იგი უფრო დიდი და თანამედროვე უნდა იყოს, რადგან მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა თანდათან ძნელდება
გვანცა წულაია
04.05.2023

საქართველოში ახალი აეროპორტი აშენდება. ზუსტი ვადა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დადგენილია, რომ ეს 2027 წლამდე ვერ მოხერხდება. შემდეგ კი, საქართველოს აეროპორტების სიას კიდევ ერთი შეემატება. საინტერესოა, სად შეიძლება მოეწყოს ახალი აეროპორტი, რომელიც ქვეყანას უდიდესს მნიშვნელობას შესძენს? ავიასფეროს ექსპერტებს რამდენიმე ვერსია აქვთ.

მიზეზი, რის გამოც, 2027 წლამდე საქართველოში ახალი აეროპორტი ვერ აშენდება თურქულ კომპანიასთან (`ტავ ურბან ჯორჯიასთან~) დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც ზღუდავს 200 კმ-ის რადიუსში ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მსგავსი დათქმა აღარ იარსებებს.

ახალი ობიექტის აშენება რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, გუშინ კი, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება, ამიტომ დღის წესრიგში დგას ახლის აშენება, რომელიც მეტად გამტარუნარიანი იქნება.

„მოქმედ აეროპორტს აქვს ხელშეკრულების ვადა და იმ დორისთვის ის სრულად ამოწურული იქნება. წინასწარი შესწავლით, დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რაც ქვეყანას სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ მგზავრთა ნაკადი და რეისები სწრაფად იზრდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება.

თუ არ ვცდები 2027 წლამდე უნდა იყოს ხელშეკრულების ვადა, რომელიც ზღუდავს 200 კმ-ის მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას. ეს პერიოდი არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ იმ დროისთვის უკვე ახალი აეროპორტი იყოს მწყობრში. ამ მიმართულებით გარკვეული შესწავლაა ჩასატარებელი, თუმცა არსებული ტრაფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, არც იყოს საჭირო სუვერენული დაფინანსება ან შეიძლება მხოლოდ ნაწილი იყოს სუვერენული, სადაც გარანტორად სახელმწიფო იდგება. სწორედ ამ საკითხების შესწავლის ეტაპია ახლა, რასაც სჭირდება შესაბამისი პროექტი და კვლევებიც, თუმცა დრო არის", - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ შეზღუდვა, რომელიც 200 კმ მანძილზე ახალი აეროპორტის ექსპლუატაციაში შესვლას კრძალავს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, აღარ იმოქმედებს.

აეროპორტის ტერიტორია, მშენებლობის დაწყების ზუსტი დრო და სხვა სახის დეტალების მიმდინარე ეტაპზე უცნობია. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახალი ობიექტი ქვეყანა შეემატება. მისი არსებობს მართლაც აუცილებელია, როდესაც ქვეყანას საჰაერო ჰაბის ფუნქციის შესრულება სურს, შესაბამისადაც უნდა განვითარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფუნქციას სხვები შეასრულებენ. 

იდეა მოსწონთ საავიაციო სფეროს სპეციალისტებს. იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ თბილისის აეროპორტი ვერ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს, არადა დედაქალაქი თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო სამგზავრო ჰაბი, ამიტომ საჭიროა ახალი აეროპორტი.

"ვფიქრობ, ძალიან სწორი ინიციატივაა. ამდენი ხანი ამ კაბალური ხელშეკრულების ქვეშ არ უნდა ვყოფილიყავით, რომელიც "ტავ ურბანმა” დანერგა საქართველოში, უკვე 15 წელიწადზე მეტია. აქამდე ახალი აეროპორტის აშენებაზე ვერავინ საუბრობდა, რადგან ხელშეკრულებაში კაბალური პირობა დევს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება თბილისის აეროპოტის გარდა, სხვა აეროპორტის მშენებლობისა და გახსნის.

ამ დროს თბილისის აეროპორტი დღემდე ვერ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს, არადა დედაქალაქი თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო სამგზავრო ჰაბი. მაგალითად, იქ არ არის სატრანზიტო ტერმინალი. მგზავრს, რომელიც თბილისის გავლით სადმე მიფრინავს, არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოსაცდელი ადგილი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ერთდრულად 3-4 რეისის მიღების საშუალება არ აქვს თბილისის აეროპორტს.

თურქეთზე საერთოდ აღარ ვსაუბრობს, ათი თავით გვჯობია ბაქოს და ერევნის აეროპორტიც კი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სწორია გადაყვეტილება. ტურისტების უმეტესობა სწორედ საჰაერო გზით შემოდის და ამ დროს სავიზიტო ბარათი აეროპორტია, რომელიც უნდა პასუხობდეს ისეთ სტანდარტებს, რომელიც შეძლებს მგზავრების მომსახურებას. `ტავ ურბანის” აეროპორტი კი ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებს და ვერც დააკმაყოფილებს.

მხოლოდ უცხოელმა ინვესტორმა კი არა, სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. განსაკუთრებით, ასაფრენი ბილიკი უნდა იყოს სახელმწიფოს მენეჯმენტის ქვეშ, რადგან სტრატეგიული ობიექტის უცხოსთვის გადაცემა დაუშვებლად მიმაჩნია”, - განაცხადა "რეზონანსთან” იასე ზაუტაშვილმა და იმ ტერიტორიებზე ისაუბრა, სადაც შესაძლებელია ახალი აეროპორტის აშენება.

"რამდენიმე ვარიანტია და როგორც მახსოვს, ადრეც იყო ეს საკითხი შესწავლილი. შეგვიძლია ვიფიქროთ ყოფილი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტეროტორიაზე. ასევე, მარნეულისკენ არსებული ტერიტორია, სადაც შეიძლებოდა აეროპორტის აშენება და ამიტომ, შესაძლოა, ეს ვარიანტიც განიხილონ, მაგრამ პირადად მე ვამჯობინებდი ვაზიანის ტერიტორიას, რომელიც შესწავლილიც არის, გათვლილიც და ზოლიც არსებობს, უბრალოდ, აღდგენა სჭირდება. თბილისის აეროპორტიდან 10-15 კმ-შია და მის ირგვლივ არც ხევია, როგორც თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე, რაც ზღუდავს ასაფრენის ბილიკის სიგრძეს”, - დასძინა "რეზონანსთან” ზაუტაშვილმა.

ბიზნესისთვის კი მთავარი განვითარებაა. კერძო სექტორი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მგზავრთა ნაკადს გაუმკლავდნენ, რაც თბილისის აეროპორტში პრობლემაა. "ჰაბ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი კოდუა ახალი აეროპორტის აშენებასაც ემხრობა და იმ ნაბიჯსაც მიესალმება, თუკი "ტავ ჯორჯია” ტემრილანს დაამატებს.

"ჩვენი აეროპორტი მომსახურების მხრივ ლიმიტირებულია. სატრანზიტო ტერმინალი არ გვაქვს და ამას მთავრობა გააკეთებს, "ტავ ჯორჯია”, თუ ვინმე სხვა, ყველას მივესალმებით, მთავარია, აეროპორტი გაიზარდოს. ახალი აეროპორტი აშენდება, თუ არსებული გაფართოვდება, სულ ერთია, ორივეს მივესალმები. "ტავ ჯორჯიასთაც” მივესალმები, თუ ტერმინალს დაამატებს და თუ მთავრობას უნდა, რომ ახალი ააშენოს, ამასაც ვემხრობი. ჩვენთვის მიუღებელია გაჩერება, შეზღუდვა და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ყველა ვარიანტში ქმედებაა საჭირო განვითარებისთვის.

არსებული აეროპორტის განვითარებაც შესაძლებელია. ახალ ობიექტს დიდი ინვესტიციები და ბევრი დრო სჭირდება, ამიტომ გადასახაედია, რომელი სჯობს. თუმცა, მოსაკრებლებს აძვირებს აეროპორტი, მომსახურება კი იგივე რჩება. როდესაც ეს კომპანია შემოვიდა, მოსაკრებელი იყო 22 დოლარი, შემდეგ 24 დოლარი, ახლა 25 დოლარია. თითქოს არაფერია, მაგრამ მგზავრებზე რომ გადავიანგარიშოთ, ბევრი გამოდის”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კოდუამ და დასძინა, რომ შესასწავლია, სად იქნება შესაძლებელი ახალი აეროპორტის აშენება.

"ვერ გეტყვით, სად არის ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობა. საუბარი იყო ვაზიანის სამხედრო აეროდრომის გადაკეთებაზე. რა თქმა უნდა, მოიძებნება ადგილი, მაგრამ ექსპერტები უფრო იტყვიან, სად არის საუკეთესო ტერიტორია და სად უმჯობესი იქნება მშენებლობის დაწყება”, - დასძინა გიორგი კოდუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×