თამთა ჩაჩანიძე
03.03.2024

აშშ-ში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, ევროპაში უკრაინის საკითხზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა გამძაფრდა და საფრანგეთსა და გერმანიას შორის გარკვეული სკანდალიც კი აგორდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, უთანხმოების ძირითადი მიზეზი შესაძლოა ის იარაღი იყოს, რომლის გადაცემის შემთხვევაში უკრაინა რუსეთის ტერიტორიებს თავისუფლად მისწვდება და არაა გამორიცხული, რომ გერმანია ამაზე უკან იხევდეს. ასევე ერთ-ერთი თემაა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება უკრაინაში დასავლეთის ქქვეყნების საჯარისო ნაწილების შესაძლო შეყვანის შესახებ, რომლის წინააღმდეგაც ნატოს თითქმის ყველა წევრი ქვეყანა წავიდა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კიევის დახმარებაზე აშშ-ის კონგრესის შეუთანხმებლობის ფონზე, ევროპაში აგორებული ეს სკანდალი კიდევ უფრო კრიტიკულად აისახება უკრაინის ფრონტზე.

გარდა ამისა, 1-ლ მარტს რუსული სამთავრობო ტელეკომპანია „რაშა თუდეის" ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც, მისი მტკიცებით, გერმანელი ოფიცრები საუბრობენ უკრაინისთვის „ტაურუსის" ტიპის საშუალო სიშორის რაკეტების გადაცემასა და ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. ამაზე მოსკოვი და ბერლინი ერთმანეთს პასუხს სთხოვენ. გერმანიამ გამოძიება დაიწყო. დასავლური მედიების მტკიცებით კი, ჩანაწერი ავთენტურია. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ორ რამეზე მიუთითებს - რომ, ერთის მხრივ, რუსული სპეცსამსახურები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და მეორეს მხრივ, დასავლეთი უკრაინაში სხვადასხვა და მათ შორის ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება.

რაც შეეხება უშუალოდ ფრონტზე არსებულ სიტუაციას, ავდეევკის დაცემის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება მცირედით შეძლეს, თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ეს შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს, რადგან რუსეთს დონეცკის ოლქის სრული ოკუპაცია აქვს გეგმაში ამ მიმართულებით აძლიერებს ზეწოლას მოწინააღმდეგეზე. ამასთან, რუსეთი არ წყვეტს საჰაერო შტევებს. მორიგი ბარბაროსული დაბომბვა იყო ოდესაში, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებამ 3 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.

3 მარტის მონაცემებით, ოდესაში რუსული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის ორი ბავშვია - ერთ-ერთი მათგანი 3-დან 5 წლამდე ასაკის, მეორე კი 3 თვის, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან დედის ცხედართან ერთად ამოიყვანეს. ამასთან, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგანაც ნანგრევების ქვეშ კიდევ არიან ადამიანები მოყოლილი და მაშველებიც აგრძელებენ მუშაობას.

გერმანია-საფრანგეთის დაპირისპირება უკრაინის საკითხზე

გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კანცლერ ოლაფ შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როტმა „შპიგელისთვის" მიცემულ კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, შოლცსა და მაკრონს შორის „საქმეები კარგად არ მიდის", მაგრამ პოლიტიკოსებმა უნდა გააერთიანონ ძალები უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ფრანგულ-გერმანული დავა. ეს სახიფათოა უკრაინისათვის... არსებობს ღრმად ფესვგადგმული ერთმანეთის არგაგება... კანცლერი მართალია, რომ საფრანგეთმა მეტი უნდა გააკეთოს. უკრაინას ახლა სჭირდება პრაგმატული, სწრაფი დახმარება, განსაკუთრებით საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვისთან თვალსაზრისით", - განაცხადა როტმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა, როცა ევროპაში ადამიანები ერთმანეთის ზურგს უკან იმალებიან, „კრემლი იღიმება".

გერმანიის მართველი პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, აკსერ შერეფმა კი განაცხადა, რომ „მაკრონი შოლცზეა დამოკიდებული".

„მარტო საფრანგეთს თითქმის არ აქვს ეკონომიკური ძალა, რომ ევროპაში ლიდერობდეს, მაგრამ ჩვენ ხშირად ვთამდაბლობთ - შოლცმა ახლა ევროპაში ლიდერობა საკუტარ თავზე უნდა აიღოს, როგორც ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან მიმართებაში გააკეთა", - თქვა შერეფმა.

„ბლუმბერგმა" დაწერა, რომ საფრანგეთსა და გერმანიას შორის უკრაინის საკითხზე უთანხმოებაა, რაც „უზარმაზარ ზიანს აყენებს უკრაინას". მათი აზრით, მაკრონს პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტზე მკაფიო გზავნილი ჰქონდა - უკრაინას ომში გამარჯვებისათვის დახმარება გაუწიონ და რუსეთი აიძულონ უკან დაიხიოს, მისი განცხადების ქვეტექსტში კი იკითხებოდა „დამამცირებელი დამოკიდებულება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიმართ".

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ კი გადაჭრით უარყო რაიმე სახის დაპირისპირება.

„არავითარი ფრანგელ-გერმანული განხეთქილება არ არის. ჩვენ არსებული საკითხების 80%-ის შესახებ ვთანხმდებით. მე ჩემს გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს ვესაუბრე და მომავალ სამშაბათს ერთმანეთს პარიზში შევხვდებით. ერთმანეთთან საუბრის სურვილი არსებობს. აქ დრამა არ არის, რადგან ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს - მხარი დავუჭიროთ უკრაინას", - აღნიშნა სეჟურნემ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეჩერების ფონზე, გარკვეული უთანხმოება ევროპელ მოკავშრეებს შორის მოსალოდნელიც იყო.

„სამწუხარო რეალობაა, რომ ევროკავშირის წამყვან სახელმწიფლებს შორის დაპირისპირებაა უკრაინის საკითხზე. შოლცი ძალიან ფრთხილია და ფაქტიურად უარზეა, რომ რაიმე შეიარაღება გადასცეს უკრაინას. „ტაურუსი"საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსია, რომელთა მოქმედების რადიუსი 500-დან 2 ათას კილომეტრამდეა. ეს მოდერნიზირებული ვარიანტია, რომლითაც უკრაინას თავისუფლად შეუძლია რუსეთის ტერიტორიებს მისწვდეს. ასევე შოლცი უარზეა უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების განთავსებაზე, რა იდეაც მაკრონს ჰქონდა. თუმცა მგონია, რომ მაკრონის განცხადება არასწორად გაიგეს ევროპელმა ლიდერებმა - მან ეს თქვა ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევისთვის.

„ევროკავშირმა უკვე აღარ იცის როგორ დაეხმაროს უკრაინას, როცა ამერიკა ახლა ფაქტიურად გათიშულია და ამ გამოსავლის ძიებაში დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იქნებოდა. უკვე იმაზეცაა ნაფიქრი, რომ იარაღი უკრაინას თავისი სტრატეგიული რეზერვებიდანაც მიაწოდონ, რაც თავად ამ სახელმწიფოსთვისაა რისკის შემცველი. ამერიკელების დახმარების გარეშე ვეროპა სიტუაციას ვერ გამოასწორებს. შოლციც ამას ელოდება, თუ რას გადაწყვეტს აშშ, როგორც ნატოს ლიდერი ქვეყანა.

„საფრანგეთი სამხედრო სამრეწველო კუთხით გაცილებით ძლიერია, ვიდრე გერმანია. მაკრონს სურს თავის თავზე აიღოს კრიტიკული სიტუაციის მართვა და მას ამის შასუალებას არ აძლევენ. თან ფრონტზე სიტუაცია არასახარბიელოა. უკრაინამ სიტუაცია სათავისოდ კი შეატრიალა, მაგრამ ეს შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს, რადგან რუსები კარგად ემზადებიან. მათი მხრიდან უკვე მთლიანი დონეცკის ოლქის ოკუპაციაზეა საუბარი", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაზე ადეკვატური პოზიცია საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს, გერმანია კი ზედმეტად ფრთილობს.

„ყველაზე ადეკვატური პოზიცია საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს. გერმანია, როგორც ყოველთვის, ზედმეტად ფრთხილობს. მათ ეშინიათ, რომ ეს იარაღი, რომლის უკრაინისთვის გადაცემასაც აპირებენ, რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად არ გამოიყენონ. მერე რუსული პროპაგანდა გერმანიას ბრალს დასდებს და ბერლინს სწორედ ეს არ უნდა.

„ამავე დროს, ფრონტზე შექმნილი სიტუცაიიდან გამომდინარე, საბოლოოდ დიდი არჩევანი არ დარჩებათ. გერმანია ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი და მერე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თანხმდება ხოლმე. ახლა კი მით უმეტეს ზეწოლა გრძელდება გერმანიაზე, როგორც ბრიტანთის, ისე საფრანგეთის მხრიდან. ეს ალბათ უფრო დროის საკითხია, თუ როდის დათანხმდება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

გერმანელი ოფიცრების ჩანაწერი რუსულ მედიაში

გერმანიის შესაბამისი სამსახურები იძიებს რუსეთის მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები მსჯელობენ უკრაინისთვის „ტაურუსის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებასა (რაც შოლცმა საჯარო განცხადებებში უარყო) და ყირიმის ხიდზე დარტყმის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაცია „რაშა თუდეის" ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა 1-ლ მარტს გაავრცელა. ჩანაწერი დაახლოებით 40 წუთიანია და მასზე ასახული საუბარი, სიმონიანის თქმით, 19 თებერვალს შედგა. გერმანიაში ამას შეშფოთება მოჰყვა და რუსეთს ახსნა-განმარტებას სთხოვენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პირიქით, ახსნა-განმარტებას ბერლინისგან ითხოვს. 2 მარტს უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ბუნდესვერს მზაკვრული გეგმები აქვს".

„ამ ძალიან საინტერესო ჩანაწერში ბუნდესვერის მაღალჩინოსანი ოფიცრები განიხილავენ, თუ როგორ დაბომბავენ (ყურადღება!) ყირიმის ხიდს და როგორ შეიძლება ეს ისე მოხერხებულად გააკეთონ, რომ შოლცმა კვლავაც იძახოს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო", - წერს მარგარიტა სიმონიანი.

„უოლ სთრით ჟორნალი" კი წერს, რომ ამ ჩანაწერის გაჟონვამ შესაძლოა დაძაბოს გერმანიის ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებთან. გამოცემის მტკიცებით, მათ გერმანელმა მაღალჩინოსნებმა ჩანაწერის ავთენტურობა დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ოფიცრები საუბარი „ვებექს"-ის ონლაინ საკონფერენციო პლატფორმაზე შედგა, რომელიც ფართოდ გამოიყენება გერმანიის სამხედრო და სხვა საიდუმლო სააგენტოების მიერ. ამასვე ადასტურებს გერმანული „ბილდი", რომელთანაც უწყება, რომელიც აღნიშნულს იძიებს ამბობს, რომ გამოძიების ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსმენებთან დაკავშირებული სხვა ინციდენტები არ გამოვლენილა.

სამხედო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩანაწერი ამტკიცებს ორ რამეს - ერთის მხრივ რუსული სპეცსამსახურები განსაკუთრებით ამუშავდნენ, მეორეს მხრივ კი დასავლეთში ომის გარკვეულ სცენარებისთვის დაიწყეს მზადება.

„ბუნდესვერის მაღალი დონის ოფიცრების ჩანაწერის მოპოვება ნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ გააქტიურდნენ. ჩანს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საკმაოდ გააძლიერეს. ზელენსკის განცხადება უფრო მაფიქრებს - რომ რუსები უკვე სამხედრო სტრატეგიულ გეგმებსაც კი ხელში იგდებენო. ეს უკვე ძალიან სერიოზული გამოწვევაა.

„სიმართლე გითხრათ, გერმანია არაფერს არ აპირებდა. ალბათ ფინანსურ დახმარებას და დიდი შეიარაღების გადაცემას ფიქრობს და არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლო სცენარებზე იყო საუბარი, რომ რუსული შეტევისთვის ხელი შეეშალათ.

„ეს მომენტი ჩვენთისაც ცუდია. ეს ნიშნავს, რომ რუსების სპეცსამსახურები აგენტურულ მუშაობას ჩვენთანაც დაიწყებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას აზრით კი, ამ ჩანაწერის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა გამოსავალს ეძებს უკრაინისთვის.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა ცდილობს გამოსავალი მოძებნოს იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინაში სიტუაცია უარესობისკენ შეიცვლება. ამასთან, მაკრონის განცხადებების მთავარი მიზანიც ის იყო, რომ რუსეთი შეაკავოს - რომ თუ რუსები წინ წაიწევენ, იცოდნენ, რომ დასავლეთი ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

„როცა მაკრონის მხრიდან დასავლური ჯარების განთავსებაზეა საუბარი, გარკვეულწილად გამაფრთხილებელი ნიშანია, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ესკალაცია. ეს შემაკავებელი ფსიქოლოგიური ფაქტორია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×