ელზა პაპოშვილი
17.11.2022

ბავშვების მოტყუებით გატაცების კიდევ ერთი  მცდელობა ახლა უკვე გორის რაიონში დაფიქსირდა. სოფელ სკრაში სკოლასთან ბავშვებს მშობლები ხვდებიან და ისე მიყავთ სახლში. სკოლის ირგვლივ კი უკვე ორი დღეა პოლიცია პატრულირებს. ბავშვები და მათი მშობლები ამტკიცებენ, რომ სასწავლო პროცესიდან გამოსულ მოსწავლეებს, თეთრი ჯიპით უცხო მამაკაცები ხვდებიან და თანხის სანაცვლოდ გასეირნებას სთავაზობენ. ფაქტზე არა ერთი მოსწავლე საუბრობს და ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. 

სოფელში პანიკაა და ბავშვების მარტო სკოლაში გაშვებისგან მშობლები თავს იკავებენ. ბავშვები ფაქტებს კონკრეტულად იხსენებენ და ასახელებ თანხასაც, რომლის სანაცვლოდავ მათ გასეირნება შესთავაზეს. ერთ-ერთი მოსწავლის დედა  „რეზონანსთან“ ყვება, რომ უცხო პირები ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეკონტაქტებიან და მათ გასეირნების სანაცვლოდ 100 ლარს ან ტკბილეულს სთავაზობენ.       

„ერთი პატარა ბიჭი ყვება, რომ მას 100 ლარის სანაცვლოდ გასეირნება შესთავაზეს. იხსენებს, რომ როცა სკოლიდან გამოვიდა, ნახა თეთრ  ჯიპში 4 მამაკაცი იჯდა, მათ თავზე ბენდენები ჰქონდათ გაკრული. მითხრეს, მოდი ჩაგვიჯექი, ას ლარს გაჩუქებთ და თან  გაგასეირნებთო. ის ძმასთან ერთად იყო და ამბავს ისიც ადასტურებს. ორივე ერთსა და იგივეს ყვება. იტყუებდნენ, კანფეტების  საყიდლად წაგიყვანთო. ეკითხებოდნენ, რომელი ტკბილეული უყვარდათ. მეორე ბიჭი ყვება, რომ ის მათემატიკიდან მოდიოდა, როდესაც ზუსტად იგივე თეთრი ჯიპი შეხვდა და შიგნით 4 კაცი იჯდა. ეს ბავშვიც იგივეს ამტკიცებს, რომ თავზე ბენდენები ეკეთათ. მას შესთავაზეს, რომ სახლამდე მიიყვანდნენ. ატყუებდნენ, მამაშენის ახლობლები ვართო. ბავშვს შეეშინდა და უკან მასწავლებელთან გაიქცა. ძალიან შეშინებულები ვართ და ვციდილობთ ბავშვები მარტო არსად გავუშვათ“, - უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი. 

სოფლის კიდევ ერთი მცხოვრები გვიყვება, რომ მათ მეზობელს ისევ თეთრი ჯიპიდან სახლში წაყვანა შესთავაზეს. ბიჭს უთხრეს, რომ დედამისმა დაურეკა ტელეფონზე და სახლში უნდა წაეყვანათ. ბავშვს უთქვამს, რომ მათ არ იცნობდა, ამიტომაც ავტომობილში არ ჩაჯდებოდა. 

„ისეთი გონიერი ბავშვია, მიმხვდარა, რომ რაღაცა რიგზე ვერ იყო.  დედამისს ტელეფონი გაფუჭებული ჰქონია და ეჭვი შეეპარა, მათ როგორ დაუკავშირდებოდათ. მერე უთქვამთ, არა, სხვისი მეზობლის ნომრიდან დაგვირეკესო. ბავშვს უკითხავს, მაშინ მითხარით დედაჩემს თუ ასე იცნობთ, რა ჰქვიაო. ამათ უთქვამთ, ქეთინოო, არადა ნანა ჰქვია. ამის მერე ბავშვი სახლში სულ სირბილით, შეშინებული გაქცეულა“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა სკოლის დირექტორმა. ლანა ფერაძის თქმით, მისთვის კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა ისინი განსაკუთრებულად ფრთხილად არიან ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.         

ვრცელდება ცნობები, თითქოს ანალოგიური შემთხვევები როგორც თბილისის, ასევე სხვა რეგიონების სკოლებშიც დაფიქსირდა. ორი კვირის წინ ერთ-ერთ სკოლასთან პედოფილიაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავეს. ისინი სწორედ მსგავსი სცენარით მოქმედებდნენ. ბავშვებთან კონტაქტში შესვლას და ავტომობილში შეტყუებას ცდილობდნენ. ერთ-ერთი გოგონას ავტომობილში ჩასმა მოასწრეს, მაგრამ ბავშვმა მშობელთან დარეკვა შეძლო, ამის შემდეგ ის ავტომობილიდან ჩამოსვეს. მსგავსი ფატი  რუსთავშიც დაფიქსირდა, სადაც უცხო კაცი სკოლიდან გამოსულ ბავშვებთან გამოლაპარაკებას ცდილობდა. 

ასევე რამდენიმე დღის წინ თბილისის მეტროში ბავშვებს უცნობი მამაკაცი აკეიდა და ატყუებდა, რომ მათი მშობლების ახლობელი იყო და მას გაჰყოლოდნენ. ფაქტის შემსწრე ერთმა გამვლელმა ბავშვების დაცვა შეძლო, რის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. ასევე სააკაძის მოედანზე, რამდენიმე დღის წინ, ბავშვებს გაჩერებაზე უცნობმა პირმა ავტომობილი გაუჩერა და ჩაჯდომა შესთავაზა, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც კაცმა ადგილი დატოვა.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×