თამთა ჩაჩანიძე
02.04.2024

„ოცნება" შეერთებულ შტატებს მოუწოდებს ქართველ მოსამართლეებს სანქციები მოუხსნან, მიაჩნიათ, რომ შეზღუდვები არის „უსამართლო" და რომ ამერიკულ მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა საკითხს მართლაც უნდა გადახედოს. ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ სია აშშ-სგან საერთოდაც გაფართოვდეს და საკითხი მოსამართლეებს გასცდეს, „ოცნების" მხრიდან კი ეს ნიადაგის მომზადება იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის საელჩოს ორშაბათს მიმართა, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი დაიწყოს. აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის 5 აპრილს დაუწესა.

ამასთან, საუბარია იმაზე, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ლაშა ჩხიკვაძე 2022 წელს აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი პროგრამიდან მოიხსნა.

რას ამბობს „ოცნება"

ჩვენ ძალიან კატეგორიულები ვართ სანქციების მოხსნის საკითხში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს, უსაფუძვლო სანქცირება, რომელიც განხორციელდა ქართველი მოსამართლეების მიმართ, წარმოშობს სხვა უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის პირობა, რაც კელი დეგნანის პირობებში არ იყო შესაძლებელი.

„ჩვენ ვთხოვთ მათ და მგონია, რომ ახალი ელჩის, რობინ დანიგანის პირობებში ეს შესაძლებელია. ეს არ იყო შესაძლებელი კელი დეგნანის პირობებში. ქალბატონ დეგნანს ჰქონდა სხვა მოტივაცია, რაც ნამდვილად არ ჩანს დანიგანის პირობებში. მე იმედს ვიტოვებ, მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ის უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

„მაგალითად, ერთი ყოფილი და სამი მოქმედი მოსამართლის გარდა, ასეთივე პრაქტიკული სანქციები შეეხო ლაშა ჩხიკვაძეს. გამოვიდა ადამიანი და თქვა, რომ ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა იმ უსაფუძვლო ბრალდებების გამოო. წარმოიდგინეთ, მართალი ხარ, შენს მოვალეობას ასრულებ კეთილსინდისიერად და ისეთი ბულინგია შიგნით, თუ გარეთ დაფინანსებული, ე.წ. დაბუსტული, რომ შენ კი არა, შენს შვილსაც შეეხო ფსიქოლოგიურად.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. როგორც მოსამართლე ჩხიკვაძის, ისე სხვათა მიმართ უნდა მოიხსნას სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე დიდ, ცრუ აგრესიას წარმოშობს, მათ შორის მოქალაქეებში, რომლებიც „ნაცმოძრაობის" ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი არიან", - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან შენი ქვეყნის მოსამართლეები სანქცირდებიან ორი აზრი არ არსებობს, რომ პარტნიორ მხარეს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი აქვს.

,,ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც უსამართლო სანქციას აწესებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს გარკვეული. ანაბანაზე ვსაუბრობთ. რაღაც მომენტში სირცხვილიც კი არის ამაზე საუბარი.

„რაზე ვსაუბრობთ, ბრალის გამჭვირვალობაზე, ბრალის მტკიცებულებებზე, ვსაუბრობთ ელემენტარულ საკითხებზე. თავი რომ დავანებოთ იმას, რამხელა დონის თემაა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან შენი ქვეყნის მოსამართლეები სანქცირდებიან. ორი აზრი არ არსებობს, რომ პარტნიორ მხარეს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი აქვს და განსაკუთრებული სენსიტიურობა უნდა გამოიჩინოს ამ საკითხის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სისხლის სამართალშიც და ადამიანურ ურთიერთობაშიც არსებობს მარტივი პრინციპი, ვინც აყენებს ბრალს, მის მხარეს არის მტკიცების ტვირთიც.

რა არის მოსალოდნელი ვაშინგტონიდან და რა ნაბიჯი გადადგა „ოცნებამ"

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ეჭვობს, რომ მოსამართლეებს სანქციები მოუხსნას აშშ-მა. მისი პროგნოზით, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ პირიქით სია გაფართოვდეს და სასამართლოს სფეროს გასცდეს, რაც „ოცნება"-აშშ-ს ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ყველაფრით „ოცნება" არჩევნებისთვის ნიადაგს ამზადებს.

„არ მგონია მოსამართლეებს სანქციები ვინმემ მოუხსნას. „ქართული ოცნება" რომ იძახის, არანაირი არგუმენტები არ წარმოგვიდგინესო, ეს უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი „ოცნებას" მაიმცდამაინც არ ენდობიან. ინფორმაცია, რაც შესაძლოა მათ (აშშ-ს) მოსამართლეებზე აქვთ, ეს მხოლოდ საჯარო სივრციდან მოპოვებული არაა. ამიტომაც ცხადია ისინი რატომაც არ თანამშრომლობენ ამ მიმართულებით „ქართულ ოცნებასთან".

„ვფიქრობ, რომ „ოცნებისადმი" დასავლეთის პოლიტიკა უფრო მკაცრი გახდება და არ გამოვრიცხავ, რომ სანქციების სიაც გააფართოვონ და არც იმას, რომ ურთიერთობები უფრო დაიძაბოს - ეს მომენტი მოსამართლეებზე არ გაჩერდეს და უფრო მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამ ბოლო პერიოდში „ოცნებამ" ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მიზანში ამოიღო და მუდმივად მიდის მასზე და ზოგადად დასავლეთზე აპელირება.

„ერთი თემა მოსამართლეების, მეორე ლგბტ, მესამე არასამთავრობო ორგანიზაციების დ კიდევ გაჩნდება ათასი თემა - „ოცნება" საქართველოს მოსახლეობაში ნიადაგს ამზადებს. თუ დასავლეთი არჩევნებს და მის შედეგებს არ სცნობს და არ იტყვის, რომ ეს იყო ლეგიტიმური, მას ჰქონდეს შემზადებული ნიადაგი, რომ ჩვენ რომ პრინციპულები ვართ და არაფერს არ ვუთმობთ, ამიტომაც დაგვსაჯეს, დაგვსაჯეს იმიტომ, რომ უნდათ ლგბტ, უნდათ კონტროლირებადი მოსამართლეებიო და ა.შ.

„ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საარჩევნოდაა მიზანმიმართული. ამასთანავე, დასავლეთის მიმართ ასეთი პოზიცია მემგონი ბელარუსის შემდეგ არცერთ სხვა რესპუბლიკას არ გამოუხატავს. როგორც ჩანს, ამას კიდევ ერთი შრე აქვს - როგორმე ვასიამოვნოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე„რეაზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" განცხადებები ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული და აქცენტები სწორია. მისი თქმით, „ალბათ ამერიკული მხარე უნდა დაფიქრდეს" სანქციები უკან გაიწვიოს და პარტნიორობა გაგრძელდეს.

„განცხადება, რომელიც ორშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანია. „ოცნებამ" დააფქისირა, რომ ბოლომდე სუვერენიტეტს იცავს. დასაცავი ის კი არაა, რომ ქართული მართლმსაჯულება, ან „ოცნება" რამეში მტყუანია, არამედ ის, რომ ამ მოსამართლეებზე თავის დროზე სავიზო სანქციები შემოიღეს, კარგად ცნობილი მავნებელი ნაცოპოზიციის სატელიტი ენჯეოებისა და სატელიტი ექსპერტების ე.წ. დასკვნების საფუძველზე.

„თუმცაღა კარგად გვახსოვს, რომ მაშინ მათ ოფიციალური თბილისისთვის არავითარი არგუმენტები არ გადმოუციათ, არც საჯაროდ და არც კულუარულად თუ ეს რატომ მოხდა. ტვირთი ე.წ. ეჭვმიტანილ მოსამართლეებზე დააწვა, რაც მათ არ გაუკეთებიათ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამყარდა სტრასბურგის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული მართლსაჯულების ინსტიტუტის მიერ, როცა გვარამიას სარჩელი საერთოდაც არ განიხილეს ის, რაც მან ჩაიდინა თაღლითობა და „რუსთავი 2"-ში ფული მიითვისა.

„ალბათ ამ ეტაპზე ამერიკული მხარე უნდა ფიქრობდეს, რომ სახის შენარჩუნებით ეს ე.წ. სანქციები უკან გაიწვიოს და საქართველოსთან ჩვეული პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელოს. აქვე მინდა ფსევდოდასავლელ ოპოზიოციურ პერსონაჟებს გამოვეხმაურო, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს „ოცნება" აშშ-ს უპირისპირდება - ევროკავშირსა და ნატოში ურთიერთგაუგებრობა, გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობა იმაზე უფრო მწვავეა ხოლმე, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია, მაგრამ ამის გამო არასდროს ამბობენ ხოლმე, რომ ნატოში, ან ევრპოკავშირში მტრული დამოკიდებულებები გაჩნდა.

„ვისაც პოლიტიკის ანბანი მაინც ესმის, უნდა იცოდეს, რომ როცა ორ პარტნიორ ქვეყანას შორის რაღაც გაუგებრობაა, ეს ისე უნდა მოგვარდეს, როგორც ორი ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება. ვფიქრობ, რომ პრაგმატულად მოაზრივნე ამერიკული ისტაბლიშმენტის ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ ნებისმიერი გაუგებრობა ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან უნდა გამოირიცხოს და გარკვეული შეფერხებების მიუხედავად, საქმე წინ წავწიოთ",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×