ელზა პაპოშვილი
04.03.2024

რუსეთმა, მას შემდეგ, რაც ავდიივკა აიღო, სწრაფი წინსვლის სერია დაიწყო და ცდილობს უკრაინის თავდაცვის ახალ ხაზის გარღვევა მოახერხოს, რაც დასავლეთში აძლიერებს იმის შიშს, რომ კიევის ტაქტიკა ახლა ფრონტის ხაზზე იმპულსურია, რაც დადებით შედეგებს არ მოიტანს.    

რუსეთის წინსვლა კი  უკრაინელი სამხედროებისთვის საბრძოლო მასალის ღრმა კრიზისის ფონზე ხდება, რაც ეგზისტენციალურ დებატებს ქმნის და ფრონტის ხაზზე  ჯარისკაცები, რომლებმაც საბრძოლო მასალა უნდა გაანაწილონ, კითხულობენ - რამდენ ხანს გაუძლებენ რუსეთის ზეწოლას. 

ამ ყველაფრის ფონზე კი, დასავლური მედია წერს, რომ უკრაინელი სამხედროების ახალმა მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ გასულ კვირაში ორჯერ გაკიცხა ოფიცრები საკვანძო ფრონტის ხაზზე ცუდი თავდაცვის გამო. სირსკიმ გააკრიტიკა გენერლების მხრიდან  „გარკვეული ხარვეზები“ და „არასწორი გათვლები“ . გენერალი ამბობს, რომ ავდიივკას ფრონტის ხაზზე მეთაურების მიერ არასწორი გათვლები პირდაპირ გავლენას ახდენს  თავდაცვის მდგრადობაზე გარკვეულ სფეროებში. 

სირსკი ამბობს, რომ მან შეცვალა რამდენიმე ოფიცერი, რომლებმაც „არ იცოდნენ სიტუაციის შესახებ“ და „პირდაპირ საფრთხეს უქმნიდნენ [მათი] ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

პესიმიზმი აღმოსავლეთ ფრონტზე

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ,  რუსული თავდასხმა უკრაინის ახალ თავდაცვით ხაზზე ავდიივკას ირგვლივ მნიშვნელოვანია არა თავად პატარა სოფლების ღირებულების გამო - სადაც საუკეთესოდ არის ათეულობით თავშესაფარი და დანგრეული შენობები - არამედ, იმიტომ, რომ არსებობს ეჭვი უკრაინელი ოფიციალური პირების არასწორ მუშაობასთან და დაგეგმარებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე. როგორც ირკვევა, ავდიივკადან ჯარის გაყვანა არასწორად იქნა დაგეგმილი  და მას შემდეგ უკვე რუსებმა ამ თავდაცვის ხაზზე თავდასხმა ადვილად შეძლეს. ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ ვერ შეაჩერებენ რუსეთის წინსვლას.   

რამდენიმე უკრაინელმა ჯარისკაცმა CNN-თან  გამოხატა პესიმიზმი ჯარის ავდიივკადან გაყვანის მნიშვნელობასა  და შემდგომი თავდაცვის შესახებ.  

ერთ-ერთმა სპეცდანიშნულების ჯარისკაცმა CNN-ს განუცხადა: „ეს ეხება არა იმდენად რუსების შეტევას და კარგ ბრძოლას, არამედ იმას, რომ ჩვენ ცუდად ვართ მომზადებული მათი შესაჩერებლად. სანამ არ გვექნება კარგი, მომზადებული პოზიციები, ჩვენ ვაგრძელებთ ტრიალს, ტრიალს და უკან დახევას“, - უყვება წყარო გამოცემას. 

ზეწოლის ქვეშ მყოფი ფრონტის ხაზის კიდევ ერთმა ოფიცერმა თქვა: „ჩვენ ვგრძნობთ რუსეთის უპირატესობას პერსონალში, საარტილერიო და ჯავშანტექნიკაში. ისინი თანდათან წინ მიიწევენ. აქ ბევრი ვარიანტი არ გვაქვს. დაბრუნდით, ან უბრალოდ დაელოდეთ სანამ ჩვენ ვიქნებით... რაც არ უნდა სევდიანი ჟღერდეს, სანამ ჩვენ ყველას მოგვკლავენ, იარაღის გარეშე… ეს არ არის ომი, რომლის ბრძოლაც ხმლით შეიძლება. ჩვენ დახმარება გვჭირდება“,-ამბობს ჯარისკაცი. 

უკრაინის არმიის მსხვერპლის რაოდენობა, როგორც წესი, საიდუმლოებით არის მოცული, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ გასულ კვირას 31,000 ჯარისკაცი დაიღუპა რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთში, ფრონტის ხაზთან მდებარე ერთ-ერთ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, დაინტერესებულმა ექიმმა CNN-ს აჩვენა დაზიანებების შესახებ მოხსენებების ყუთი, რომელიც მხოლოდ თებერვლის 20 დღის განმავლობაში ასობით იყო.

დრონის კადრებში სოფელ ორლივკადან, რომელიც რუსეთის მიერ ავდიივკას დასავლეთით მიმდინარე თავდასხმის ფოკუსს წარმოადგენს, ნაჩვენებია შენობების უმეტესობა ნანგრევებში და უზარმაზარ კრატერებში როგორ არის მოქცეული, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად ბრტყელ, მდინარისპირა რელიეფზე არის სულ განადგურებული. სასტიკი შეტაკებები გაგრძელდა ავდიივკას, ტონენკესა და ბერდიჩის მახლობლად მდებარე დანარჩენი ორი სოფლის გარშემო. 

აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე  ჯარისკაცებმა ასევე გამოხატეს მძიმე პესიმიზმი მომავალი გაზაფხულის მიმართ, თუ დასავლეთის დახმარება სასწრაფოდ არ იქნება განხორციელებული.  

რა ხდება ფრონტის ხაზზე და რა რისკების  წინაშე დგას უკრაინა  

„ჟურნალ არსენალის“  მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა უკრაინის ფრნტის ხაზზე სახარბიელო სიტუაცია არ არის. რუსეთი ამერიკიდან გაჯანჯლებული დაახმარების ფონზე, ცდილობს ისარგებლოს და დონეცკის ოლქის სრული დაკავება შეძლოს. ალადაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხაროდ სიტუაცია იმდენად რთულია, რომ მოვლენები შესაძლოა ნებისმიერი სცენარით  განვითარდეს. 

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა სწორად თქვა, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინის ფრონტზე შესაძლოა სიტუაცია ის გართულდეს, დასავლეთისგან ცოცხალი ძალის გაგზავნაც კი გახდეს საჭიროო. მან ეს უბრალოდ ერთ-ერთ ვარაინტად თქვა. როცა ეს ომი დაიწყო, უკრაინასა და დასავლეთს შორის ასეთი შეთანხმება შედგა, უკრაინამ თქვა, ცოცხალი ძალა ჩვენი, იარაღი თქვენი. ესე მიდიოდა მეტ-ნაკლებად სიტუაცია, თუმცა, ფრონტის ხაზზე დრო ძალიან გადამწყვეტია. დაგვიანებული დახმარების ფონზე, გარკვეული პრობლემები გაჩნდა. ამასთანავე, უკრაინას გარდა იმისა, რომ შეიარაღების და საბრძოლა მასალის მიწოდების პრობლემა აქვს, თავად უკრაინას აქვს პრობლემა ცოხალი ძალის. ამ ორ წლიანმა ომმა უკრაინაშიც დიდი მსხვერპლი მოიტანა.   

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი გადანცახდა, რომ 31 ათასი კაცია დაღუპული, მაგრამ, რელობაში დაღუპული 70 ათასი მაინც იქნება. პლუს დაახლოვებით 200 ათასამდე დაჭრილი, დასახიჩრებული და დაკარგული ხალხი. ახლა უკრაინას მობილიზაციაც უჭირს. არა აქვს ჩატარებული. რუსეთმა მოახერხა მობილიზაცია და ფრონტის ხაზზე შევსება აქვს. უკრაინამ თუ მობილიზაცია არ ჩაატარა, სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება. მოსახლეობაში ამდენი დანაკარგის შემდეგ, მოხალისედ ომში წასვლის სურვილი აღარავის აქვს. პირიქით, ე.წ. სამხედრო კომისარები იძულებულები არიან ხალხი ქუჩაში დააკავონ“,-ამბობს ალადაშვილი.    

მისივე თქმით, უკრაინაში ახლა როტაცია თითქმის არ ხორციელდება. ამიტომ ცოცხალ ძალაშიც უკრაინას სერიოზული პორბლემები აქვს. ალადაშვილი ამბობს, რომ ახლა ფრონტის ხაზზე მოვლენები უკრაინის სასარგებლოდ რომ განვითარდეს, პირველ რიგში ორ რამეს აქვს მნიშვნელობა - რამდენად სწრაფად მიიღებს დასავლეთიდან დახმარებას და მოახდენს თუ არა ჯარში როტაციას. სწრაფად მობილიზაციის გამოცხადებას და ჯარის გადახალისებას.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×