თამთა ჩაჩანიძე
29.03.2024

სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, -განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას.

პრემიერმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გიორგი ამილახვართან ერთად, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებს კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამის დეტალები წარუდგინა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც პრემიერმა მედიისთის კომენტარიც გააკეთა ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

მანამდე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან.

„სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა, - 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით, 4-თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებული იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე, ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, და ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე წელს მთავრობამ დააანონსა ეს ახალი პროგრამა," - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამა სტუდენტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მათი რჩევების გათვალისწინებით ამოქმედდება.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დეტალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. ამ პროგრამის მთავარი მოსარგებლეები არიან კურსდამთავრებულები, სტუდენტები, და, თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება „სტარტი", დასაწყისი, არ გამოვიდეს წარმატებული. ამიტომ გვინდა კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება ნაყოფიერი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ნაყოფიერი იყო სტუდენტებთან წინა შეხვედრა. ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე საინტერესო დისკუსიას თქვენთან," - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს საფეხბურთო წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ემოციები ჯერ არ განელებულა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საფეხბურთო წარმატებას. ემოციები ჯერ არ განელებულა და არც განელდება კიდევ დიდი ხანი. მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, და ეს გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი. აქვე, მინდა გისურვოთ მომავალში, თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვებები," - განაცხადა პრემიერმა შეხვედაზე.

მედიასთან საუბარში კი კობახიძემ აღნიშნა, რომ ძალიან დიდი და საინტერესო დისკუსია შედგა, სტუდენტების მხრიდან კი არაერთი მოსაზრება გაჟღერდა. ჟურნალისტებთან პრემიერმა ქვეყანაში არსებულ სხვა აქტიურ თემებზე ისაუბრა. იგი პარტია „ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის გეგმავს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს. კობახიძის განცხადებით, გვარამია „ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა".

პრემიერის მტკიცებით, ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან უნდათ მხარი დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, მაგრამ „პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ".

„დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობას" ძალიან უნდა ხმის მიცემა. გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან უნდათ ხმის მიცემა, მაგრამ უბრალოდ საკუთარი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. ეს არის ერთადერთი, რის გამოც მათ შეიძლება შეიკავონ თავი", - განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, დღეის მონაცემებით „ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს, საზოგადოება „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" და კონკრეტულ ადამიანებს ვერავითარ წარმატების შანსს ვერ მისცემს".

„რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ. ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის" მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერცერთი სხვა პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

„რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მით უკეთესი. ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საქართველოში საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ამ კონკრეტულ ადამიანებს ვერავითარ წარმატების შანს ვერ მისცემს", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ დღეს ორგანიზებულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნებში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის საკითხის განხილვას ეძღვნება. აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, შეხვდეს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს და არც იმის მორალური უფლება აქვს, რომ არჩევნებზე ისაუბროს. ამასთან კითხვაზე, კვლავ იქნება თუ არა გიორგი კალანდარიშვილი „ოცნების" რჩეული ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერ კონკურსი უნდა გამოცხადდეს და პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

პრემიერის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

„ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა, ეს არის 9,5% და ჩვენ იმედი გაქვს, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ", - ასე გამოეხმაურა კობახიძე „საქსტატის"ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 9.5% შეადგინა. როგორც პრემიერი ამბობს, მთავრობის ერთ-ერთ გამოწვევად ისევ სიღარიბე რჩება, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა, ამ გამოწვევის მოგვარებაა.

ქუთაისში სტუმრობისას პრემიერს ჟურნალისტებმა ქუთაისის პარლამენტის შენობაზეც ჰკითხეს. „ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა - შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია!" - უპასუხა კითხვას ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×