ელზა პაპოშვილი
04.04.2024

სამტრედიაში ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის ნატო ხელაძე დანაშაულს უარყოფს. ქალი სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს არწმუნებდა, რომ დანაშაული მან კი არა, მისმა ძმამ ჩაიდინა, რომლიც მკვლელობის შემდეგ სახლიდან წავიდა. ხელაძე ამბობს, რომ პოლიციაში თავად დარეკა და ადგილიდან არ მიმალულა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ქალის ჩვენება და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

პროკურორის თქმით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა და სხვა პირი ამ  საქმეში არ ფიგურირებს. 

დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, რადგან არც მიმალვის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობდა. დაცვის მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს. მომდევნო პროცესი 30 მაისს დაინიშნა.    

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალისთვის მოკლული მამაკაცი მეორე ქორწინება იყო, მას პირველი ქმრიდან 13 წლის გოგონა ჰყავს. ამ ქმართან კი 7 წლის ბიჭი. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი მამინაცვლის მხრიდან გერის სექსუალური შევიწროვება გახდა. მათი ინფორმაციით, გოგონამ ამის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც წყვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი კი საბოლოო ჯამში  მკვლელობით დასრულდა.    

„ზუსტდ არავინ იცის, რა მოხდა. ასე გამოვიდა ხმა, რომ გერს ავიწროვებდა სექსუალურად. ბავშს ეს ადრეც აქვს ნათქვამი და ამის გამო დედის ძმამ სიძე სასტიკად სცემა. ეს გარდაცვლილი დაკავებულიც კი იყო, მაგრამ მერე გაათავისუფლეს. ამ გოგოს თავი შეაცოდა და მანაც მიიღო. როგორც ჩანს, ვერ დაისვენა და ისევ დაიწყო ის საძაგლობა. როგორც გავიგეთ, დედა რომ სამსახურში წავიდა - დამლაგებლად მუშაობდა სხვადასხვა ობიექტებზე - მაშინ იხელთა ამ კაცმა დრო და ალბათ ბავშვზე ისევ სცადა ძალადობა. გოგონამ დედას უამბო და ამის შემდგე დაიწყო კონფლიქტი. მეზობლებმა გაიგეს ჩხუბის ხმა, მაგრამ მერე გაჩუმდნენ. როგორც ჩანს,  მკვლელობა უკვე გვიან ღამით მოხდა, როცა ბავშვებს ეძინათ. ამიტომ თვითმხილველი არავინაა და მხოლოდ გარდაცვლილმა და დაკავებულმა გოგომ იციან, რაც მოხდა. ამ გოგოს ლოთი ქმრის ხელში კაი არაფერი უნახავს. ამ კაცს მანამდე კი სამი ცოლი ჰყოლია გამოცვლილი. აბა, სხვა რა ვთქვათ, მეტი არავინ არაფერი იცის“, - ამბობს დაკავებული ქალის მეზობელი „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×