რეზონანსი
06.03.2024

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განაცხადებას, რომ შესაძლებელია მომავალში უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის სახმელეთო ჯარები გაიგზავნოს, რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა უპასუხა და დაემუქრა, რომ მსგავსი ნაბიჯი ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანს ვითარებას.

პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში დასავლეთიდან სახმელეთო ჯარი გაიგზავნოს უკრაინის დასახმარებლად, თუმცა, დღეს არ არსებობს კონსენსუსი ოფიციალური და დამტკიცებული ჯარების ადგილზე გაგზავნაზე. მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს". - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის განცხადებიდან მალევე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში საკუთარ ჯარს არ გააგზავნის. მაკრონის კომენტარს ასევე სწრაფად გაემიჯნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნები, მათ შორის: გერმანია, ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი და ჩეხეთი.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა კი განაცხადა, რომ დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში სახმელეთო ჯარების შეყვანის შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა ვარიანტი დახურულ კარს მიღმა, მათ შორის რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.

"ვფიქრობ, ეს ასევე არის სიგნალი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტს და ყველა ქვეყანას ესმის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ მოიგოს და რუსეთმა წააგოს ეს ომი "- აღნიშნა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ თუ დასავლეთიდან უკრაინის დასახმარებლად ჯარები გაიგზავნება, ნატოსა და რუსეთს შორის ომი გარდაუვალი იქნება.

„ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა შესაძლებლობაზე, არამედ გარდაუვალობაზე, ასე ვაფასებთ მას", - უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, როგორ აფასებენ კრემლში ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის რისკს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შემთხვევაში."- განაცხადა პესკოვმა.

როგორც, „ბი ბი სი" იუწყება, პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კვლავ სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მის ბოლო განცხადებაზე უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ. მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი სიტყვები სრულიად გამართლებულია.

„მე ვთქვი, რომ არაფერია გამორიცხული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ. თუმცა, ვიწყებთ დებატებს და ვფიქრობთ ყველაფერზე, რაც შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე. ამის გარდა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე.

„მნიშვნელოვანი იყო იმის თქმა, რაც რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენზე ზეგავლენას ახდენს. ჩვენ არასდროს გვინდოდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც არის, მაგრამ ახლა მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, როგორც ამას უკვე ორი წელია ვამბობთ სხვადასხვა პრესკონფერენციაზე, რომ ომი ევროპის მიწაზე ბრუნდება. უკვე ორი წელი გავიდა!

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენი დახმარება უკრაინას უკვე მიეწოდა. ეს ჩვენი ომია თუ არა? შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ მოვლენების მიმდინარეობის გათვალისწინებით? მე ასე არ ვფიქრობ. ასე რომ, მე მოვუწოდებდი სტრატეგიული გარღვევისკენ და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვამბობ", - განაცხადა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებას სამშაბათს გამოეხმაურა რუსეთის დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი და თქვა, რომ აღნიშნული განცხადებები ძალიან საშიშია და მათ ბირთული ომის ზღვარზე მიიყვანს.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის დანახვა, დაკვირვება და გაგება, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში მოქმედი ელიტების მოლაპარაკების უნარი ძალიან დაბალ დონეზეა. უფრო და უფრო იშვიათი ხდება ის, რომ ისინი საერთოდ რაიმე საღი აზრის დემონსტრირებას ახდენენ. მაგრამ, ეს განცხადებები უკიდურესად საშიშია. ისინი ბირთვული ომის ზღვარზე მიგვიყვანენ", - აღნიშნა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, მაკრონის განცხადებები არ არის სერიოზული და ერთადერთი, რასაც რუსეთი საპასუხოდ აკეთებს, არის ის, რომ უკრაინაზე ახორციულებს ზეწოლას.

„ეს მაკრონის სურვილისმაგვარი განცხადებებია იმის შესახებ, რომ უკრაინაში გაიგზავნება სახმელეთო ჯარები. ახლო მომავალში არ ჩანს მსგავსი მოვლენა. თან ვიცით, რომ ნატო და ვეროპის რამდენიმე ქვეყანა გაემიჯნა მაკრონის განცხადებას.

„ჯერჯერობით არ იგეგმება არავითარი ევროპული ჯარების და გარე ძალებს განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინა თვითონ იგერიებს რუს ოკუპანტების, რა თქმა უნდა, დასავლური სახელმწიფოების დახმარებით, ფინანსური ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რომელიც არ არის საკმარისი.

„რუსებს ერთადერთი რაც რჩებათ საპასუხოდ, არის ის, რომ უკრაინის მიმართ ახორციელებენ მოქმედებებს. ამაზე მეტი რაღა უნდა უპასუხონ?! რუსეთის მხრიდან საპასუხოდ მეტი ვერაფერი წამოვა. ნარიშკინის განცხადება დარჩება განცხადებად და მას არ ექნება რაიმე გავლენა. მაკრონის განცხადებებმა ძალიან გააღიზიანა ნარიშკინი, სწორედ ეს იყო მიზეზი, რაც მან თქვა და „დაემუქრა" მთლიანად ევროპას. ამრიგად, ნარიშკინის პასუხი არ არის სერიოზული და არც საშიში" - განაცხადა ვახტანს მაისაიამ „რეზონანსთნ".

ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×