რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდან შემოტანას აზრი არ აქვს, რადგან ძალიან ძვირი ჯდება
გვანცა წულაია
05.05.2022

საქართველოს რუსული ზეთის ყიდვა ყოველ თვეში სულ უფრო ძვირი უჯდება. ერთ-ერთი მიზეზი მცურავი საექსპორტო გადასახადია, რომელიც თვიდან თვემდე იზრდება. არადა, იმპორტირებული ზეთის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთიდან შემოდის. ალტერნატიული გზების მოძიება კი, ფაქტობრივად, არ ხდება, სხვა ქვეყნიდან ზეთის შესყიდვა უფრო ძვირი დაჯდება. რა პრობლემებია ამჟამად ბაზარზე და როგორია მომავლის პერსპექტივა? გაზრდილი გადასახადის გამო, ხომ არ ემუქრება საქართველოს ზეთის კიდევ ერთხელ გაძვირება?

1-ლი ივნისიდან რუსეთიდან მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი 372,3-დან 525 დოლარამდე გაიზრდება, მზესუმზირის შროტზე კი - 96,3 დოლარიდან 105 დოლარამდე ტონაზე.

აპრილში საექსპორტო გადასახადი ტონაზე 313 დოლარს შეადგენდა, მარტში 260 დოლარი იყო, თებერვალში - 251 დოლარი, იანვარში - 280,8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში - 276,7 დოლარი, ნოემბერში - 194,5 დოლარი, ოქტომბერში - 227,2 დოლარი, სექტემბერში - 169,9 დოლარი ტონაზე.

მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1 სექტემბრიდან შემოვიდა. მისი ზომა 70%-ით დამოკიდებულია საბაზისო ფასის სხვაობაზე (1000 დოლაი ტონაზე) და საორიენტაციო ფასს შორის შემცირებული კორექტირების ფაქტორის მნიშვნელობაზე (50 დოლარი 1 ტონაზე).

აღნიშნული მექანიზმი 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს. ეს კი მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ საექსპორტო გადასახადი არ დაიკლებს და მაქსიმუმ, რუსული ზეთის შეძენა ყოველ თვეში (აგვისტომდე) სულ უფრო ძვირი იქნება.

აღსანიშნავია, რომ საექსპორტო გადასახადის ზრდამ, ზეთი უკვე გააძვირა. ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით, პროდუქციის ღირებულება 10-15%-ით არის მომატებული და შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს.

სწორედ ამაზე საუბრობს ზეთის იმპორტიორი კომპანია „მზიურის” („ოლეინას” იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დიმიტრი რამიშვილი და ადასტურებს, რომ გაძვირების მოლოდინი მომავალშიც არსებობს.

„ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ფასწარმოქმნის მექანიზმი, ერთი რამ ნათელია, გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. ალბათ, ზეთი ისევ გაძვირდება, მაგრამ როდიდან, რამდენით პროცენტით, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, როგორც გითხარით, გაძვირების მოლოდინი არსებობს. მინიმუმ, საექსპორტო გადასახადის ზრდის კონპონენტი მოახდენს გავლენას”, - განუცხადა „რეზონანსს” რამიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ დეფიტიცი მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება ალტერნატიული გზების მოძიებას, საქართველოს სხვა ბაზრებიდან ზეთის შეძენა უფრო ძვირი დაუჯდება და თუ მაინც და მიანც სხვა ბაზრებზე უნდა იყოს საუბარი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეფიტიცის გადაზღვევის მხრივ.

„რაც შეეხება, დივერსიფიცირებას. ორი ქვეყანა, რომელიც ახლა ომშია ჩართული, არიან მსოფლიო წარმოების, თითქმის, 60%-ის მფლობელები და ამ მოცულობით დივერსიფიცირებაზე საუბარი არის საკმაოდ რთული. სხვა მწარმოებელი ქვეყნიდანაც, როგორიც არის თურქეთი და ჩვენს რეგიონში არსებული ქვეყნები, მათთნ ნედლეული სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან შედიოდა, ამიტომ ეს ლოგისტიკური ჯაჭვიც, ამ ეტაპზე, დარღვეულია.

თუ მაინც და მაინც დივერსიფცირებაზეა საუბარი, ალბათ, შეიძლება იყოს არგენტინა ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, მაგრამ ეს საკითხიც არის დამოკიდებული იმ კონკრეტულ ვითარებაზე, რომელშიც აღმოვჩნდებით, ანუ საფრთხის წინაშე. ამ ეტაპზე, წარმოებისა და ლოგისტიკური ჯაჭვის დღევანდელი ვითარება, გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენ რაოდეობრივი დეფიციტი არ გვექნება. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ფასი, რომელმაც შესაძლოა, მოიმატოს, მაგრამ ის, რომ ზეთი საერთოდ არ იქნება და თაროებზე აღნიშნული პროდუქცია გაქრება, ამის საფრთხეს მე პირადად ვერ ვხედავ.

ამიტომ ალტერნატიული ბაზრის მოძიება უკანა პლანზეა გადაიწევს. თანაც სხვა ბაზრების გაცილებით უფრო ძვირია და თუ მაინც ალტერნატიულ ბარზებზე უნდა იყოს საუბარი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეფიტიცის გადაზღვევის მხრივ და არა ფასების კუთხით, რადგან აღნიშნული ფასები მაინც ოპტიმალურია დღეს”, - დასძინა „რეზონანსთან” დიმიტრი რამიშვილმა.

ცნობისთვის, მარტის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის მარტში ქვეყანაში 3 313 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 4.6 მლნ დოლარი, აქედან უმეტესი წილი (4 მლნ დოლარი) რუსეთზე მოდიოდა. 2022 წლის მარტის მონაცემებით, ქვეყანაში უმსხვილესი იმპორტიორი აზერბიაჯანი გახდა, საიდანაც ქვეყანაში 271 ტონა ზეთი შემოვიდა. სულ ქვეყანაში მარტში 821 000 დოლარის (511 ტონა) ზეთია იმპორტირებული.

იმპორტის შემცირების მიზეზებზე საუბრობს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღანელი ივა ჭყონია. მისი ინფორმაციით, საკითხი ტექნიკური პრობლემას უკავშირდება და არა იმას, რომ ფასის ზრდის გამო რეალიზაცია შემცირდა. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მანქანების დიდი რაოდენობა იდგა, რომლებიც ამინდის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა. იმათაც იკითხეს, რომ ძალიან ცოტაა შემოსული და რამე პრობლემა ხომ არ არის. ამ დროს ათობით მანქანა იდგა გამშვებ პუნქტთან და 1 თვის განმავლობაში ვერ გადმოდიოდნენ. ამ საკითხს, უფრო წლიურ ჭრილში უნდა შევხედოთ. შეიძლება ასეთი ვითარება მივიღოთ, რომ აპრილში შემოვიდეს დიდი რაოდენობა და მარტში ნაკლები. მაგრამ ასე არ არის, რომ მაღალი ფასია და მოხმარება შემცირდა. ყველაზე იაფი მზესუმზირის ზეთია. შეიძლება შემცირდეს მაგალითად ზეითუნის ზეთი, მაგრამ მზესუმსირის ყველაზე იაფია და ფართო მოხმარებისაა. ფასი ყველა ზეთზე გაზრდილია - პალმის ზეთზე, რაფსის ზეთზე“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

რთულია იმის განსაზღვრა სამომასვლოდ ფასის ისევ მოიმატებს თუ არა. რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირებას, ივა ჭყონიას თქმით, სხვა ქვეყნიდან ზეთის შემოტანა იმპორტიორებს ძვირი უჯდებათ და არ უღირთ.

„პროდუქტის სხვა ქვეყნიდან შემოტანა უფრო ძვირი ჯდება. ვიღაცები შეიძლება მოლაპარაკებულებიც არიან უკვე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დეფიციტი არ არის და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა არ დადგება, არ შემოაქვთ. რადგან, მესამე ქვეყნიდან ზეთი რომ შემოიტანონ, დახლზე ეღირება 15 ლარი, რომელიც არ გაიყიდება, გაფუჭდება და გადასაყრელი გახდება, როცა ანალოგი პროდუქტი, რომელიც რუსეთიდან შემოდის, ღირს 10 ლარი. წარმოვიდგინოთ, თუნდაც არგენტინიდან ზეთის შემოტანას რა დასჭირდება. რაც უფრო ძვირია პროდუქტი, გასაყიდად უფრო რთულია, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში“, - განუცხადა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×