თამთა ჩაჩანიძე
01.04.2024

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „გირჩის" ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს, დღეს მოქმედი კანონით, ყოველ ოთხეულში ერთი ქალი მაინც უნდა იყოს. „გირჩმა" უმრავლესობასთან შეათანხმა, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, სანაცვლოდ კი „ოცნება" „გირჩის" დეპუტატებისგან ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატის მხარდაჭერას ითხოვს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ მოქმედმა კანონმა კარგად იმუშავა და როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მხრიდან ქალების მხრივ საკმაოდ დიდი აქტიურობაა, ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ გენდერული კვოტების გაუქმება ჯერ ადრეა და ამას რამდენიმე მოწმევის პარლამენტი მაინც სჭირდება, რომ „ხელოვნური ჩარევა", (როგორც გირჩის განმარტებით ბარათშია აღნიშნული) საჭირო აღარ გახდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩმა" ოთხი მანდატი მოიპოვა, დეპუტატები გახდნენ - ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე მუჯირი. 2021 წლის 25 მაისს პარლამენტმა მუჯირს მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამავე სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა იაგო ხვიჩია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „გირჩმა ერთადერთ დეპუტატ ქალს მანდატზე უარი ათქმევინა".

მანამდე, ცესკო-ს მაშინდელმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „გირჩის" მიმართვის საფუძველზე გამოსცა განკარგულება, შედეგად პარტიულ სათადარიგო სიაში მხოლოდ სამი მამაკაცი ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია დარჩა. „გირჩმა" მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით სია გაანულა.

მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის - ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

რას ითხოვს „გირჩი" და რა გამოხმაურება მოჰყვა ინიციატივას

„გირჩის" მტკიცებით, გენდერული კვოტირება ხელს უშლის ქალების რეალურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. ცვლილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.

"გენდერული კვოტირების მექანიმზი, წარმოადგენს შეზღუდვას, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს.

„კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა" - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტით, პარტიებს ექნებათ უფლება, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60-ისა.

იაგო ხვიჩიამ დაადასტურა, რომ გენდერული კვოტირების გაუქმების თემაზე უმრავლესობასთან შეთანხმება მიღწეულია. მან ოპოზიციასაც სთხოვა მხარდაჭერა. მანამდე ხვიჩიამ თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება" მათ ინიციატივას მხარს დაუჭერდა, „გირჩი" ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

„მიგვაჩნია, რომ ქალების შეურაცხყოფა და დისკრიმინაციაა, როდესაც ჩვენ, კანონმდებლები და ზოგადად, ჩვენი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალებს სჭირდებათ კაცების დახმარება და ხელის წაშველება, რათა პოლიტიკური ცხოვრება კაცების თანასწორად გააგრძელონ",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გენდერული კვოტირების გაუქმებაზე რომ მიღწეულია შეთანხმება „ოცნებასა" და „გირჩს შორის, ეს უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმაც დაადასტურა.

„გირჩის" ინიციატივასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის შედგა კომუნიკაცია. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა. ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. ფრაქციის და უმრავლესობის პოზიცია ასეთია. სამაგიეროდ, „გირჩის" მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან მიმართებაში, ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული. მათი მხრიდან ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის" - განაცხადა დავითულიანმა.

საპარლამენტო ჯგუფის, „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, გენდერული კვოტირება საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში აუცილებელია.დეპუტატი კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივას ნაადრევს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი გაუქმება მაშინ იქნება მიზანშეწონილი, როდესაც ხელოვნური ჩარევა კვოტირების საკითხში საჭირო აღარ იქნება.

„შესაძლებელია, მოვიდეს დრო, რომ აღარ იყოს აუცილებელი ხელოვნური ჩარევა და სავალდებულო კვოტირება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აუცილებელია. საზოგადოებაც ხედავს, რომ ძალიან აქტიურები არიან ქალები განსაკუთრებით ოპოზიციაში და ბევრი კარგი გადაწყვეტილებისთვისაც მიგვიღწევია ერთად. ვფიქრობ, გირჩის ინიციატივა ცოტა ნაადრევია და თავისთავად მოვა ამის დრო.

„დღესდღეობით ჯერ კიდევ გამიჯნულია ქალისა და კაცის საქმიანობა, პარლამენტშიც კი ვხედავთ, რომ არის რიგები, სადაც მხოლოდ მამაკაცები არიან ჩამწკრივებული და ძალიან ცოტა ქალია. ისედაც, ქალებს გვიწევს შრომა, როგორც სამსახურში, ისე სახლში. ზოგიერთ ქალს მიაჩნია, რომ მისთვის გარკვეული პოზიციები, თუნდაც პოლიტიკაში, მიუღწეველია.

„სანამ ეს სტერეოტიპები არ დაიმსხვრევა და ბუნებრივად არ მოვა ის პროცესი, რომ ქალმა შეძლოს გადაანაწილოს თუნდაც სახლის საქმე ოჯახის წევრებს შორის და ეს არ იყოს მხოლოდ მისი ვალდებულება, შეძლოს და საკუთარ სურვილებს და ინტერესებს მეტი დრო დაუთმოს, ეს დრო როდესაც დადგება, მაშინ აღარ იქნება საჭირო ხელოვნური ჩარევა კვოტირების საკითხში", - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

როგორ იმუშავა არსებულმა კანონმა და როდის იქნება დროული მისი გაუქმება

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გენდერულ კვოტებთან დაკავშკირებული დღეს მოქმედი კანონის გაუქმების ლოგიკური საფუძველი არ არსებობს, რადგან შედეგად თუნდაც ბოლო მოწვევის პარლამენტში ქალთა აქტიურობა საკმაოდ დიდია, რაც მანამდე არ ყოფილა.

„ასე ხელაღებით რაღაცის თქმა, ან უარყოფა არ შეიძლება, ხელოვნურია ეს თუ არა მოდით სურათი ვნახოთ - სანამ ეს კანონი არ იყო, პარლამენტში რამდენი ქალი იყო და ახლა რამდენია. თუმცაღა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა რაოდენობაზეც არაა - დავაკვირდეთ რამდენად აქტიურები არიან დღეს ქალი დეპუტატები პარლამენტში, როგორც კი ამ თემებს დავალაგებთ, მაშინვე გამოჩნდება იმუშავა ამ პრინციპმა პარლამენტისა და ქვეყნის სასარგებლოდ თუ არა.

„ვფიქრობ, რომ ამ პრინციპმა იმუშავა და ძალიან კარგადაც, რადგან ამდენი აქტიური ქალბატონი, რაც თუნდაც ბოლო მოწვევის პარლამენტშია, მე არცერთ პარლამენტში არ მახსოვს - ამას ვლაპარაკობ, როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას თუ ვის რა პოზიცია უჭირავს, აქ არა პოლიტიკურ შეხვედულებებზე, არამედ აქტიურობაზეა საუბარი.

„ნახეთ როგორი აქტიურობაა დღეს და რატომ არ უნდა იყოს ეს კვოტები უბრალოდ არ მესმის. კვოტებმა საკმაოდ დადებითი შედეგი მოგვცა და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ „ლეკვი ლომისა სწორია", ეს ჩვენს საზოგადოებაში მთლად ასე არ იყო და არც დღეს არაა. ამიტომაც დამატებითი იმპულსებია საჭირო, რომ რეალობად ვაქციოთ ის, რასაც ზოგადად არავინ არ უარყოფს.

„პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში იგივე ხვიჩიამ და მისმა გუნდმა უნდა დაასაბუთოს, არსებულმა კანონმა შედეგი თუ არ მოგვცა, კი ბატონო, პრობლემა არაა, მაგრამ, თუ შედეგი მოგვცა, მაშინ რატომაა აუცილებელი მისი გაუქმება არ მესმის. ჩვენ გვჭირდება რომ ეს პრინციპი პარლამენტის რამდენიმე მოწვევა მუშაობდეს, თორემ შემდეგ აღარ გადვჭირდება. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ საჭიროა",-განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×