რეზონანსი
07.05.2021

პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტურმენტის გამოყენებას, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტის გაზიარების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტის ირგვლივ მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.

"ამ დღეებში საზოგადოებისთვის საყურადღებო გახდა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შეტანის საკითხი. პარლამენტში ახლადშესული ოპოზიციიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა ვეტოს გამოყენების მოთხოვნაც.

შესაბამისად, პირველ რიგში, შევხვდი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის მხრიდან კანონპროექტის ინიციატორებს. გადაწყვეტილების მიღებამდე მოვისმინე ყველა მხარის არგუმენტი.

ვეთანხმები ოპოზიიციის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ასეთი კანონის გამოტანა პორველსავე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახლდამიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას. ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ მას შემდეგ რაც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება სრულყოფილად მიეღოთ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები ჩვენი მოქალაქეების მიერ ბოლომდე გაგებული და გაზიარებული ყოფილიყო.

კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველას დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას.ამდენად დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა ყველასთვის არგუმენტების წარდგენის ერთნაირ შესაძლებლობას.

ვიზიარებ იმასაც, რომ როცა საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას, ამნისტიის, საარჩევნო კოდექსისა და სასამართლო რეფორმის, ამ ფონზე, არსებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, შეიძლება პოლოტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული.

ამდენად პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტურმენტის გამოყენებას. თუმცა მეორეს მხრივ ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც. ამ კუთხით, ახალი ცვლილებები წინააღმდგებაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევა და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულვებელყოფად. ამრიგად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, პრეზიდენტს აძლევს საშუალებას რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად გამოიყენოს.

და ბოლოს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არ შეიზლება ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმიფო ინსტიტუტს, რომელზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის წესრიგი და სტაბილურობა დგას. მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა, ეს მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით არ მიიღწევა, არამედ მოქალაქეობრივი შეგნებითაც"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×