„ამ ეტაპზე სპეციალისტების, სამედიცინო პერსონალის, გამნაღმველების გაგზავნა უფრო ლოგიკურია"
ნატალია ჯვარიძე
11.03.2024

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადებით, თუ ნატო-ს ჯარები უკრაინას დახმარებას უშუალოდ მის ტერიტორიაზე გაუწევენ, ეს არცერთ საერთაშორისო ნორმას არ დაარღვევს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნატოს ჩართვა ომში გამორიცხულია, თუმცა, შესაძლოა შეიქმნას კოალიცია, სადაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ჯარით დაეხმარება.

ასევე, პაველმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების თვალსაზრისით, არაფერი შეუშლის ხელს ნატო-ს წევრი ქვეყნების ჯარებს, რომ უკრაინას დაეხმარონ.

მისი თქმით, აუცილებელია მკაფიოდ იყოს განსხვავებული საბრძოლო ჯარების განლაგება და ჯარების შესაძლო ჩართვა გარკვეულ მხარდამჭერ საქმიანობაში, რომლის გამოცდილებაც ნატო-ს უკვე აქვს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს საწვრთნელი მისია იყო განთავსებული, რომელშიც 15 ქვეყნის 1000 მდე სამხედრო მონაწილეობდა".

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნატო-ს ჯარების ჩართვას უკრაინის დახმარებაში მისსავე ტერიტორიაზე, პაველმაუპასუხა, რომ ამ საკითხზე დისკუსიას არ გამორიცხავს.

თუ ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, შევძლებდით მოლაპარაკებას, რომ, მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უკრაინელი სამხედროები ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში გადავამზადოთ, ნატო-ს ინსტრუქტორები გავაგზავნოთ უკრაინის ტერიტორიაზე და იქ გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები", - განაცხადა პაველმა.

გასულ კვირას პაველმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროპამ არ უნდა შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოს ჯარების განთავსება უკრაინის ტერიტორიაზე გამორიცხულია.

„ნატოს ჯარების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე გამორიცხულია, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად 31-ვე ქვეყანის თანხმობაა საჭირო, რაც მე ძალიან მეეჭვება. თუმცა, მგონია, რომ დასავლეთის ქვეყნების ნაწილი მონაწილეობას მიიღებს სამხედრო თვალაზრისით უკრაინის დასახმარებლად. ამ ეტაპზე სპეციალისტების, სამედიცინო პერსონალის, გამნაღმელების გაგზავნა უფრო ლოგიკურია.

„რომელიმე ქვეყანა თუ გადაწყვეტს ჯარების განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე ეს იქნება იმ ქვეყნის გადაწყვეტილება და ეს არ გულისხმობს, რომ ნატო ჩერთვება დაპირისპირებაში. პოლონეთიდან უფრო შესაძლებელია აღნიშნული მოქმედების განხორციელება, ვიდრე ჩეხეთიდან. პეტერ პაველს ვიცნობ პირადად და საკმაოდ მოაზროვნე პიროვნებაა, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება მასზე დამოკიდებული არ არის და მეეჭვება ჩეხეთიდან რაიმე მნიშვნელოვან კონტიგენტზე იყოს ლაპარაკი, თუმცა, პოლონეთის ჩართვა უფრო მგონია", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთნ".

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეა დასავლეთ ქვეყნების კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით, რეალობასთნ უფრო კავშირშია, ვიდრე ის მოსაზრება, რომ შესაძლოა ნატოს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდეს.

„ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადება უფრო კერძო პოზიცია. პაველს არ აქვს იმხელა უფლებები, რომ მიიღოს ამ ტიპის გადაწყვეტილება და ომში ჩერთოს, მთავრობა მას მხარს არ დაუჭერს. უშიშროების საბჭომ ან გენერალურმა ანსამბლეამ თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალური სამხედრო-პოლიტიკური კოალიცია, როგორც ეს მოხდა 1952-53 წლებში, როდესაც ჩრდილოეთ კორეა თავს დაესხა სამხრეთ კორეას, მაშინ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო კოალიცია სამხრეთ კორეის დასახმარებლად.

„ვფიქრობ, რომ აქაც ანალოგიურად მოხდება. შეიქმნება დასავლეთ ქვეყნების კოალიცია უკრაინის მხარდასაჭერად. როგორც ეს ემანუელ მაკრონმა წამოაყენა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში უფრო შესაძლებელია დასავლეთის ქვეყნებმა მიიღონ მონაწილება. თუმცა ნატოს, ჩართვა ამ ომში გამორიცხულია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთნ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×