლიერია იქ, სადაც საქმე ეხება დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას, შაბლონურ დავალებებს და ტექსტთან თუ კოდთან მუშაობას.
მსოფლიოში მსხვილი კომპანიების გარკვეული ნაწილი უკვე გადავიდა ხელოვნური ინტელექტის მომსახურებაზე. შესაბამისად, ჯერ დიდ ქვეყნებში იქნება სამუშაო ადგილების დაკარგვის პრეცენდენტი. ამ მხრივ საინტერესოა აშშ-ში ჩატარებული ახალი სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით, ამერიკელთა 53% შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება მათ ან მათი ოჯახის წევრებს სამუშაო ადგილებს დააკარგვინებს.
"როიტერისა" და "აიპსოსის" ერთობლივი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 37% მსგავსი საფრთხის არსებობას საერთოდ გამორიცხავს, ხოლო დარჩენილმა 10%-მა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. საგულისხმოა, რომ ტექნოლოგიის მასობრივი დანერგვის მიმართ საზოგადოებრივი სკეპტიციზმი მზარდია, რადგან მოსახლეობის 73% პროცესის მიმართ უარყოფით განწყობას გამოხატავს. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემს აღემატება, როდესაც ანალოგიური შეშფოთება ამერიკელთა 68%-მა დააფიქსირა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოებრივი მღელვარება მსხვილ კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მოტივირებულ მასობრივ შემცირებებს უკავშირდება. თუმცა სპეციალისტები საკითხს ცოტა განსხვავებულ ჭრილში განიხილავენ და პირდაპირ განმარტავენ, რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს ადამიანს, არამედ ადამიანი, რომელიც იყენებს ხელოვნური ინტელექტს, ჩაანაცვლებს იმას, ვინც მას არ იყენებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის, ელდარ პირმისაშვილის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის როლი შრომის ბაზარზე უნდა შეფასდეს, როგორც შესაძლებლობა. ადამიანებმა უნდა განავითარონ უნარები ისე, რომ ხელოვნური ინტელექტი მოირგონ და არა პირიქით - მოერგონ მას.
,,ბოლო წლებში, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, აჩქარდა გარკვეული პროცესების (დავალებების) შესრულებაც, რადგან სულ უფრო და უფრო ნაკლებ საქმეს აკეთებს ადამიანი ხელით და მას კომპიუტერები ეხმარებიან. მთავარი მოთხოვნა, რასაც შრომის ბაზარი მოითხოვს ადამიანისგან, არის ინტელექტი, შემოქმედებითობა და გადაწყვეტის უნარი. ვინც იყო დაკავებული მარტივი საქმიანობით, მაგალითად, მოკლე ტექსტების წერა, რუტინული საქმიანობა, რედაქტირება და სხვა, ამ სამუშაოს ძირითადად "წაიღებს" ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. ცვლილებას უნდა შევხედოთ, როგორც შესაძლებლობას, არ შეგვეშიონდეს, რომ დავკარგავთ სამსახურს, არამედ მეტად განვივითაროთ უნარები, რათა ხელოვნური ინტელექტი მოვირგოთ ჩვენ და არ მოვერგოთ მას“, - აღნიშნა პირმისაშვილმა და ქართული ბაზრის სპეციფიკაზეც გაამახვილა ყურადღება.
,,ქართულ რეალობაში ტექნოლოგიები მაღალ დონეზე არ არის განვითარებული, თუმცა შრომის ბაზარზე აქაც, ენის ბარიერი და სხვადასხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც შესაძლებლობას. მაგალითად, დიზაინერი თუ აკეთებდა ბაზისურ დიზაინს და ახლა ამას ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, შესაბამისად, უნდა იფიქროს, განივითაროს უნარები, რომ დაიქვემდებაროს ხელოვნური ინტელექტი. რასაც ეტყვის და როგორ აუხსნის, უკვე ამაზეა მორგებული, რასაც შემდეგში ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს. ეს თუ ადამიანმა არ უთხრა, ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი თავისით ვერ შექმნის. ადამიანური უნარები, როგორიცაა გაგების, ამოცნობის, გაანალიზების, წარმოსახვის და კრეატიულობის თემა, ყოველთვის იქნება მოთხოვნადი“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ელდარ პირმისაშვილმა.
თანამედროვე ტექნოლოგიები განსაკუთრებით ძლიერია და ტრანსფორმაციის რისკი ყველაზე მაღალია, სადაც საქმე ეხება რუტინულ სამუშაოებს, ასევე ქოლ-ცენტრებს, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებას, შაბლონურ დავალებებს და ტექსტთან თუ კოდთან მუშაობას. მარტივი სარეკლამო ტექსტების, აღწერების და სტანდარტული სტატიების გენერირება ხელოვნურ ინტელექტს წამებში შეუძლია.
როგორც პიარისა და მარკეტინგის სფეროს სპეციალისტმა ნიკოლოზ მიშველაძემ აღნიშნა, ფინანსური უწყისების დამუშავება, ცხრილების ანალიზი და რუტინული ბუღალტერია სულ უფრო მეტად ავტომატიზირდება. ასევე დიდია ხელოვნური ინტელექტის როლი პროგრამირებაში, რაც დეველოპერებს საქმეს შეუმსუბუქებს, თუმცა არქიტექტურის დაგეგმვა და ლოგიკა ისევ ადამიანის ხელშია.
,,ხელოვნური ინტელექტი უნდა განვიხილოთ, როგორც ხელსაწყო პროდუქტიულობის გასაზრდელად. ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად, ქართულმა კომპანიებმა და დასაქმებულებმა სასწრაფოდ უნდა აუღონ ალღო ამ ინსტრუმენტებს, რადგან გლობალურ ბაზარზე კონკურენცია გამკაცრდება. ჩანაცვლება მოხდება იქ, სადაც ადამიანი მხოლოდ მექანიკურ სამუშაოს ასრულებს. ხელოვნური ინტელექტის შემოჭრა შრომის ბაზარზე საქმიანობას კი არ აუქმებს, არამედ აჩქარებს. მაგალითად, თუ ადრე კონკრეტული სამუშაოს შესრულებას რამდენიმე კვირა სჭირდებოდა, ვთქვათ, ბრენდინგის მიმართულებით, დღეს ეს რამდენიმე საათშია შესაძლებელი.
საშიშროება ემუქრება არა პროფესიებს, არამედ იმ უნარებს, რომლებიც ადვილად გადადის ავტომატურ რეჟიმში. ხელოვნური ინტელექტი უნდა მივიღოთ, როგორც შესაძლებლობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დრო დავზოგოთ რუტინაზე და ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე, რაც მართლაც კრეატიული და ღირებულია.
რაც შეეხება დარგებს, ყველაზე ხშირი გამოყენება ჯერჯერობით კომპიუტერულ მეცნიერებებში, მარკეტინგსა და მედიაშია, ვინაიდან კოდისა თუ კონტენტის წერა დიდ ინტელექტუალურ და დროით რესურსს მოითხოვს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ აქტიურად იკიდებს ფეხს საბანკო სფეროშიც“, - აღნიშნა ნიკოლოზ მიშველაძემ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის ჩინეთის ფინანსურ სექტორში სამუშაო ადგილების 23%-ს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, მას შეუძლია ტრანზაქციების დეტალური კვლევა და სასარგებლო რჩევების გაცემა მომხმარებლის ფინანსების ოპტიმიზაციისათვის.