თამთა ჩაჩანიძე
05.03.2024

„ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა" - საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ სამშაბათს გაკეთებული ეს განცხადება სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთზე დასავლეთის ქვეყნების თვდასხმის სავარაუდო სცენარი, სადაც საუბარია, რომ დასავლეთი ერთობლივ სამხედრო ფორმირებებს ამზადებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მზარდ ესკალაციაზე მიუთითებს.

ამ ყველაფერს წინ უძღვოდა იგივე მაკრონის განცხადება უკრაინაშ დასავლეთის ქვეყნების სამხერდო ნაწილების შეყვანაზე. ასევე რუსული სამთავრობო მედიის მიერ მაღალი რანგის გერმანელი ოფიცრების საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელება, სადაც ისინი უკრაინისათვის „ტაურუსის" ტიპის რაკეტების მიწოდებასა და ყირიმის ხილზე დარტყმის შესაძლებლობას განიხილავენ.

ამასობაში კი უკრაინა ოკუპანტების მოგერიებას საკუთარი არსენალით ცდილობს მნიშნელოვანი წარმატებაც აქვს. 5 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის სრუტესთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე" მიიტანეს იერიში, რომელიც ყველა წყაროს ცნობით, განადგურებულია. ყირიმის ხიდზე კი შეწყდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსებმა ომში უკვე თავისი შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მესამედი დაკარგეს და ამასთან ერთად დაკარგეს საზღვაო ინიციატივაც. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ისინი აქცენტს საჰაერო დარტყმებზე გადაიტანენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი ღიად ამბობს, რომ ევროპაში ომი დაბრუნდა და რომ შიშის და უკან დახევის დრო არაა.

„ჩვენ ახლა ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც არ უნდა ვიყოთ მშიშრები. საფრანგეთმა და ჩეხეთმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიწაზე, ევროპაში ომი დაბრუნდა. ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ყოველდღიურად აფართოებს თავდასხმის საფრთხეს. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვართ და მოგვიწევს ისტორიის და იმ გამბედაობის დაცვა, რომელიც ამას მოითხოვს", - განაცხადა მაკრონმა სამშაბათს ჩეხეთში ვიზიტისას.

პარალიზებული ყირიმის ხიდი და კიდევ ერთი ჩაძირული გემი

5 მარტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის სრუტესთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე" მიიტანეს იერიში, რომელიც განადგურებულია. გავრცელდა ამის ამსახველი ვიდეოც. უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმა საზღვაო დრონებით განხორციელდა.

გემის ჩაძრვას რუსული მხარეც ადასტურებს. მათივე ცნობით, სამშაბათს უკრაინელთა მხრიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც რუსული ჰაერსაწინააღმგდეგო თავდაცვის ძალებმა 40 დრონი ჩამოაგდეს.

მომხდარის გამო რამდენიმე საათით ჩაიკეტა ყირიმის ხიდი. შეჩერებული იყო როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო მიმოსვლა.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთი მესამედი ფაქტიურად განადგურებულია, საპასუხოდ კი მოსკოვი შეეცდება იერიში უკრაინის მოსახლეობაზე მიიტანოს.

„რუსები ახლა ხომალდების გადამალვას შეეცდებიან. თუ არ ვცდები, 75 ხომალდი ჰყავდათ და 50-მდე აქვთ დარჩენილი. ფაქტიურად, მესამედი განადგურებულია და ახლა რუსეთმა შესაძლოა დამსჯელი დარტყმები განაცხორციელოს ოდესაზე, ხერსონზე. როგორც სჩვევია ხოლმე - როცა რაღაცაზეა გამწარებული, ისევ მოსახლეობას დაარტყამს. ეცდება უკრაინელებს რაღაც მტკივნეული დარტყმა მიაყენოს.

„ოკუპირებული ყირიმი უკრაინელების საცეცხლე სამიზნეში მუდმივად იქნება. მუდმივად ცდილობენ, რომელიმე მეთოდით მიიტანონ იერიში ყირიმზე - ეს იქნება სპეცოპერაცია, წყალზედა დრონებით დარტყმა, თუ საჰაერო იერიშები", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაიაც ამბობს, რომ რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ინიციატივას კარგავს.

„ეს კატარღა, რომელიც უკრაინელებმა ჩაძირეს, ახალი ტიპის იყო. რუსული შავი ზღვის ფლოტიდან რა დარჩა, თავად არ ამბობენ, მაგრამ დაახლოებით 30%-ია ჩაძირული. რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ინიციატივას კარგავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას სახმელეთო და კონვენციური ტიპის შეიარაღება გამოელია.

„უკრაინის ფლოტი განადგურებულია, მაგრამ ასიმეტრიული საზღვაო დარტყმებით რუსეთს აჯობა და სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში რუსების შავი ზღვის ფლოტი ბლოკირებულიც აღმოჩნდეს", - განაცხადა მაისაიამ.

რა შეცვლის „ტაურუსები"

გერმანია ფრთხილობს უკრაინისთვის „ტაურუსის" ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტების გადაცემაზე. დასავლური მედიის ცნობით, კანცლერ ოლაფ შოლცის უარის მიზეზი ისაა, რომ ამ იარაღით უკრაინელებს შეეძლებათ რუსეთის სიღრმეში და მათ შორის მოსკოვზეც მიიტანონ იერიში, რაც ესკალაციის საფრთხეს გაზრდის.

ბრიტანული „გარდიანი" ქვეყნის მთავრობის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთი გერმანიას მოუწოდებს, რომ მიუხედავად გაჟონილი ინფორმაციისა, რომელიც ოფიცრების საუბარს ეხება, „ტაურუსის" ტიპის რაკეტები კიევს გადასცეს.

„დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას შორი მანძილის რაკეტები მიაწოდა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს იგივე გააკეთონ", - თქვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა მედიასთან.

ანონიმურმა წყარომ „გარდიანს" დაუდასტურა ისიც, რომ თებერვლის ბოლოს უკრაინაში მცირე რაოდენობით ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები ჩავიდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა ამოცანებს ასრულებდნენ ისინი „იმის შიშით, რომ ნებისმიერი პოტენციური ჩარევა მოსკოვმა შეიძლება ესკალაციად ჩათვალოს".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცახდებს, რომ უკრაინას „ტაურუსები" დიდ შეღავათს მისცემს. მისივე აზრით, საბოლოოდ ბერლინის უარყოფითი პასუხი შესაძლოა შეიცვალოს და იარაღი მიწოდებას დათანხმდეს.

„ტაურუსის" გადაცემის შემთხვევაში უკრაინას მიეცემა ის საშუალება, რომ თავისუფლად შეძლებენ ზემოქმედებას იგივე ყირიმის ხიდზე და 300 კმ-იან ოპერატულ-ტაქტიკურ სიღრმეზე. „ტაურუსი" ტექნოლოგიურად უფრო კარგია, ვიდრე „შტორმ შადოუ" და „ლანცეტი". ასე რომ, ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი იქნება, თუ გადასცემენ.

„გერმანელებს ხშირად უთქვამთ უარი და მერე მაინც გადაუციათ. იმედი მაქვს, მისცემენ. ეს უკრაინელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რომ ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეში მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილოვან ობიექტებზე დარტყმები განახორციელონ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ეჭვობს, რომ შოლცმა გადაწყვეტილება შეცვალოს.

„ტაურუსი" უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ რუსეთის არმიას ზურგისა და მომარაგების კომუნიკაციები გაუნადგუროს, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სერიოზული დარტყმები მიაყენოს და ფსიქოლოგიური ფაქტორი შექმნას.

„ძნელი სათქმელია საბოლოო ჯამში მისცემს თუ არა იარაღს გერმანია უკრაინას. დიდი ალბათობით, ალბათ თავს შეიკავებენ. ორი მიზეზია - ან ესკალაციისგან თავს იკავებენ, ან იმდენი იარაღი თავადაც არ აქვთ, რომ „ტაურუსები" უკრაიენელებს გადასცენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სცენარი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთზე დასავლეთის ქვეყნების თვდასხმის სავარაუდო სცენარი. სამინისტროს ოფიციალურ ჟურნალ „ვოენნაია მისლში" („სამხედრო აზრი") დაბეჭდილი ამ გეგმის თანახმად, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე თავდასხმა მასირებული საჰაერო-სახმელეთო, ან საჰაერო-საზღვაო დარტყმით დაიწყონ. მათივე განცხადებით, „ასეთი ოპერაცია შეიძლება იყოს უეცარი და გლობალური".

პუბლიკაციის ავტორების ცნობით, ამჟამად დასავლეთში იქმნება „ერთობლივი ოპერატიული ფორმირებები", რომლებშც გაერთიანებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარისო ნაწილების კომპაქტური და განსაკუთრებით მობილური ჯგუფები. ამავე სცენარის მიხედვით, ერთობლივი ოპერატიული ფორმირებების რაოდენობა „იქნება დაახლოებით 50-70% იმ მებრძოლთა საერთო რაოდენობისა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საომარ მოქმედებებში". აქტიური ეტაპისთვის მომზადების დროს კი ეს ქვედანაყოფები განახორციელებენ „პროვოკაციულ, დემონსტრაციულ და სხვა აგრესიულ ქმედებებს".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ გეგმის გამოქვეყნება „ომობანას თამაშია", რასაც, შესაძლოა, სულ სხვა მიზანი ჰქონდეს. მაგალითად, მოსალოდნელი ესკალაციის მომიზეზებით რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება.

„ესაა მორიგი დესინფორმაცია და მორიგი ომიბანას თამაშის მაჩვენებელია, მეტი არაფერი. რუსეთს ახლა თვითონ არ აქვს იმის თავი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი განახორციელოს - დასავლეთის ქვეყნებზე მით უმეტეს ნატოს წევრ ქვეყნებზე შეტევა, ან თავდაცვა. ამასთან, რუსეთზე თავდასხმას არც ნატო არ აპირებს, ეს საფუძვლიანად გამორიცხულია უახლოესი ათი წლის განმავლობაში.

„ეს რუსების ახალი პანიკაა, რომ არიქა თავს გვესხმიანო, რომელიც ისევ რუსი მოისახლეობის შეკვრაზეა გათვლილი და არაა გამორიცხული, რომ ამას მობილიზაციის გამოცხადება მოჰყვეს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი შესაძლოა თავად აპირებდეს რამეს.

„რუსეთს „ჩემი შენ გითხარიო", ასე გამოსდის. ის თავის გეოსტრატეგიულ ამბიციებს ამუშავებს და თავის ალიანსს ქმნის, სადაც შედის რუსეთი, ირანი, ბელარუსი, ჩრდილო კორეა. ფაქტიურად, დასავლეთი იძულებულია თავი დაიცვას. ეს იქნება ნატოს ეგიდით თუ ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი შეიქმნება - ეს ცალკე საუბრის თემაა.

„მაკრონმა ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება. მას არ უთქვამს, რომ უკრაინაში ნატოს ჯარები განთავსდება, არამედ დასავლეთი ახსენა და ვფიქრობ, რომ ეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ეროვნული კონტინგენტის განლაგებაზე თქვა, რომ,შესაძლოა უფრო ეფექტური იყოსო.

„ამავე სცენარს უკავშირდება რუსეთში მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების შექმნა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×