ელზა პაპოშვილი
07.02.2024

უკრაინაზე რუსეთი მასობრივ საჰაერო შეტევას განაგრძობს - აფეთქებებია უკრაინის დედაქალაქში, ასევე კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის ოლქებში. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. რაკეტების გარდა, დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატები.

თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და, ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის, გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. შედეგები, ამ ეტაპზე, უცნობია.   

ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.

„რუსების მორიგი საჰაერო თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე. ექვსი რეგიონი მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჩვენი ყველა სამსახური ამჟამად ამ ტერორიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობს. მიკოლაევში ათობით სახლი დაინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს. ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა. ლვოვში შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დედაქალაქში კომუნიკაციების ნაწილი დაზიანდა. უკრაინის პრეზიდენტმა ექიმებსა და მაშველებს მადლობა გადაუხადა.

„ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ჩვენ რუსეთს აუცილებლად ვუპასუხებთ. ტერორისტები თავიანთი ქმედებებისთვის პასუხს ყოველთვის აგებენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.    

 უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინამ, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში, ძალისხმევა სამ ძირითად მიზანზე უნდა მიმართოს.

„2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა სამ მიმართულებაზე უნდა მივმართოთ : შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის, დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას, ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს მტრის განადგურების და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები.

„ჩვენ უკვე გვაქვს მტრის აღმოფხვრის და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს გამოვიყენოთ მომენტი - მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უახლესი საბრძოლო შესაძლებლობების დაგროვება, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვყოთ ნაკლები რესურსი მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის, აგრესიის დასასრულებლად და მომავალში უკრაინის მისგან დასაცავად“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.   

უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. რუსეთი ფრონტზე ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს იყენებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროკავშირელ კოლეგებს გაუგზავნა.

მინისტრის თქმით, უკრაინას არ შეუძლია დღეში 2000-ზე მეტი ჭურვის გასროლა ფრონტის ხაზზე, რომელიც გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე. ეს კი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის მიერ გაშვებული საბრძოლო მასალის მესამედზე ნაკლებია.

უმეროვი აღნიშნავს, რომ იარაღის დეფიციტთან დაკავშირებით ვითარება დღითიდღე უარესდება და ევროკავშირელ მოკავშირეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად.

„როგორც წესი, იმარჯვებს ის მხარე, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის“, - წერს მინისტრი.

მისი თქმით, უკრაინას თვეში 200 000 155 მმ-იანი ჭურვი სჭირდება.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა უკრაინას წარმატებისთვის მალე  ძალიან ბევრი იარაღი სჭირდება.  გენერალი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკრაინამ ახლა თავისი სამხედრო სტრატეგია უნდა შეცვალოს და ის უნდა გადავიდეს დაცვით ოპერაციებზე. 

„უკრაინამ ამ ეტაპზე არ უდა იფიქროს დიდ კონტრშეტევებზე. თუმცა უნდა განახორციელოს სპეციალური ღონისძიებები მტრის ზურგში. სიღრმისეული დარტყმები. თუკი მიიღო ასევე შორს მოქმედი რაკეტები ისინი უფორ შორს სიღრმეში უნდა გამოიყენოს.

„მსოფლიო, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას ასევე რუსეთთან გამოფიტვაში უნდა ხელი შეუწყოს. ამ მსოლფიომ ცივი ომის პერიოდში ერთხელ საბჭოთა კავშირს უკვე მოუგო. თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თუკი, ანუ თუ მოინდომა დასავლეთმა ეს შესაძლებელი იქნება. ის რომ რუსეთმა სამხედრო ეკონმიკის გადაწყობა მოახდინა. სამხედრო ინდუსტრია განავითარა, ეს ხომ ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სფეროებს მოაკლდა. ამიტომ რუსეთსაც არ ულხინს. დროებით უკრაინამ თავის ქვეყნად საბოლოო ჩამოყალიბებისთვის უნდა დაიწყოს ფიქრი და გამოსავლის ძიება. შიდა მრეწველობის განვითარება უნდა დაიწყოს, კონსოლიდაცია უნდა შეძლონ რაღაცის გარშემო. ეს უნდა განახორციელონ, სანამ დაცვით პოზიციებში იქნებიან არავინ არ იძახის სამშვიდობო ხელშეკრულება დაუდოს რუსეთს, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაღაცა სახის მოლაპარაკება უნდა დაიწყოს“, - ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, რუსეთი გაძლიერდება ამასობაში, თუკი დასავლეთი ამის საშუალებას მისცემს. კაპანაძე ამბობს, რომ ცუდია, როდესაც იმაზე მიდის საუბარი, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა. გენერალი ამბობს, რომ ეს არის დიდი ომის ერთი ეპიზოდი. ესეთი კონტრშეტევები ხდება, წარმატებულიც არის და წარუმატებელიც. ესეთი წარუმატებელი კონტრშეტევები ყოფილა, თუნდაც მეორე  მსოფლიო ომის დროს. 

„ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ამით უკრაინა ბრძოლისუნარიანობას დაკარგავს. ხელს ჩაიქნევს დასავლეთი ამის გამო და ა.შ. ამ ეტაპზე უკრაინამ მთავარია თავის შეიარაღებული ძალები გააძლიეროს. მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსებს. დღეს უკრაინა არის გამარჯვებული მაინც, რადგან რუსეთმა რა მიზნებიც ჰქონდა დასახული, ვერცერთს მიაღწია. კი ბატონო, დაკარგა უკრაინამ ტერიტორიები, მაგრამ არის გამარჯვებული. დამარცხებულია თუ არა რუსეთი, აი ამაზე მიდის მსჯელობა. ანუ რა ფორმით უნდა დამარცხდეს ის, დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულან“,-ამბობს კაპანაძე.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×