თამთა ჩაჩანიძე
04.04.2024

პარლამენტში გირჩის ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც არჩევნებში სავალდებულიო გენდერული კვოტების გაუქმებას გულისხმობს, დაპირისპირებისა და დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მხარდაჭერის მხრივ „გირჩი" „ოცნებასთან" წინასწარ შეთანხმდა და ქალი ოპოზიციონერი დეპუტატების ძირითადი კრიტიკა ინიციატორებსია და უმრავლესობის წევრებისკენ იყო მიმართული.

„გირჩის" მტკიცებით, გენდერული კვოტირება ხელს უშლის ქალების რეალურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. ცვლილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა. ოპოზიციონერი დეპუტატები კი თვლიან, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გენდერული კვოტირება საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში აუცილებელია. ქალი დეპუტატები კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივას ნაადრევს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ეს მაშინ იქნება მიზანშეწონილი, როდესაც ხელოვნური ჩარევა კვოტირების საკითხში საჭირო აღარ იქნება. აქამდე მოქმედი სისტემით, სიის ყოველ ოთხეულში ერთი ქალი მაინც უნდა ყოფილიყო.

ცხარე კამათისას, „ევროპტიმისტების" ლიდერმა რომან გოცირიძემ იაგო ხვიჩიას ნაცარქექია უწოდა და განაცხადა, რომ „გირჩი" „ოცნებასთან" 5 წელია ვაჭრობს.

„დავუშვათ, ესენი არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, როგორც პოლიტიკური იდიოტების კონტექსტში განიხილება-ხოლმე. ისინი იტყვიან, ჩვენ ვართ პრაგმატული მოვაჭრეები, ჩვენთვის პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობა. ვეკითხებით, რა ივაჭრეთ? მთელი ქვეყანა დაგცინით, ისედაც 0% იყო რეიტინგი ახლა ერთი ქალი ხმას არ მოგცემთ", - აღნიშნა გოცირიძემ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „გირჩის" ერთადერთი წარმატებული გარიგება „მღვდლის ტალონებით ვაჭრობაა".

„ყოჩაღ, 5 წელია ვაჭრობთ, ძალიან კარგადაც, მილიონები იშოვეთ. ეს არის თქვენი წარმატებული ვაჭრობის შედეგი. ამ წარუმატებელი ვაჭრობის შედეგს აიღებთ არჩევნებში... თქვენ, გუშინ, ოპოზიციას, რომელიც კვოტირების კანონპროექტის ცვლილების წინააღმდეგ გამოდიოდა, კომპრომეტირებული ოპოზიცია უწოდეთ. ხოლო, ამ კომპრომეტირებული ოპოზიციის კონკრეტულ მაგალითად დაასახელეთ რომან გოცირიძე, როგორც კომპრომეტირებული პოლიტიკოსი...

„30 წლის განმავლობაში 1 კომპრომატი მოიგონეს, ისიც ტყუილია - კუპონების განადგურება. ყოველთვის მე ვებრძოდი და გაანადგურა „ქართული ოცნების" ყოფილმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა. კომპრომატის მოგონებაშიც კი არ იყვნენ პროფესიონალები. არა, ბატონო იაგო, რომელსაც მღვდლის ტალონების ვაჭრობის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ და ჩემს თვალში პოლიტიკური ნაცარქექია ხართ, ვიღაცის კომპეტენციასა და კომპრომეტირებაზე არ უნდა საუბრობდეთ", - მიმართა გოცირიძემ ხვიჩიას.

მანამდე რეპლიკებით ერთმანეთს „ევროპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ და „გირჩის" დეპუტატებმა მიმართეს. დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი" და „ნაგავი" უწოდა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პარლამენტში აღნიშნული ინიციატივის განხილვისას, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა. მან „გირჩის" დეპუტატს სანდრო რაქვიაშვილს მიმართა.

„ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ. ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს" დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით. ვფიქრობ, გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ემოციური, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა. შეურაცხყოფა ისმოდა. არ მგონია, ეს არანაკლებია, რაც მეგრელიშვილმა იკადრა, ვიდრე ის გამონათქვამები, რომელიც გვესმოდა, თუნდაც უმრავლესობის წევრების მხრიდან. მაინტერესებს თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც დედა გყავთ, ალბათ და, გოგო შვილი, იმ ადამიანებს, ქალებს, ახალგაზრდებს რომ უთხრათ, შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო „ჰარემს", შემდეგ გამოხვიდეთ და აქ თანასწორობის სახელით ისაუბროთ. უნდა გამცეთ პასუხი: „კი შეიძლება", ან „არა, არ შეიძლება". თურმე, საპირისპირო სქესის კოლეგების ვიზუალური სექსუალური აღქმა უნდა იყოს. მაგალითად: „მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს". ეს მისაღებია ქალი კოლეგების მიმართ?!" - აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის" დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა - „მაგრად „გამისწორდებოდა" უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?"

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი კი მოითხოვს, რომ აუცილებლად ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება ბექა ოდიშარიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე ამ მოთხოვნით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

„თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან უმრავლესობის წევრები. თქვენ უმრავლესობის ნაწილი ხართ უკვე ბატონო სანდო, უმრავლესობის ქვედანაყოფი ხართ. ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან ქართველ ქალებს ამ დარბაზში თუ არა? მე მაგალითად, აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს", - მიმართა სამადაშვილმა.

ამასთან, ბექა ოდიშარიაზე საუბრისას სამადაშვილმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ოდიშარია ნარკოტიკს მოიხმარს.

უნდა აღინიშნოს, რომ ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა. ოდიშარია მის რეპლიკაზე რეაქციებს „ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს" უწოდებს და ამბობს, რომ ეს მისი „ღირსების საკითხი იყო".

„გუშინ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალთან დაკავშირებით განვმარტე, რომ ქალთა კვოტირებასთან არ იყო დაკავშირებული ჩემი, თუნდაც პირად სივრცეში წარმოთქმული ბრაზი ამ საკითხთან. ეს არის ტყუილი, რომელიც ტირაჟირებულია პარტიული ტელევიზიების მიერ. გუშინ, ადამიანურად, მათ შორის საკუთარ თავს, ღირსებას, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, აქ მსხდომ ადამიანებს ვეცი პატივი და განვმარტე, რა იყო და როგორ იყო და არა იმ არხის მითითებით, რომლის დამფუძნებელიც ითხოვდა, რომ სტუდიაში მოეტანათ საკუთარი მშობლების რაღაც-რაღაცები, რომ შემდეგ მას გარკვეული ძალადობა განეხორციელებინა. ეს იქამდე, ვიდრე პრეზიდენტს უწოდებდა იმას, რაც უწოდა; ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უწოდებდა, რაც უწოდა; ასევე პატრიარქს, სინოდის წევრებს, საზოგადოების წევრებს, რა ლექსიკით მოიხსენიებენ. მას შემდეგ, რაც ისინი ვამხილე იმაში, რომ ვითომდა ყოველგვარი ინსტრუქციის, მიზნობრიობის გარეშე იღებენ უზარმაზარ ფულს, რაში აპირებენ ამ ფულის დახარჯვას, გამოიყენეს სპეც. ტექნიკა. ვთქვი ის, რაც ვთქვი და ეს ჩემი ღირსების საკითხი იყო. განვუმარტე ადამიანებს, ჩემთვის ძვირფას საზოგადოებას, ვინც აქ ბრძანდება, ვისაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

„რა სინდრომი ჰქვია ამას - გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ თავზე რომ იღებ. გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე. გასაგებია, რომ არ ადარდებთ, რა ითქვა. ეს არის შანსი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების", - მიმართა ბექა ოდიშარიამ ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს.

„კაცმა {ბექა ოდიშარიამ} კუთხეში თქვა თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში, ან პრივატულად გამწარებულზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.როგორც ზარქუამ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი „ყველაფრით სპეკულანტობს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×