,,საქართველოში სამედიცინო სფერო არის ყველაზე მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ ამით მხოლოდ ცალკეული ადამიანები იღებენ დიდ სარგებელს"
ქეთო გოგოხია
27.03.2024

საქართველოში ექთნების დეფიციტი იმდენად მწვავეა, რომ  უკვე სამედიცინო პროცედურების ჩატარების პრობლემა დადგა კლინიკებში. მართალია, მათთვს მინიმალური სახელფასო განაკვეთი განსაზღვრა, მაგრამ პრობლემას ვერც ამან უშველა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ექთნების შრომის ანაზღაურება კვლავ დაბალია იმისათვის, რომ დასაქმების მოტივაცია გაჩნდეს. შესაბამისად, აშკარაა კადრების გადინება, ექთნები მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და მათი ჩამნაცვლებელი საქართველოში არავინაა.

ჯერჯერობით გამოსავალი არ ჩანს, გარდა იმისა, რომ სახელფასო განაკვეთის საკითხი კიდევ გადაიხედოს, ასევე მათი შრომის პირობები, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ, რომ ექთნების კვალიფიკაციის, ხელფასებისა და შრომის პირობების საკითხს სათანადო ყურადღება დაუთმოს და გატარდეს რეფორმა, რომელიც დასაქმების მოტივაციას გაზრდის.

სახეზეა, ერთი მხრივ, ექიმების სიჭარბე, ხოლო, მეორე მხრივ, კადრების დეფიციტი, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ცუდად მოქმედებს.

საექთნო ასოციაცია "ნუმანეს” დამფუძნებელი თამარ დაუსი ადასტურებს, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, შესაძლოა, სამედიცინო ოპერაციების ჩატარების მხრივაც გაჩნდეს პრობლემა, მაგალითად, ვერ მოხერხდეს ოპერაციების დროულად ჩატარება მხოლოდ იმიტომ, რომ ექთნის მოძიება გაჭირდეს.

,,ექთანი მუდმივად არის პაციენტთან და მუდმივი ურთიერთობა აქვს მასთან. ეს არის მონიტორინგი, მონაცემთა ინტერპრეტაცია, მოვლა და ა.შ. როცა ჭარბი რაოდენობით პაციენტებია, რა თქმა უნდა, ის ასპექტები, რომელიც ექთნის გადასაფარია, შეუსრულებელი რჩება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ექთანი ვერ ასწრებს და ექიმსაც არ შეუძლია მისი ჩანაცვლება, რადგან არც მი კომპეტენციაში შედის და ეს საქმიანობა ნასწავლიც არ აქვს.

ეს არის ცალკე მდგომი გამართული პროფესია, რომელსაც თავისი მიმდინარეობა და მოქმედების ჩარჩოები აქვს. საავადმყოფოებში არის ოპერაციები, რომელიც შეიძლება გადაიდოს არ ჩატარდეს იმიტომ, რომ არ გვყავდეს ექთანი. აღარ არის საჭირო რაოდენობით ექთანი და შესაბამისად, რაღაც მომსახურება რჩება შეუსრულებელი", - განაცხადა "საქმის კურსთან" თამარ დაუსმა.

ექთნების მწვავე დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება ,,რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯანდაცვის ექსპერტმა  აკაკი ზოიძემაც. კადრების დეფიციტის და დაბალი ხელფასის გამო  არაერთი შემთხვევაა, როცა პერსონალი რამდენიმე ადგილას მუშაობს და ვერ უწევს პაციენტებს სათანადო მომსახურებას თუნდაც იმის გამო, რომ გადაღლილია.

,,ექთნის პროფესია საკმაოდ მოთხოვნადია სხვა ქვეყნებშიც, ამიტომ აქედან წასულ კადრს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ პროფესიით დასაქმდეს. დიდი გადინებაა სამედიცინო სექტორიდან და მნიშვნელოვანია სატანადო ნაბიჯების გადადგმა, რომ მდგომარეობა შეიცვალოს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული სამუშაოა გასატარებელი.

ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ამის გამოსწორების ერთადერთი გზაა სისტემური რეფორმა დარგში, პირველ რიგში  დაფინანსების გაზრდა, რაც მომავალშიც უნდა გადაიხედოს. 700-800 ლარი, რა დონეზეც მოხერხდა ხელფასის გაზრდა არ არის ის მაჩვენებელი, რის გამოც შეიძლება ადამიანს საქართველოში მუშაობა მოუნდეს.

ვერავითარ სამართლიან კონკურენციასა და ინფორმაციის სიმეტრიულობაზე ვერ ვისაუბრებთ, როცა საქმე ეხება ჯანდაცვის სექტორს. როდესაც სახელმწიფო, როგორც შემსყიდველი, ჩემი სახელით იხდის თანხას, უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი ხარისხის მომსახურება გამიწიოს. შესაბამის მომსახურებას ვერ მივიღებ დაბალანაზღაურებადი, არამოტივირებული პერსონალისგან, რომელიც ოთხ ადგილას მუშაობს და ძალიან გადაღლილია. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს სამედიცინო მომსახურების დონეზე“, - განაცხადა  ზოიძემ.

სამედიცინო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ იმასაც, რომ გადინების პროცესი არ შეჩერებულა და კიდევ გრძელდება, რაც საქართველოს სამედიცინო სფეროში სამომავლოდ მძიმე შედეგს გამოიწვევს. ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მარინა ბერაძემ ,,რეზონანსთან" აღნიშნა, რომ დიდი რისკია, რომ სფერო გამოცდილი ექიმებისა და ექთნების გარეშე დარჩეს და ადამიანებმა ხარისხიანი მომსახურება ვეღარ მიიღონ, რაც სრული კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის.

,,საქართველოში სამედიცინო სფერო არის ყველაზე მომგებიანი  ბიზნესი, რითაც მხოლოდ ცალკეული ადამიანები ხედავენ დიდ სარგებელს. კადრების უმრავლეობა მცირე ხელფასზეა დამოკიდებული, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზეც აისახება.  როცა გვესმის, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ლარს აჭარბებს, ასეთ პირობებში 800-ლარიანი ხელფასით ექთნის დამაგრება, წარმოუდგენელია. ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში მუშაობს, ზოგის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო წავიდა და არ მგონია, დაბრუნება მოუნდეს. ყველა შემთხვევაში პრობლემა შრომის დაბალი ანაზღაურებაა, რის გამოც კადრებს ვკარგავთ. ერთია, როცა ხელფასებზე ვსაუბრობთ, მაგრამ მეორეა, სად მიდის და როგორ ნაწილდება თანხა, რასაც სახელმწიფო უხდის სამედიცინო დაწესებულებებს. კლინიკები ყოველთვის მაღალი მოგებით არიან დაინტერესებული, ამ დროს ბევრი მიმართულების ექიმი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში არაკონკურენტუნარიანი ხელფასების გამო", - განაცხადა ბერაძემ.

მისი აზრით, მთავარია, ანაზღაურების საკითხი გადაიხედოს და ამასთან ერთად, აუცილებლად იყოს გათვალისწინებული კვალიფიკაციის საკითხები.

,,ექიმის დატვირთვა უნდა შეფასდეს სწორად და ხელფასი მოემატოთ იმდენად, რომ მათი შრომის ადეკვატური გახდეს. ამის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, სანამ ექთნებისთვის ღირსეული შრომის გარემო არ  შეიქმნება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ კიდევ დავკარგავთ კადრებს და ეს ფაქტორი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ისედაც განვიცდით კვალიფიციური თანამშრომლების პრობლემას", - განაცხადა ,,რეზონანსთან" მარინა ბერაძემ.

ანგარიშის - „ჯანმრთელობის დაცვა - საქართველო 2023“ - თანახმად, ექთნების რიცხვი 22029-ია. წინა წლებში ქვეყანას უფრო მეტი ექთანი ჰყავდა: 2021 წელს მათი რაოდენობა - 22078, 2020-ში კი 22126 იყო.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა. მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×