თამთა ჩაჩანიძე
02.04.2024

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სულ უფრო მეტად აქტიურდება - აეროპორტისა და ოჩამჩირის ბაზის მშენებლობა, ბიჭვინთის აგარაკებისა და აპარტ-ოტელების საკითხი ანალიტიკოსებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მოსკოვი რაღაც სერიოზულს ამზადებს საქართველოს ოკუირებულ რეგიონში. სამხედრო ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სამხედრო კოლონიზაცია მიდიოდეს.

გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24" ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და სამხედრო ანალიტიკოსებს უტოვებს იმის განცდას, რომ სამხედრო მანევრირებაც არანაკლებ მიდის.

ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ვერტმფრენმა „იძულებითი დაშვება განახორციელა". გავრცელებული ინფორმაციით, „ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". შემთხვევის ადგილზე კი ე.წ. „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი" ლევ კვიცინია მივიდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

როგორ აქტიურობს რუსეთი დე ფაქტო აფხაზეთში

აეროპორტის მშენებლობა - 2023 წლის 16 ივნისს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „სოხუმის არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის" აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მარტის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივთა გასახლებას გეგმავს, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

ოჩამჩირის ბაზა - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბაზის მშენებლობის შესახებ პირველად 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა ოკუპირებულ ყირიმშია, არაერთხელ გახდა უკრაინული თვითმფრინავების და რაკეტების სამიზნე და 30%-ზე მეტი განადგურებულია, ამიტომაც სამხედრო ანალიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ ერთ-ერთი პლაცდარმი შესაძლოა ოჩამჩირე გახდეს. 20 მარტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ „ფეისბუქზე" დაწერა, რომ "სოხუმში მცხოვრები მეგობრებისგან" მიიღო ფოტომასალა, რომლებშიც ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები ჩანს.

ბიჭვინთის აგარაკები - მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - ამის შესახებ აფხაზურმა პრესამ დაწერა, თუმცა, ე.წ. ხელისუფლება ამას დღემდე მალავს.

2023 წლის 27 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა" რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის ხელშეკრულების რატიფიკაცია.ე.წ. დეპუტატებმა შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც ობიექტების, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობების, აკვატორიის ნაწილის მესამე პირზე გადაცემას კრძალავს ასევე, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.

აპარტამენტების საკითხი - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კანონპროექტი „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" დაპირისპირების მორიგი საგანი ხდება. დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში შეტანილ პროექტს მწვავედ აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.აფხაზეთში ბევრი შიშობს, რომ „აპარტამენტების ანტისახალხო კანონის" მიღება, დააკანონებს მიწის ყიდვა-გაყიდვას, რაც თავის მხრივ სათავეს დაუდებს აფხაზეთში უცხოელების ჩასახლებისა და აფხაზეთის კოლონიზაციის ახალ ეტაპს.

რა მიზანი აქვს მოსკოვს აფხაზეთში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ქმედებებით ფაქტიურად რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სამხედრო კოლონიზაცია მიდის, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამისი რეაქცია უნდა იყოს.

„რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სამხედრო კოლონიზაცია მიდის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სურს, რომ სამხედრო სტრატეგიული ბაზების მთელი ეს ციკლი შექმნას, რაც სამხედრო დასაყრდენ წერტილად იქნება. ოჩამჩირის ბაზაზე რუსული მხრიდან ინფორმაციები თითქმის არააა და ჩემი აზრით, ადგილზე სამუშაოები მიდის და ამას განგებ არ იძახიან, ალბათ უფრო უკრაინელების ეშინიათ არ დაარტყან. აეროპორტიც იმისთვის უნდათ, რომ დავუშვათ რუსულ სამხედროებს გადაჯდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„უკრაინისგან ოჩამჩირის პორტზე დარტყმა მოსალოდნელია, უკან არ დაიხევს და ამის უფლება აქვს, რადგან დღეს რუსეთთან ომშია და იქ რუსული ბაზა კეთდება. კრემლს აფხაზეთში რა კონკრეტული მიზანი აქვს, ეს გამოჩნდება, თუმცა, მგონია, რომ რუსეთს წმინდა საზღვაო პლაცდარმის შექმნა სურს, ყირიმიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის სარეზვერვო მართვის ცენტრის გადმოტანა და ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსება სურს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსი სამხედროები თავის ოჯახებიანად გადმოვიდენ და აპარტამენტებიც შესაძლოა ამიტომ უნდათ და მოხდება მისი ათვისება.

„საქართველოში ოთხ ხელისუფლებას ტერიტორიიის დაბრუნებაზე განსხვავებული ხედვა ჰქონდა. სააკაშვილს იარაღით უნდოდა ეს და სხვა ალტერნატივას არ განიხილავდა და როგორ დამთავრდა ყველამ კარგად იცის. შევარდნაძე დიპლომატიური გზით ცდილობდა ამას და რაღაც მხრივ გარკვეულ მიზნებს აღწევდა. გამსახურდიას აფხაზებთან მიმართებაში დათბობის პოლიტიკა ჰქონდა და ამან რაღაც მხრივ გაამართლა, უბრალოდ გამსახურდიას ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და პრობლემა ჰქონდა ცხინვალზე. ახლანდელ ხელისუფლებას კი ისეთი დამოკიდებულება აქვს თითქის ცხინვალისა და აფხაზეთის თემა ტაბუდადებულია", -განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად აითვისოს ოკუპირებული აფხაზეთი, მითუფრო, რომ ამაზე შესაბამისი რეაქცია არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას.

„რუსეთს სურს, რომ აფხაზეთი მაქსიმალურად აითვისოს და ტერიტორიაზე არსებული რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს, რომ მის დაქვემდებარებაში იყოს. ეს იქნება ტყეები, შენობები, აპარტამენტები თუ სამხედრო ინფრასტრუქტურა - აეროპორტი და ოჩამჩირის პორტი.

„ოკუპაცია გაყინული გვგონია, მაგრამ, როგორც ვხედავთ ცოცხალი პროცესია. რუსეთმა მიზანს მაშინ მიაღწია, როცა აფხაზეთი დაიკავა, ახლა ამ ოკუპაციის რეალიზაციას ახორციელებს. რუსეთი კმაყოფილია და აფხაზეთის ტერიტორიაზე რასაც უნდა იმას აკეთებს, რადგან „ქართული ოცნება" არ რეაგირებს, მათგან სრული კარტ-ბლანში აქვთ.

„მიითვისა ბიჭვინთა - ხმა არ ამოუღიათ, ოჩამჩირის პორტისა და აეროპორტის რემონტზე, არავითარი რეაქცია არაა, გალის რაიონში ეკონომიკური ტერმინალი შენდება ავტომობილებისათვის - არანაირი რეაქცია. „ოცნება" მუდმივად უნდა ლაპარაკობდეს, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია და რომ რუსეთის ომი უკრაინაში, ეს საქართველოს ომის გაგრძელებაა, რომ საჭიროა მსოფლიომ ისე დაუჭიროს მხარი საქართველოს, როგორც უკრაინას და რუსეთს მოსთხოვოს ჯარები გაიყვანოს რუსეთისვე ხელმოწერილ დოკუმენტის საფუძველზე",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ თურქეთთან უფრო მეტად უნდა იმეგობროს, როგორც რეგიონში ნატოს წევრ ქვეყანასთან, რადგან რუსეთი ანკარას ყოველთვის ანგარიშს უწევს.

„საქართველომ ნატოს წევრ თურქეთთან უფრო მეტად უნდა იმეგობროს უსაფრთხოებსა და თავდაცვის მიმართულებით. აზერბაიჯანი ნატოსკენ არ მიდის, მაგრამ თურქეთთან უსაფრთხოების მიმართულებით საკმაოდ სერიოზული ხელშეკრულებები აქვს დადებული. საქართველომ რუსეთს უნდა აგრძნობინოს, რომ ჩვენ მკაფიოდ ნატოსკენ მივისწრაფით და ნატოს წევრ სახელმწიფოს ვიყენებთ ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების და თავდაცვის ღონისძიების გასაძლიერევლად.

„მაგალითად, ანაკლიაში ოჩამჩირესთან ახლოს რომ შეიქმას ქართულ-თურქული სამხედრო ბაზა, რათა აჩვენოს, რომ თქვენ რომ ოჩამჩირის პორტს აკეთებთ, ჩვენ ამას ვხედავთ. საჭიროა მეტი საზღვაო და საჰაერო წვრთნები რუსეთის დასანახად. თურქეთი ძლიერია და რუსეთი ამას ანგარიშს უწევს. თურქეთი უკრაინას შავ ზღვაზე ეხმარება, აზერბაიჯანს კი კავკასიაში. საქართველოს დუმილი ძალიან შემაშფთებელია და აშკარად ცუდი პოლიტიკის გატარების ხელშემწყობია.

„რაც (ოჩამჩირის პორტზე) აჩვენეს დრონით, იქ პორტის არეალში, სადაც გემები უნდა დადგნენ, არავითარი რემონტი არ მიდის, ეს შენობების რემონტია, თვითონ პორტის რემონტი არ ჩანს არანაირად. მე სამხედრო სფეროს სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რაც ვნახე სურათები ძველი და ახალი, პორტის კონფიგურაცია იგივეა, არავითარი გაფართოვება არ მომხდარა, რამდენი გემიც შეიძლება შეეყვანათ პორტში ხუთი წლის წინ (მაქსიმუმ 4-5 გემი), ზუსტად იგივე ფორმა აქვს დღეს პორტს.

„ბაბუშერას აეროპორტში რემონტი მკაფიოდ ჩანს, ოჩამჩირეში ასე არ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ სამუშაოები არ მიდის. რუსეთს შესაძლოა სჭირდება რომ რაღაც ტექნიკური ბაზა იყოს, ის ვერ ჩაენაცვლება ვერც სევასტოპოლს, ვერც ნოვოროსისკს, ვერც ფეოდოსიას და ვერც მეტ-ნაკლებად რუსეთის სერიოზულ პორტს.

„ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ოჩამჩირის პორტი და ბაბუშერას აეროპორტი ძალიან არ ადარდებს, უფრო ბიჭვინთისა და აპარტამენტების ამბავი აწუხებს, არ უნდათ, რომ მეტი რუსი ჩამოვიდეს აფხაზეთში და იცხოვრონ. მოსახლეობას საკუთრების საკითხები ადარდებს, თორე პორტი და აეროპორტი მათთვის მეორადი თემებია, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ინფრასტრუქტურაა და რუსები იქნებიან თუ წავლენ, ეს მათ მაინც დარჩებათ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×