ელზა პაპოშვილი
08.02.2024

მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ამერიკის სენატში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც, სხვასთან ერთად, უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებდა, ზედა პალატის დემოკრატიებმა მოამზადეს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელსაც კენჭს ხუთშაბათს უყრიან, და მისი ბედი თბილისის დროით  პარასკევს ადრეულ დილით გახდება ცნობილი. პროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს, 60 ხმა სჭირდება, მის ავტორებს კი ხუთშაბათს საღამოსთვის მხოლოდ 58 ხმა ჰქონდათ, თუმცა გამალებით მუშაობდნენ, დარჩენილი ორი სენატორის გადასაბირებლად.

თუ ამერიკა უკრაინას სასწრაფოდ არ დაეხმარება, ეს უცილობლად აისახება ბრძოლის ველზე და რუსეთს დამატებით ფორას მისცემს. პრინციპში, ბევრი სამხედრო სპეციალისტი აცხადებს, რომ შეიარაღების დეფიციტი უკვე ახდენს გავლენას უკრაინის ჯარის ბრძოლისუნარიანობაზე. 

მანამდე, 7  თებერვალს სენატმა ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც მოიცავდა. კერძოდ, 118-მილიარდიანი პაკეტიდან უკრაინას 60 მილიარდი ერგებოდა, დანარჩენი კი ისრაელის და ტაივანის, ასევე ღაზას მაცხოვრებლების ჰუმანიტარულ დამხარებას ითვალისიწნებდა, ისევე როგორც სპეციალური ზომების გატარებას ამერიკის საზღვრის განსამტკიცებლად. თუმცა ეს პროექტი რესპუბლიკელებმა, ტრამპის მხარდაჭერითა და მოწოდებით, ჩააგდეს.

ამის შემდეგ დემოკრატებმა სენატს წარუდგინეს ახალი პროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და მხოლოდ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ეხება. აქ ამერიკული მედია წერს, რომ მხარდაჭერის შანსი მაღალია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი დაბრკოლება, რომ კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, ქვედა, წარმომადგენელთა პალატის (კონგრესი) მხარდაჭერაც სჭირდება, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, და სადაც ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია. ამიტომ, ამ პროექტის ბედიც ამ ეტაპზე ასევე ბუნდოვანია მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსია, სენატმა ის მოიწონოს. 

ამ პრობლემების ფონზე, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონში დაიწყეს მსჯელობა სხვა შესაძლო სქემებზე, კერძოდ შეიარაღების გაცვლაზე მესამე ქვეყნებთან, რის შედეგადაც აშშ შეიარაღებას გადასცემს სხვა ქვეყნებს, ისინი კი - უკრაინას. ასევე საქმე შეიძლება შეეხებოდეს ევროკავშირის მიერ აშშ-ში შეიარაღების შესყიდვას შემდგომ უკრაინისთვის გადასაცემად. მაგრამ, როგორც გამოცემა წერს, ვერცერთი ეს სქემა სრულფასოვნად ვერ შეცვლის აშშ-ის მხრიდან პირდაპირ დაფინანსებას. 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის გამო ტრამპი გააკრიტიკა. თქვა, რომ ეს კანონმდებლებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუ მხარს დაუჭერდნენ პაკეტს.

თეთრი სახლში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე დიდი სიფრთხილით ანაწილებენ საბრძოლო მასალას, რადგან შიშობენ, რომ მარაგი ამოიწურება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, რუსები ცდილობენ, ისარგებლონ მომენტით და შეუტიონ უკრაინულ პოზიციებსა და მშვიდობიან ქალაქებს.

„რუსებმა ეს იციან. ამიტომაც ისინი აგრძელებენ დრონებისა და რაკეტების გაშვებას - რათა აიძულონ უკრაინელები, გამოიყენონ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რომლის ჩანაცვლებაც, იციან, რომ ახლა არ ხდება“, - აღნიშნა კირბიმ.  

„ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, დღეს ნამდვილად საფლავში ბრუნავს. გრცხვენოდეთ!“ - წერს პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი ტვიტერზე.  

 სამხედრო ანალიტირკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი ისევ ჩავარდა ეს კანონპროექტი, მისი შეტანა უახლოეს პერიოდში ვეღარ მოხერხდება. ამასთან, სენატმა მხარი რომც დაუჭიროს ალტერნატიულ  კანონპროექტს, წარმომადგენლობით პალატაში მას ისევ პრობლემები შეექმნება.  

„საკმაოდ ცუდი სიტუაციაა და არ არის ეს უკრაინისთვის მარტივად გადასატანი ამბავი. კი ბატონო, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 50-მილიარდიანი პაკეტი, მაგრამ ეს არის 4 წელზე გაწერილი დახმარება. გამოდის, რომ უკრაინა ამ წელს დაახლოებით 12-13 მილიარდ ევროს მიიღებს. 

„(ამერიკული დამხარების)  შეჩერებამ, შესაძლოა ფრონტზე, საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანოს. უკრაინა წმინდა სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისიდან  გამომდინარე, ამ დახმარებით ძალიან ბევრ რამეს შეძლებდა. ახლა კი უკრაინის შეიარაღებული ძალები ყუმბარების სერიოზულ შიმშილს განიცდის. რუს ოკუპანტებს კი ამით ეძლევათ იმის საშუალება, რომ უკრაინაზე წნეხი კიდევ უფრო  გააძლიერონ. ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში როგორ ხდება უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბომბვა და საჰაერო შეტევები. სამწუხაროდ რუსეთს აქვს იმის რესურსი, რომ კონტრშეტევა დაიწყოს და ეს საფრთხე რეალურად არსებობს. სიტუაცია კიდევ უფორ გართულდება. თან ეს კანონპროექტი  სენატში, რომც გავიდეს, საჭირო ხდება კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებაც. ტრამპი იქ უფრო დიდი გავლენით სარგებლობს, ამიტომ იმედი არ მაქვს, რომ უკრაინის და ისრაელის დახმარება იქ გავა“, - ამბობს ანალიტიკოსი. 

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ რუსებმა წნეხი გააძლიერონ მარინკასა და ავდეევკაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დსახლებებია დონბასის სრულად გასაკონტროლებლად. ეს უკრაინის შიდა პოლიტიკაზეც მძიმედ აისახება და არაა გმროიცხული, შეიარაღებული  ძალების სარდალ ზალუჟნისა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×