რეზონანსი
17.04.2024

საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ევროკავშირის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, „ეს კანონი თუ საბოლოოდ მიიღეს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, საქართველოს ექნება თუ არა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შანსი".

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში, ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას", - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

კითხვაზე, უნდა მოუსმინოს თუ არა საქართველოს მთავრობამ პარტნიორ ქვეყნებს, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა:

„მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ჩემი როლი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტიისთვის საქართველოში რჩევის მიცემა. ქართველების გადასაწყვეტია, რა მომავალი სურთ მათი ქვეყნისთვის. ჩემი როლია, წარმოვადგინო, რა მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობას, რა სარგებელს მოუტანს ეს ქართველ ხალხს და ასევე, წარმოვადგინო აქ, საქართველოში მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილებების შედეგები. თუმცა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საქართველოში ქართველების მიერ, არა უცხოელების მონაწილეობით. ვფიქრობ, ქართველი ხალხის მრავალი თაობა იბრძოდა ამისთვის, რომ ყოფილიყვნენ სრულად თავისუფლები და გადაწყვეტილებები მიეღოთ თავიანთი მომავლის შესახებ თავად და არა სხვებს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×