ნაზი ბერიძე
12.02.2024

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს, ალიანსი პასუხობს: „ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი, - ნათქვამია, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

„ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს", - აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ასევე ამბობს, რომ ნატო-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება. „უგუნური განცხადებები ნატო-ს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ ემსახურება მხოლოდ პუტინის ინტერესებს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ შეიარაღებული თავდასხმა ალიანსის წევრზე განიხილება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ.

„ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და განაცხადა: "კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და თავს დაგვესხმება რუსეთი, დაგვიცავთ?", - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნული ქვეყნის მეთაურს უთხრა: „მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები", - აღნიშნა ტრამპმა.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსს" ეუბნება რომ ეს არის სტოლტენბერგის პასუხის ტრამპის სკანდალურ განცხადებაზე, რომ თავი აერიდებინა ნატოში შიდა განხეთქილებებისგან.

„სტოლტენბერგმა პასუხი გასცა ტრამპის სკანდალურ განცხადებას, სადაც გაიხსენა ისტორია თუ როგორ დაემუქრა ერთი დიდი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელს, თუ არ გადაიხდიდნენ გადასახადს. პრინციპში ტრამპის მოთხოვნა აბსოლუტურად ლოგიკური იყო და კანონიერი - ის ამბობდა, რომ ამერიკამ როდემდე უნდა დაგიცვათ, თქვენზე მეტი შენატანი ნატოში რატომ უნდა ჰქონდეს, როცა თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ. იმ დროს ტრამპი მართალი იყო, მაგრამ, რაც ახლა განაცხადა - ვინც არ გადასახადს შეიტანს მას არ დაიცავს ამერიკა, ეს არ არის სწორი. ეს შიდა განხეთქილების მაჩვენებელია ნატოში, ამიტომ ტრამპის ეს განცხადება სასწრაფოდ დაგმო როგორც თეთრმა სახლმა, ასევე ნატოს წევრმა ქვეყნების ლიდერებმაც.

„რაც შეეხება თავდასხმის საფრთხეს, ეს არავინ არ იცის. ჯერჯერობით რუსეთი დაკავებულია უკრაინასთან ომში. იქედან გამომდინარე, თუ როგორ დამთავრდება რუსეთ უკრაინის ომი ეს განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკას" - უთხრა „რეზონანსს" ალადაშვილმა.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე: „ტრამპის განცხადების საპასუხოდ გააკეთა სტოლტენბერგმა ეს განცხადება. ტრამპმა თავისი უპასუხისმგებლო განცხადებით გააჩინა გარკვეული სკეპტიციზმი, გარკვეული შიში ნატოს წევრ ქვეყნებში. სტოლტენბერგმა მიანიშნა, რომ ნატო არის ერთიანი. აქედან გამომდინარე მე-5 მუხლი აუცილებლად ამოქმედდება.

„რაც შეეხება უშუალოდ საფრთხეს - დღევანდელ დღეს აღნიშნული საფრთხე არ არსებობს, რადგანაც ის რესურსები რუსეთს, ამ პოტენციალით ვერ გაბედავს ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას, მით უმეტეს რომ უკრაინასთან ომი არ დაუსრულებია და ეს ომი გაგრძელდება.

„უარესი შემთხვევა რომ განვიხილოთ, თუ რუსეთი იმარჯვებს უკრაინაში, შეიძლება მერე მადა გაუჩნდეს რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაესხას თავს იმ მოტივით რომ თითქოს ბალტიისპირეთი ერთ დროს შედიოდა რუსეთის იმპერიაში, შემდეგ საბჭოთა იმპერიაში. მაგრამ ამის შანსი მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში არ არსებობს და იმედია არც მომავალში არ იარსებებს ",-განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×