ნაზი ბერიძე
08.02.2024

ამერიკელი კონსერვატიული ჟურნალისტის მოსკოვში ჩასვლამ და პუტინთან ინტერვიუს ჩაწერამ, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტერვიუს 4-წუთიანმა ანონსმა, რომელიც ტვიტერზე დაიდო, ლამის რეკორდები მოხსნა და ნახვების რაოდენობით 100 მილიონს მიღწია. კოდური სიტყვები „ტაკერი" და „კარლსონი" ყველაზე ტრენდულია ტვიტერში (რომელსაც ახლა „იქსი" ჰქვია). თუმცა ასევე პოპულარულია სიტყვა „მოღალატე", რაშიც ტაკერ კარლსონს სდებენ ბრალს.

„ფოქს ნიუსის" ყოფილი წამყვანი კი ირწმუნება, რომ ინტერვიუს გაკეთება სურდა, რადგან „ამერიკელებს აქვთ უფლება იცოდნენ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ომის შესახებ, რომელშიც ისინი არიან ჩართულნი".

ეს არის პუტინის პირველი ინტერვიუ დასავლელ ჟურნალისტთან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ინტერვიუ თბილისის დროით პარასკევს დილის 3 საათზე დაიდება ტვიტერზე.

ტაკერ კარლსონის მტკიცებით, ილონ მასკმა პირობა დადო, რომ ინტერვიუ მის მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელში არ დაიბლოკება. თუმცა დარწმუნებულია, რომ სხვა სოცქსელები დაბლოკავენ.

მეტიც, გავრცელდა ცნობა, რომ ევროკავშირი მის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს რომელიღაც ცალკეული ევროდეპუტატის განცხადება იყო, და ინფორმაცია ამ მომენტისთვის არ დასტურდება.

ამ ცნობის საპასუხოდ ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ თუ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილება მიიღებდა, ეს ბევრი ამერიკელის გაბრაზებას გამოიწვევდა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ასევე დაადასტურა, რომ შეხვედრა პუტინსა და კარლსონს შორის სამშაბათს შედგა.

თუმცა მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა თქვა: „ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც ამ სიტუაციაში უსაფრთხოა, პუტინის ჰააგაში დაკითხვაა." მისი შენიშვნა ეხებოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გამოცემულ დაპატიმრების ორდერს, რომელშიც ვლადიმერ პუტინს ბრალს სდებდნენ ომის დანაშაულებში და უკრაინიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაში.

ტაკერ კარლსონის მოსკოვში ვიზიტი რუსეთის სახელმწიფო მედიაში აქტიურად გაშუქდა, როგორც იმის ინდიკატორი, რომ პუტინის იზოლირება ვერ ხერხდება.

კარლსონმა ინტერვიუს მიზეზად დაასახელა, რომ „ამერიკელების უმეტესობა არ არის ინფორმირებული" კონფლიქტის შესახებ, რომელიც „მსოფლიოს გადაკეთებას" ახდენს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მისი თქმით, დასავლელმა ჟურნალისტებმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - რომელსაც მანამდე „დიქტატორს" უწოდებდნენ - ბევრჯერ გამოკითხეს.ზელენსკის მოთხოვნაა, რომ აშშ უფრო მეტად იყოს ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში.

ტაკერ კარლსონი ომის დაწყების შემდეგ პუტინის ერთგვარი დამცველია. რუსეთის შეჭრამდე მან განაცხადა, რომ „პუტინის სიძულვილი გახდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი", მაგრამ მოუწოდა თავის მაყურებლებს, ჰკითხონ საკუთარ თავს, რატომ. რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, მან ოდნავ შეცვალა ტონი სხვა შოუს დროს და თქვა: „ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ეს ომი... ის არის დამნაშავე იმაში, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ".

ტაკერ კარლსონი იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური მიმომხილველი და კონსერვატიულ ტელეარხ „ფოქს ნიუსზე" მუშოაბდა. მისი თოქ-შოუები ხშირად ადგენდა კონსერვატორების და, შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგს. 2016-2023 წლებში იგი ძალიან გავლენიანი იყო, როგორც პრაიმტაიმის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი, თუმცა შარშან გაუშვეს სამსახურიდან და ტვიტერზე გადაბარგდა, სადაც მისი პოპულრობა კიდევ უფრო გაიზარდა და „ფოქს ნიუსის" სატელევიზიო შოუებსაც გაუსწრო.

თსუს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ინტერვიუს არსი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაა.

„თვითონ ეს ჟურნალისტი არის ძალიან წინააღმდეგობრივი პერსონა, ბოლოს „ფოქს ნიუსში" მუშაობდა, მანამდე „სიენენზე", თუ არ ვცდები, ბოლო პერიოდში ძალიან აფილირებული იყო დონალდ ტრამპთან და არის მოსაზრება, რომ რეალურად ამას აკეთებს ტრამპთან რაღაცა შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაციას, რასაც გამოიტანს, წაადგება ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას.

„ასეთი ვარაუდი არსებობს რომ ინტერვიუს მთავარი არსი ეგ არის, რომ ტრამპი გამოიყვანონ სოლიდურ პერსონად, რომელსაც შეუძლია პუტინთან დალაპარაკება და ამ ომის შეწყვეტა," -განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×