თამთა ჩაჩანიძე
19.03.2024

ბელგოროდში სიტუაცია კვლავ კრიტიკულია და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ამის პარალელურად უკრაინელები დაჩქარებული ტემპით აშენებენ ახალ დაცვით ზღუდეებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ რუსეთში არჩევნების ჩავლის შემდეგ ახალი მობილიზაცია გამოცხადდება, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ კი რუსული არმია ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებას შეეცდება.

ამის პარალელურად ფრონტზე მთავარი ცხელი წერილი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთანაა. საუბარია, რომ რუსებმა იქ თითქმის მთლიანად დაიკავეს სოფელი ორლოვკა. ანალიტიკოსთა შეფასებით, მოსალოდნელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში ახალი მობილიზაცია გამოაცხადონ და ამინდების გამოსვლისთანავე, დაახლოებით აპრილი-მაისის პერიოდში, ახალი მასშტაბური შეტევა დაიწყონ. უკრაინა კი, თუ დასავლური დახმარება არ მიეშველა, იძულებული გახდება, ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, სრულად თავდაცვაზე გადავიდეს.

უკრაინისათვის ევროპული დახმარების საკითხი თანდათან აქტიურდება, თუმცა აშშ-ის კონგრესში კვლავ დუმილია. ანალიტიკოსთა შეფასებით, „დახმარება უნდა მოესწროს, სანამ საოკუპაციო ძალებმა შეტევები დაიწყონ".

რა ხდება ფრონტზე

სამშაბათს ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვისა და უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული დანაყოფების სახმელეთო რეიდის გამო, დაახლოებით 9 ათასი ბავშვის სხვა რეგიონებში ევაკუაცია გადაწყვიტა. ამის შესახებ განცხადება რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გააკეთა, რომლის ცნობითაც, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინული დაბომბვების შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 98 დაშავდა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბელგოროდის ოპერაციის მთავარი მიზანი ნაწილობრივად მიღწეულია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები საბრძოლო ინიციატივას ფლობენ და მცირე შეტევებს აგრძელებენ ფრონტის სხვადასხვა უბანზე, რომ უკეთესი პოზიცია მოიპოვონ საზაფხული დიდი შეტევის დაწყების წინ - ეს რაც შეეხება ავდეევკის მიმართულებას.

„ბელგოროდს რაც შეეხება, გამოცხადებულია, რომ ამას რუსეთის ანტიპუტინიტური ძალები აკეთებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ უკრაინის არმია და უკრაინის სპეცსამსახურები უჭერენ მხარს. აქ ვერანაირი დიდი შეტევის განვითარება ვერ გამოვა, რადგან ამ ოპერაციის მთავარი მიზანი იყო რუსეთში მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში დისონანსი შეეტანათ და პუტინისთვის ეს არჩევნები ჩაეშხამებინათ, რუსეთის მოსახლეობის ნაწილისთვის კი ეჩვენებინათ, რომ ომი მათ სახლებშიც დაბრუნდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საბრძოლო მოქმედებები იყო და ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს თავის თავზე მართლაც იგრძნო, ეტყობა ოპერაცია გამოვიდა. უკრაინას ეს რა ფასად დაუჯდა და რა დანაკარგები ჰქონდა იმ სადაზვერვო დივერსიულ ჯგუფებს, რომლებმაც ეს რეიდები მოაწყო, ეს ცალკე საკითხია", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბელგოროდი-კურსკის მოვლენებისა და რუსეთის საპრეზიდენტო აჩცევნების ფონზე, უკრაინის ფრონტზე აქტიური მხოლოდ ერთი ცხელი წერტილია და ზოგადად, შესაძლოა ითქვას, რომ ფრონტზე ოპერატიული პაუზაა.

„ამ ევაკუაციას ეფექტი ექნებოდა, თუ უშუალოდ არჩევნების დროს დაიწყებდა და ახლა, როცა პუტინმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ამას ისეთი ეფექტი აღარ აქვს. თან რუსებმა საზღვრების პერიმეტრის გაძლიერება მოახერხეს. უფრო ეფექტიანი იყო შარშანდელი პირველი რეიდი, როცა მართლა სიღრმეში შვიდნენ და ამას პრიგოჟინის მოსკოვში გასეირნება დაემატა, რითაც აჩვენეს, რომ მოსკოვამდე მისვლა არცთუ ისე რთული ამოცანაა.

„რაც შეეხება უშუალოდ ფრონტს, კრემლს იმის თავი არ ჰქონდა, რომ ერთდროულად პუტინის გამარჯვებაზეც ეფიქრა და ფრონტის მოქმედებებზეც. ამიტომ გარკვეული ოპერატიული პაუზასავით აიღეს და ეს უკრაინისთვისაც კარგია, რადგან ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, რომ შემდგომი ნაბიჯები განიხილონ. თუმცა, ერთი ცხელი წერტილი მაინც შემოიტოვეს ავდეევკისკენ, სადაც, ბოლო ცნობებით, რუსებმა ორლოვკა დაიკავეს.

„უშუალოდფრონტზე სიწყნარე ორივე მხარეს აწყობდა და ალბათ სანამ პუტინის ინაუგურაცია არ მოხდება და მათი გახარებული პროპაგანდისტების ემოციები არ ჩაცხრება, ფრონტის ხაზზე დიდ გააქტიურებას არ უნდა ველოდოთ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რას უნდა ველოდოთ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ

რამდენიმე დღის წინ მედიით ცნობილი გახდა, რომ დიდი სამუშაოები მიდის უკრაინული თავდაცვის ხაზების გასამაგრებლად. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ახალი დაცვის ხაზი კეთდება აღმოსავლეთშიც, სამხრეთსა და ჩრდილოეთშიც კი ხარკოვთან. ეს კი, ანალიტიკოსების აზრით, ნიშნავს, რომ უკრაინა დიდი ალბათობით მთლიანად თავდაცვაზე გადავა დასავლური დახმარების მიწოდებამდე.

„არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ თუ უკრაინელები საბრძოლო მასალის გარეშე დარჩნენ, შესაძლოა რუსეთი ამინდის გაუმჯობესებას აღარ დაელოდოს.

„აქ რამდენიმე სერიოზული პრობლემაა. თუ ასე გაგრძელდა და უკრაინელები კვლავ საბრძოლო მასალის გარეშე დარჩნენ, როგორც სამწუხაროდ ახლა ხდება, შესაძლოა რუსულმა მხარემ ამით ისარგებლოს, არც დაელოდოს მაის-ივნისის დადგომას და შეტევა მანამდეც სცადოს, რადგან, როგორც ვხედავთ, შეტევების ტაქტიკა ისეთია, რომ ყოველთვის მძიმე საბრძოლო ტექნიკია გამოყენება არ ხდება. ზოგჯერ ეს შეტევები მცირე ტაქტიკური ჯგუფებით, მძიმე შეიარაღების გარეშე ხორციელდება, რადგან ორივე მხარის მიერ საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების აღმოჩენა ყოველთვის ადრეულად ხდება.

„ამ ეტაპზე არც რუსეთის საოკუპაციო ძალებს აქვთ იმხელა უპირატესობა, მაგალითად, სამმაგი-ოთხმაგი, რომ ღიად და გაბედულად დიდ შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ ამ არჩევნების შემდეგ რაღაც პროცესები უფრო დაჩქარდება, რაც მანამდე პუტინმა სპეციალურად არ გააკეთა. ეს შესაძლოა იყოს რუსეთში დამატებითი მობილიზაცია, რომ სხვადასხვა მიმართულებით შეტევა განახორციელოს", - განაცხადა ალადაშვილმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი ცხელი ფაზისთვის ხელსაყრელი პერიოდი აპრილის ბოლოს, ან მაისისკენ დაიწყება. რუსებს რამდენიმე მიმართულებით შეტევის მცდელობა ექნებათ, უკრაინელები კი ამერიკული დახმარების მიღებამდე, დიდი ალბათობოთ, სრულად თავდაცვაზე გადავლენ.

„როცა გაზაფხულის ბოლოსკენ ამინდები გამოვა, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები მომენტს ხელიდან არ გაუშვებენ, რომ შეტევები გააფართოვონ. შეტევების გაფართოებისთვის შესაძლოა სამხრეთის მიმართულება შეარჩიონ, ჩემი აზრით ზაპოროჟიე-ხერსონისკენ. არაა გამორიცხული ჩრდილოეთისკენაც ჰქონდეთ წინ წაწევის მცდელობა - სლავიანსკი-კრამატორკსის მიმართულებით და შემდგომში ხარკოვისკენ სცადონ.

„პუტინმა არჩევნებში მისი გამარჯვების საზეიმო აღნიშვნისას პირდაპირ თქვა, რომ ის ყირიმთან დამაკავშირებელი ახალი სახმელეთო მაგისტრალის გაყვანას აპირებს. საუბარია სარკინიგზო და სახმელეთო კომუნიკაციებზე როსტოვიდან სევასტოპოლის მიმართულებით, ამისთვის მათ ჰაერივით დასჭირდებათ ზაპოროჟიეს და ხერსონის პლაცდარმის გაფართოება.

„ახალი ცხელი ფაზის განვითარებას ალბათ აპრილი-მაისის თვეში ვიხილავთ და უკრაინელები, დიდი ალბათობით, თავდაცვის რეჟიმზე გადავლენ ტერიტორიების დაცვის მიზნით, სანამ დასავლურ დახმარებას არ მიიღებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რა ეტაპზეა დასავლური დახმარება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინი-20" გერმანიის ავიაბაზაზე მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, გასულ კვირას, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.

„დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია - შეერთებული შტატები უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ეს კოალიცია უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. თავისუფალი სამყარო უკრაინას დამარცხებას არ დაუშვებს", - თქვა ოსტინმა.

ამასთან, ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კი აცხადებს, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზებს, ევროპაში გაყინული რუსული 300 მილიარდ დოლარიან აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90%, ევროპის ფონდის მეშვეობით, უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოიყენონ.

ბორელი ბლოკს ასევე შესთავაზებს, დარჩენილი 10% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხოს, რათა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენონ. მისი თქმით, ამ წინადადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს 21-22 მარტს დაგეგმილი სამიტის წინ წარუდგენს.

ამასთან, 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის" შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 საარტილერიო ჭურვს და 100 ჯავშანმანქანას მოიცავს. ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გერმანია უკრაინისთვის 180 000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.

ასევე ბელგია უკრაინისთვის 450 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს.

„რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ თუ აშშ-ს კონგრესმა უკრაინის დახმარებაზე დუმილი გააგრძელა, ეს აისახება როგორც ფრონტზე, ისე აშშ-ის იმიჯზე.

„აშშ-ის უახლეს ისტორიაში სამარცხვინოდ ჩაიწერება ის ფურცლები, რასაც ტრამპისტი რესპუბლიკელი კონგრესმენები აკეთებენ. ისინი უკვე თითქმის ნახევარი წელია უკრაინის 60 მილიარდიან დახმარებას სპეციალურად აფერხებენ. მოხდება ის, რომ ბევრ ქვეყანას, რომელსაც აშშ-ის დახმარების და გვერდში დგომის სჯეროდა, შესაძლოა ეს იმედი შეუმცირდეს.

„ევროპასაც ვხედავთ, რომ ერთიანობა არ აქვს, რომ უფრო აქტიურად და ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე ამოქმედდეს. თუმცა ბოლო დროს თითქოს რაღაცას იწყებენ და ცდილობენ დახმარება გაუგზავნონ. დახმარება უნდა მოესწროს, სანამ საოკუპაციო ძალებმა შეტევები დაიწყონ", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია გვეუბნება, რომ დღეს მთავარი მაინც აშშ-ის დახმარებაა.

„დასავლური დახმარების კუთხით სიტუაცია კვლავ გაურკვეველია. მთავარი მაინც ამერიკული დახმარებაა, რისი პერსპექტივები ჯერ არ იკვეთება, სანამ კონგრესი გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სხვა დახმარებები კი მიდის, მაგრამ თუნდაც ევროკავშირის და სხვა სახელწიფოებისგან ეს ისეთი სოლიდური არაა, რომ უშუალოდ ფრონტზე შეეტყოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×