თამთა ჩაჩანიძე
09.02.2024

ამ ღამით ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვრცელი ინტერვიუ, რაც პირველი პრეცენდენტია ომის დაწყებიდან. ამის გამო ინტერვიუს ანონსი ტვიტერზე ას მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მას, შეიძლება ითქვას, მილიონობით ადამიანი ელოდებოდა მთელ მსოფლიოში. ამ მომენტისთვის, როცა ეს სტატია იწერება, ტვიტერზე 100 მილიონამდე ადამიანს აქვს ინტერვიუ ნანახი, ის ბევრმა კონსერვატორმა გააზიარა, მათ შორის ილონ მასკმაც.

ტაკერ კარლსონი მოსკოვში 1-ელ თებერვალს ჩავიდა. მანამდე აცხადებდა, რომ მსგავსი ინტერვიუს მომზადებისას მრავალი რისკი არსებობდა, ამიტომ ამის შესახებ მრავალი თვის განმავლობაში ფიქრობდა. ორსაათიანი ინტერვიუს მთავარი ღერძი რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთ-ნატოს ურთიერთობაა.

„2022 წლის 24 თებერვალს, როცა უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო, მიმართეთ თქვენს ქვეყანას და ერს. თქვენი თქმით, შესაძლებელი იყო ნატოს დახმარებით შეერთებულ შტატებს მოულოდნელი შეტევა განეხორციელებინა რუსეთზე. ამერიკელებისთვის ეს პარანოიას ჰგავს. რატომ ფიქრობთ, რომ ამერიკამ შეიძლება მოულოდნელი დარტყმა მიაყენოს რუსეთს? როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე?" - ჰკითხა ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტს, პუტინმა კი ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას „ეს არასოდეს უთქვამს".

ამის შემდეგ, პუტინმა ტაკერ კარლსონს შესთავაზა ვრცელი ისტორიული „მიმოხილვის" ნახევარ საათიანი მისეული ვერსია, რომელიც მოცავდა მეცხრე-მეცამეტე საუკუნეებს, სადაც ამტკიცებდა, რომ „უკრაინა რუსეთის ნაწილია". ინტერვიუს დროს პუტინმა კარლსონს ის ისტორიული დოკუმენტებიც გადასცა, რაზე დაყრდნობითაც ეს „ისტორიული ექსკურსი" შესთავაზა ჟურნალისტს.

ინტერვიუ საერთო ჯამში ორსაათიანი იყო, აქედან პუტინმა მეოთხედი დრო ისტორიულ მიმოხილვას დაუთმო, რა დროსაც იგი მეორე მსოფლიო ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლონეთმა ფაშისტური გერმანია აიძულა, რომ მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირიდან ჩეხოსლოვაკიის დაყოფით დაეწყოთ.

ტაკერ კარლსონის კითხვაზე, თუ უკრაინის ნაწილები ასობით წლის განმავლობაში რეალურად რუსული მიწებია. რატომ არ სცადა მათი აღება ჯერ კიდევ 24 წლის წინ, როცა პუტინი პრეზიდენტი გახდა და იარაღიც ჰქონდა, პუტინმა ტაკერ კარლსონს კვლავ გრძელი „ისტორიული" შემოვლითი პასუხი გასცა.

„შტატებში ბევრი ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ნორმალური იქნებოდა. თუმცა, პირიქით მოხდა. თქვენ არასოდეს ხსნით რატომ მოხდა ეს. დასავლეთს შეიძლება ეშინოდეს ძლიერი რუსეთის, მაგრამ დასავლეთს არ ეშინია ძლიერი ჩინეთის?" - ჩაეკითხა ტაკერ კარლსონი პუტინს, რუსეთის პრეზიდენტმა კი კვლავ ვრცელი პასუხი გასცა.

„დასავლეთს ძლიერი ჩინეთის უფრო ეშინია, ვიდრე ძლიერი რუსეთის, რადგან რუსეთში 150 მილიონი ადამიანია, ხოლო ჩინეთში მილიარდნახევარი. ჩინეთის ეკონომიკა ნახტომებით ვითარდება - წელიწადში ხუთ პროცენტზე მეტი. უფრო მეტიც იყო. მაგრამ ეს საკმარისია ჩინეთისთვის. ბისმარკმა ერთხელ თქვა: მთავარია პოტენციალი. ჩინეთის პოტენციალი კოლოსალურია, ის დღეს მსოფლიოში პირველი ეკონომიკაა მსყიდველობითი უნარის პარიტეტისა და ეკონომიკური მოცულობის თვალსაზრისით. მათ აშშ-ს უკვე საკმაოდ გაუსწრეს და ტემპი იზრდება.

„ახლა ნუ ვილაპარაკებთ ვის ვისი ეშინია, მოდით ვისაუბროთ იმაზე, რომ 1991 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი „ცივილიზებული ხალხების" ძმურ ოჯახში შეყვანას ელოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენ მოგვატყუეთ - როდესაც მე ვამბობ "თქვენ", მე არა პირადად თქვენ, არამედ შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ, დაგპირდით, რომ ნატოს გაფართოება არ იქნებოდა აღმოსავლეთით, მაგრამ გაფართოების ხუთი ტალღა იყო, ყველაფერს გავუძელით",- თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ 2000 წელს, მოსკოვში ჩასულ აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს ნატოში რუსეთის გაწევრიანების შესაძლებლობაზე ჰკითხა და პასუხად კლინტონისგან თავშეკავებული რეაქცია მიიღო. კარლსონის კითხვაზე, თუ საპასუხოდ დადებით პასუხს მიიღებდა, მოსკოვი რას გადაწყვეტდა, პუტინმა განაცხადა: „რომ ეთქვა „დიახ" დაახლოების პროცესი დაწყებული იქნებოდა და საბოლოოდ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თუკი დავინახავდით პარტნიორების გულწრფელ სურვილს".

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არსებობდა დაპირება იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთით ნატო არ გაფართოვდებოდა, თუმცა რუსეთი „გადააგდეს" და პროცესი მაინც დაიწყო.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები. როგორც ჩანს, წინააღმდეგი იყვნენ გერმანია და საფრანგეთი, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ევროპული ქვეყანა", - განაცხადა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოგვიანებით მან გაარკვია, რომ ქვეყნებზე ჯორჯ ბუშმა მოახდინა ზეწოლა და ისინი „იძულებულები გახდნენ დათანხმებოდნენ".

„შემდეგ თქვეს, უკრაინა ნატო-ში არ იქნებაო. მე ვთქვი, ვიცი, რომ 2008 წელს დათანხმდით, მაგრამ, რატომ არ დათანხმდებით ამას მომავალში? მათი პასუხი იყო - „მაშინ ისინი გვაიძულებდნენ". მე ვამბობ, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ ისევ არ მოახდენენ შენზე ზეწოლას და შენ ისევ დამეთანხმები. ეს რაღაც სისულელეა. უბრალოდ, არ მესმის ვის უნდა ველაპარაკო იქ. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ, მაგრამ ვისთან ერთად? სად არის გარანტიები?", - აღნიშა პუტინმა.

ამასთან, როგორც პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას აღნიშნა, თუ ვინმეს აქვს რეგულარული ჯარების გაგზავნის სურვილი, ეს კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს.

„უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლთა უმეტესობა პოლონეთიდანაა, მეორე ადგილზე არიან დაქირავებულები აშშ-დან, მესამეზე - საქართველოდან. თუ ვინმეს აქვს რეგულარული ჯარების გაგზავნის სურვილი, ეს, რა თქმა უნდა, კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე დააყენებს", - აღნიშნა პუტინმა.

ჟურნალისტმა პუტინს ამერიკელი სენატორის განცხადებაზე საკუთარი აზრის დაფიქსირება სთხოვა, რომელიც ტაკერის თქმით, ამბობდა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ან საბოლოოდ ამერიკელ ჯარიკისაცებს უკრაინაში უკრაინის ნაცვლად მოუწევთ ბრძოლა.

„ეს არის პროვოკაცია, თანაც იაფფასიანი პროვოკაცია. არ მესმის, ამერიკელმა ჯარისკაცებმა რატომ უნდა იბრძოლონ უკრაინაში", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის აზრით, უფრო რაციონალურია რუსეთთან შეთანხმება და იმის გააზრება, რომ რუსეთი ბოლომდე განაგრძობს ბრძოლას საკუთარი ინტერესებისთვის.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

„ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანია დენაციფიკაცია. ეს გულისხმობს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დასრულდა სტამბოლში გასული წლის დასაწყისში", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მოლაპარაკებები მათი ინიციატივით არ დასრულებულა. ამბობს, რომ მას ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს, რომ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერისთვის რუსეთს საჭირო პირობები უნდა შეექმნა.

„ჩემმა კოლეგებმა საფრანგეთიდან და გერმანიიდან თქვეს: „როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, იარაღით თავში? კიევიდან ჯარები უნდა გავიდნენ". მე ვთქვი, კარგი, და ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები კიევიდან", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა „ნაგავში გადაყარეს" შეთანხმება, რომელსაც სტამბოლში მიაღწიეს და მოემზადნენ ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის შეერთებული შტატებისა და მისი მხარდამჭერების დახმარებით ევროპაში.

„შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ქმედებების ინტენსიფიკაცია და იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ ამ ომის დასრულება, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, 2014 წელს დაიწყო დონბასში. მე უფრო ღრმად დაგაბრუნებთ. 1991 წელს, როდესაც ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ნატო-ს არ გააფართოებენ. დავბრუნდეთ 2008 წელს, როდესაც ნატო-ს კარი გააღეს, დავუბრუნდეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც მან თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დავუბრუნდეთ იმას, რომ ნატო-ს ბაზები, ამერიკული, ინგლისური ბაზები გაჩნდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ამ საფრთხეებს ქმნიდა ჩვენთვის. დავუბრუნდეთ იმას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს 2014 წელს უკრაინაში. უაზროობა?! ხომ?! ეს ბურთი შეგვიძლია, წინ და უკან ვაგორაოთ მუდმივად, მაგრამ მათ ხომ შეწყვიტეს მოლაპარაკებები. შეცდომაა?! - კი, გამოასწორეთ ის. ჩვენ მზად ვართ. მეტი რაღა?!" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას სჯერა, რომ საბოლოოდ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან.

„ადრე თუ გვიან შევთანხმდებით. გამოიცანით, რა? დღევანდელ ვითარებაში შეიძლება, უცნაურადაც კი ჟღერდეს: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში საუბრისას.

ვლადიმირ პუტინი რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლების წინაპირობად გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის გათავისუფლებას აყენებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში მიანიშნა.

ჟურნალისტმა პუტინს შესთავაზა კეთილი ნება გამოეჩინა და ევან გერშკოვიჩი გაეთავისუფლებინა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთმა კეთილი ნების ჟესტები ამოწურა, თუმცა „პარტნიორების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების შემთხვევაში" გერშკოვიჩის გათავისუფლება შესაძლებელია.

„აშშ-ის ერთ-ერთ მოკავშირე ქვეყნის ციხეში ზის ადამიანი, რომელმაც პატრიოტული შეხედულებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში მოახდინა ბანდიტის ლიკვიდაცია. კავკასიაში განვითარებული მოვლენების დროს იცით, რას აკეთებდა ეს ბანდიტი?! არ მინდა თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ის მძევლად აყვანილ რუს სამხედროებს გზაზე გამოდებდა და მანქანით თავზე უვლიდა. რა ადამიანია ეს ან საერთოდ ადამიანია კი? მაგრამ მოიძებნა პატრიოტი ადამიანი, რომელმაც მისი ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. საკუთარი ინიციატივით გააკეთა ეს თუ არა - ეს სხვა საკითხია", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, ჟურნალისტმა ტაკერ კალრსონმა ვლადიმერ პუტინს ჰკითხა, რატომ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რომელიც, ტაკერის თქმით, აკონტროლებს ზელენსკის ადმინისტრაციას უკრაინაში.

„ზელენსკის ადმინისტრაციამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. მე ამას ვამბობ გამომდინარე იქიდან, რომ მათ ეს გააკეთეს ვაშინგტონის მითითებებით. ვაშინგტონში თუ ხედავენ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, დაე, უარი თქვან მასზე", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×