„ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს“ - პაპუაშვილი საელჩოებს აფრთხილებს
თამთა ჩაჩანიძე
05.04.2024

პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა კვლავ „ოცნების" მიერ პარლამენტში შებრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპრექტია, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს რუსული კანონის იდენტურია და მხოლოდ სათაური აქვს შეცვლილი, უმრავლესობა კი ამბობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ბანერები, „პირდაპირი დეზინფორმაციაა, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით".

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს სოც ქსელში გავრცელებულ 4 პუნქტად ჩამოწერილ ბანერზე სათაურით „რატომ არის ეს კანონი რუსული?".

„1. საქართველოში ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს. 2. მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინაარმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს. 3.მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავსირში გაწევრიანებას. 4. მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ", - წერია ბანერზე.

„ენჯეოებმა" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყეს კვლავ კამპანია, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი რუსულად", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„ნახავდით სოცქსელში ბანერებს, რომელიც გახლავთ პირდაპირი დეზინფორმაცია, ტყუილი და რომელიც დღეს ფინანსდება უცხოური ფულით. ეს კამპანია უცხოური დაფინანსებით წარმოებს, მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ამერიკული, ევროპული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, ამ ენჯეოების რესურსების გამოყენებით. ამიტომ ყველა საელჩოს და დონორს მივმართავ, ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან რა ტყუილიც იკადრეს ამ „ენჯეოებმა", რათა დაემალათ თავიანთი ფინანსები, დღეს ამ ტყუილის განმეორება უცხოური დაფინანსებით ხდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, სოცქსელებში ვრცელდება ზემოთაღნიშული ბანერის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები, მათ ასევე ოთხ პუნქტად აქვთ გაწერილი, რომ კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია, სათაურით „რატომ არის ეს კანონი ევროპული".

„1. ანალოგიური კანონი მოქმედებს აშშ-ში. დიდ ბრიტანეთში, კანადაში. ინიცირებულია ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში. 2. კანონის ერთადერთი მიზანია - ენჯეო სექტორმა წელიწადში ერთხელ შეავსოს ფინანსური დეკლარაცია. 3. ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს ანალოგიურ კანონს. 4. კანონი კიდევ უფრო გვაახლოვებს პარტნიორებთან და ამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს", - წერია ბანერზე.

ენმ-ს დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს არის შარშანდელის იდენტური კანონპროექტი და ერთადერთი ცვლილება მხოლოდ სათაურშია.

„ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს. ერთადერთი ცვლილება არის სათაურში. არანაირი ცვლილება არ შესულა არც მის შინაარსში და არც მიზანში. ისე როგორც შარშან, ახლაც ის არის „რუსული კანონი" და ამაში ეჭვი არ ეპარება არც საქართველოს მოქალაქეს და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ „რუსული კანონის" რეინიცირება და მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა „ოცნებას" კანონპროექტთან დაკავშირებული 5 უნქტი შესთავაზეს, რაც მისი თქმით, თითოეული მათგანი ტყუილია.

„პირველი ტყუილი იყო თავად სათაური სადაც ამბობდნენ, რატომ არის კანონი რუსული. რომ დავასრულოთ ეს სისულელე უნდა გავცეთ ყველა პუნქტს სათითაოდ პასუხი. პირველი პუნქტი იყო ასეთი - „საქართველოში ამკვიდრებს იგივე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს". ეს არის მდაბიო ტყუილი, იმიტომ რომ აქამდე არავის წაგიკითხავთ კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ეს ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება. რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელებში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან აქტიურ საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე, კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 6 წლამდე პატიმრობით ისჯება მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, პროგრამებით და გრანტებით და ა.შ. რომელიმე პუნქტი ქართულ კანონმდებლობაში არის? შესაბამისად, პირველი პუნქტი არის ცალსახა და მდაბიო ტყუილი.

„მეორე პუნქტში მათ ჩაწერეს, თითქოს, ჩვენი კანონი „მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს". ეს მეორე უბინძურესი ტყუილია, რადგან ქართული კანონი არ განსაზღვრავს მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას, მეტიც, არანაირ სიას არ განსაზღვრავს. მსგავსში ჩანაწერი ქართულ ინიციატივაში არ არის. ის თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ.

„მესამე ტყუილი - „კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას". თავად ევროკავშირში დაინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", რომელსაც ივნისში მიიღებენ. მსგავსი კანონები ამავდროულად, მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში; უკვე განიხილება საფრანგეთში, კანადასა და სლოვაკეთში.

„მეოთხე პუნქტი - „კანონი მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ". არც ეს არის კონკრეტული არგუმენტი, მაგრამ ამასაც გავცემ პასუხს. გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში არსებული კანონების საუკეთესო პრაქტიკის მიღებას და ამავდროულად განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ანუ, სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს 5 პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი", - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლებიც გმობენ „ოცნების" მიარ აღნიშნული კანოპროექტის ინიცირებას.

„ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება.

„ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი"; „გირჩი - მეტი თავისუფლება"; „დროა"; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; „ლელო საქართველოსთვის"; „რესპუბლიკური პარტია"; „სტრატეგია აღმაშენებელი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×