ახალი მეგაპროექტის განხორცილებისთვის ტერიტორია საბოლოოდ შეარჩიეს
ქეთო გოგოხია
08.04.2024

თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად გადაწყვდა. მთავრობა მეგაპროექტის განხორციელებაზე დიდ იმედს ამყარებს, სპეციალისტები კი იმაზე ბჭობენ, რამდენად სჭირდება თბილისს გვერდიგვერდ ორი აეროპორტი და ეს რამდენად მოგვცემს საშუალებას რეგიონალური ჰაბი გავხდეთ.

სპეციალისტების ნაწილი პროექტს მხარს უჭერს, თუმცა არის საპირისპირო მოსაზრება უშუალოდ ავიაციის სფეროს ექსპერტებისგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პროექტი გარკვეულ ხარვეზს შეიცავს და მისი განხორციელების იდეა გაუმართლებელია.

 რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, ახალი აეროპორტის პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე  მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4- 4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია, ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.

განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას. მეორე - ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების - 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, მთავრობის გათვლით, 0,2%-ით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში, საშუალოდ, 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას.

სპეციალისტების ნაწილი დედაქალაქთან ახლოს ორი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს. ავიაციის ექსპერტის  იასე ზაუტაშვილის შეფასებით, რა მიზანიც მთავრობას ამოძრავებს, მისი მიღწევა  შესაძლებელია არსებული აეროპორტის მოდერნიზებით, რადგან ქალაქთან ახლოს, ორი აეროპორტის არსებობა, გამართლებული არ არის.

,,თბილისში არსებულ აეროპორტს სჭირდება გაფართოება, რომ გაცილებით მეტ მგზავრს მოემსახუროს, მათ შორის ტრანზიტულ რეისებს, ამის საჭიროებას ნამდვილად ვხედავ, თუმცა  ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არსებული აეროპორტის მოდერნიზებით. ვაზიანის ტერიტორია მისაღებია და ლოკაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს, ვინაიდან იქ არის  სამხედრო აეროდრომი. უბრალოდ, ორი აეროპორტის მუშაობის საკითხს ეჭვით ვუყურებ.

მე რომ მკითხოთ, თბილისის აეროპორტიც თავისუფლად პასუხობს იმ სტანდარტებს, რომ მოხდეს არსებული მისი მოდიფიცირება და დახვეწა, თუნდაც მესამე ასაფრენი ზოლის დამატება, რომელიც მისცემს საშუალებას აქ გაკეთდეს უფრო თანამედროვე სტანდარტების აეროპორტი, ვიდრე დღეს არის. წარმოიდგინეთ, 15 კილომეტრის რადიუსში ორი აეროპორტის არსებობა, ცოტა აზრს კარგავს“,- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ იასე ზაუტაშვილმა.

თანაც საეჭვოა ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2027 წლამდე მოხერხდეს. ეს ის ვადაა, როდესაც ,,ტავ ჯორჯიას“ მოღვაწეობის ვადა უსრულდება.

,,წლების წინ, როდესაც  ქვეყანაში “ტავ ურბანი” შემოუშვეს, ჰაბის ფუნქცია ჩაკლეს და მივიღეთ აეროპორტი, რომელიც აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია, სადაც მგზავრისთვის არანაირი კომფორტი არ არის შექმნილი და რაც მთავარია, არ არის სატრანზიტო დერეფანი, არ შეუძლია 4-5 რეისის ერთდროულად მიღება. 2014 წელს კი, როცა “ტავს” ხელშეკრულება გაუგრძელეს, პირობად დაამატეს მეორე სამგზავრო ტერმინალი, ე.წ. ფრენის ტერმინალი, გარემონტდა ასაფრენი ბილიკიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილია.

ვერ ვიტყვი,  რომ ,,ტავი“ რაიმეთი შეეცდება ახალი პროექტისთვის ხელის შეშლას, თანაც 2027 წლმდე, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება და ამ კომპანიას თავისი მოღვაწეობის პერიოდი უკვე დასრულებული ექნება ”, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

საპირისპირო მოსაზრებისაა ავიაციის სფეროს სპეციალისტი გენადი გახოკიძე,   რომლის შეფასებითაც, ახალი აეროპორტის საჭიროება ნამდვილად არსებობს, რადგან მოთხოვნა იზრდება და ამ ტენდენციას ავიაციამაც ადეკვატურად უნდა უპასუხოს.

,,რეგიონული და საერთაშორისო აეროპორტების განვითარება საქართველოსთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი ვითარდება და მოთხოვნა  იზრდება, ახალი ინფრასტრუქტურის საჭიროება ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიკვეთოს და თუკი კონკრეტულ გამოწვევას მზად არ დავხვდით, მერე შეიძლება სერიოზული რისკები წარმოიშვას. ახლა საუბარი ალტერნატიულ აეროპორტზეა. ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ ვიცი, ბიზნესის როგორ  მოდელს წარმოგვიდგენენ, ვისზე იქნება ორიენტირებული.

რაც მთავარია, გამართულმა ავიაციამ ხელი უნდა შეუწყოს იმ ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებას, რაც სხვადასხვა ქვეყანასთან შეიძლება გვაკავშირებდეს და ამ შემთხვევაში კონკურენტუნარიანი აეროპორტის შექმნა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა. ეს საჭიროება  არსებობს, რაც უდავოა, ”- განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გახოკიძემ.

დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური საუბარი თითქმის 1 წლის წინ დაიწყო . 2023 წლის ზაფხულში ვაზიანში ახალი პროექტის განხორციელებაზე განცხადება მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ვაზიანის სამხედრო აეროდრომი 1940-იან წლებში შევიდა ექსპლუატაციაში. აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე - 60 მ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×