თამთა ჩაჩანიძე
01.04.2024

სომხეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაღმავებისკენ სწრაფვით რუსეთი შეშფოთებულია, ერევანი კი უკვე ღიად აცხადებს, რომ დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობა რეგიონსა და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას ხელს უწყობს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ 5 აპრილის დაგეგმილი სამმხრივი სამიტის შემდეგ კრემლმა სომხეთის ხელისუფლების მისამართით უკვე კონკრეტული გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთოს.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, საქმე იქამდე მიციდეს, რომ ფაშინიანმა რუსეთს ჯარების გაყვანა მოსთხოვოს და საკითხი დააყენოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან გასვლაზე, თავის მხრივ ამას მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს და სამხედრო გადატრიალებასაც კი შეეცადოს, ან ეს მანამდე სცადოს მოსკოვმა, სანამ ერევანი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.

შედგება თუ არა რეგიონში სომხეთ-საქართველოს, როგორც პროდასავლური ქვეყნების ტანდემი - ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის ყველაზე კარგი სცენარია, თუმცა, შორეული პერსპექტივაა.

რას აპირებს სომხეთი რას პასუხობს მოსკოვი და ბაქო

რამდენიმე დღის წინ, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა, სადაც განიხილება სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ საკითხები და ასევე, სომხეთის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯების ხელშეწყობა.

აღნიშნულს რუსეთი და აზერბაიჯანი გამოეხმაურა თუმცაღა, ერევანმა მალევე განაცხადა, რომ ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნება სომხეთ-ევროკავშირ-აშშ თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, "არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ".

ინფორმაციის გავრცელებისთანავე აზერბაიჯანმა ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, "თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ 5 პარილის სამიტი რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს.

„მსგავსი ღონისძიება რუსეთში შეშფოთებას იწვევს, რადგან აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებიან ჩვენს პარტნიორებს, რომ მათი ძირითადი მიმართულება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგაა. ეს არის ზუსტად ის, რასაც ისინი ამბობენ ღია ტექსტით.

„ოფიციალური ერევანი რატომ აჩვენებს თავს ისე, თითქოს ვერ ხვდება, რაზეა ლაპარაკი, საბოლოოდ მთელი მსოფლიოს თვალწინ სომხეთს გადააქცევენ კოლექტიური დასავლეთის უკიდურესად საშიში გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება სომეხი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს", - განაცხადა ზახაროვამ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პორტალ „ტოდოს ნოტიციას"-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ მიისწრაფვის.

„ჩვენ გვაქვს დემოკრატია და გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათი ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მშვიდობას რეგიონსა და სომხეთის ნაწილში.

„ახლა ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას და ვხედავთ, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან", - განაცხადა მირზოიანმა.

რუსეთის პასუხი და სომხეთ-საქართველო, როგორც დასავლური ტანდემი რეგიონში

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთის დასავლეთთან ინტეგრაცია სწრაფად ვერ მოხდება და მანამდე არაა გამორიცხული რუსეთმა სომხეთის ხელისუფლების წინაღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რისი პროგნოზირებაც დღეს რთულია. მისი თქმით, სომხეთ-საქართველოზე, როგორც რეგიონში პროდასავლურ ტანდემზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ორივე ქვეყნისთვის კარგია.

„სომხეთის დასავლეთთან ინტეგრაცია სწრაფად ვერ მოხდება და არც ადვილი იქნება, რადგან ის რუსეთზე დიდადაა დამოკიდებული, როგორც ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ისე განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით. მაგალითად წარმოვიდგინოთ - ხვალ რომ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმზე განაცხადოს, სომხეთის საზღვრებს რუსეთის ჯარი აკონტროლებს, მათ შორის აეროპორტშიც კი. მართალია ეს საკითხი დაძრულია, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაა.

„სომხეთმა პირველ რიგში ის პრობლემები უნდა მოაგვაროს, რომელიც მის დამოუკიდებლობასთან, სუვერენიტეტთან და უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული, რომელსაც აქამდე რუსეთი უზრუნველჰყოფდა. როგორც კი ერევანი ამას დაიწყებს, ბუნებრივია, მოსკოვიდან რეაგირება იქნება, მაგრამ კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს, ამის თქმა წინასწარ ცოტა რთულია.

„ფაქტია, რომ რუსეთს სომხეთის წინააღმდეგ დიდი ბერკეტები აქვთ, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე სამხედროებში და ფაშინიანის პოლიტიკისადმი გაბრაზებულ ნაწილში და მოსკოვს აუცილებლად რაიმე სახის ქმედება ექნება. თუმცა, მეორეს მხრივ სომხეთსაც არ აქვს ძალიან ბევრი დრო - მან თუ ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოების ეს შესაძლებლობების ფანჯარა არ გამოიყენა, შესაძლოა ასეთი საშუალება მომავალში აღარ გამოჩნდეს.

„ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ თავად ფაშინიანი რა ტიპის ბალანსს იპოვის - მოახერხოს, რომ თან დასავლეთს დაუახლოვდეს, თან ისე, რომ ზედმეტად არ გააღიზიანოს მოსკოვი, ამას ძალიან ფილიგრანული დიპლომატია სჭირდება და დამოკიდებულია იმაზე რამდენად მოახერხებს სომხეთის ხელისუფლება ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

კითხვაზე, რამდენად პერსპექტიულია შეიქმნას რეგიონში საქართველო-სომხეთის პროდასავლური ტანდემი, კაკაჩიამ გვითხრა: „ამ თემაზე ჯერ საუბარი რთულია, ჯერ სომხეთის საკითხი ბოლომდე არ ვიცით, თუმცა, იდეაში ცუდი არაა. თუ სომხეთი ევროატლანტიკურ გზა დაადგება, საქართველოსთვის კარგია და სტრატეგიული თვალსაზრისით ქვეყნებს უფრო დააახლოვებს.

„უბრალოდ აქ ერთი რისკია - თუ ისე მოხდა, რომ საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება წელს ვერ მოახერხადა, ამასობაში თეორიულად სომხეთმა წინ წაიწია, ისე არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ უკვე ცალკე სამხრეთ კავკასიულ კალათაში აღმოვჩნდეთ სომხეთთან ერთად და არსებულ ტრიოს ჩამოვშორდეთ.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაზე უფრო ცუდი სცენარია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვლენები ასე არ განვითარდეს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზოანსთან" აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ სომხეთმა უახლოეს მომავალში კოლექტიური უსაფეთხოებს ორანიზაცია დატოვოს და რუსეთს ჯარების გაყვანაზე მიუთითოს.

„რეგიონში სომხეთი უფრო მიიჩნევა, რომ დასავლეთისკენ რეალურ ნაბიჯებს დგამს, ვიდრე საქართველო და აზერბაიჯანი. ეს დაგეგმილი 5 აპრილის არაფორმალური სამიტიდანაც ჩანს, ჩვენ მიწვეულები არ ვართ. სომხეთის ქმედება რუსეთისთვის შემაშფოთებელი და გამაღიზიანებელია და ამ სამიტის მერე მოსალოდნელია, რომ უფრო მკაცრ და უფრო მკვახე განცხადებას გააკეთებს.

„სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების იდეის გამმჟღავნებელი სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანია, რომელიც წმინდა პროდასავლური განცხადებებით გამოირჩევა. ეს კი პუტინის ხელისუფლებას განსაკუთრებით აღიზიანებს ხოლმე. არაა გამორიცხული რუსეთმა სომხეთში სახედრო გადატრიალებაც კი სცადოს.

„არაა გამორიცხული სომხეთი უსაფთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ოდეკაბე) გამოვიდეს, რუსეთს სამხედრო ბაზებისა და სასაზღვრო ჯარების გაყვანა მოითხოვოს. ფაშინიანმა ეს საკითხი ისედაც დააყენა და არაა გამორიცხული, რომ მალე უკვე ფაქტის წინაშე დადგეს მოსკოვი. ნატოსთვის დღეს სომხეთი მიმზიდველი არაა, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნები გააქტიურდებიან.

„საქართველოს პეროდასავლური ორიენტაცია დეკლარირებულ დონეზე აქვს, მაგრამ რეალურად დამატებითი პრაქტიკული ნაბიჯები გვჭირდება. ჩვენ თუ რეკომენდაციები არ შევასრულეთ და რეფორმები არ ჩავატარეთ და სომხეთმა რუსეთისგან თავის დასახსნელად რეალური ნაბიჯები გადადგა, არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთმა რეგიონში ფსონი სომხეთზე დადოს.

„ჩვენ დღეს კავკასიის რეგიონში დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ყველაზე წინ ვართ, თუმცა, თუ რეკომენდაციების შესრულება არ მოხდა და არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდა, გაყალბდა, იქნება პოლიტიკური ძალადობის და უზურპაციის მცდელობა, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და შესაძლოა ევროკავშირს საერთოდაც დავემშვიდობოთ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×