თამთა ჩაჩანიძე
22.03.2024

„არა მგონია კანონის შემოტანა გაბედონ, რადგან ხალხმა დაიჯერა, რომ გაიმარჯვა. ამიტომ „ოცნება" ამ განცხადებების ფონზე, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს და ტყუილებს იგონებს", - აცხადებს „რეზონანსთან" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, „ოცნების" იმ განცხადებებზე, სადაც უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნონ.

ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოში ასეთი გამჭვირვალე არცერთი სტრუქტურა არაა, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მისი თქმით, ენჯეოებს ორმაგი შემოწმება აქვთ. კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ თუ „ოცნებამ" კვლავ გაბედა კანპონპროექტის შებრუნება პარლამენტში, იმაზე მეტი ხალხი გამოვა გასაპროტესტებლად ქუჩაში, ვიდრე შარშან ე.წ. რუსულ კანონზე იყო.

„არა მგონია კანონის შემოტანა გაბედონ, რადგან ხალხმა დაიჯერა, რომ გაიმარჯვა და არ დაუშვებენ, რომ მონოპოლია დაიკავონ. ამიტომ „ოცნება" ამ განცხადებების ფონზე, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს და ტყუილებს იგონებს. საქართველოში ასეთი გამჭვირვალე არცერთი სტრუქტურა არაა, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, არც ბიზნესია ასეთი გამჭვირვალე და არც პარლამენტის წვერების შემოსავლები. არ არსებობს საქართველოში ადამიანი მოინდომოს და ვერ გაიგოს თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას რა შემოსავალი აქვს, ყველაფერი მათ საიტზე დევს.

„არასამთავრობოებს ორმაგი შემოწმება აქვთ - პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს ფინანსური სამსახური და მერე, ის დონორები, ვინც ფულს აძლევს. ისინი დაინტერესებულები არიან იცოდნენ ფული სად მიდის. სჯობს „ოცნების" დეპუტატებმა თავიანთი შემოსავლები გაასაჯაროვონ, ნათესავებზე, მშობლებზე, შვილებზე რომ აქვთ გადაფორმებული. ცოტა მეტი არ მოუვიდეთ, რომ მერე პასუხი აგონ თავიანთი საქმიანობის გამო.

„არასამთავრობოების საიტებზე ყველა ვერ შევა და მათ ფინანსურ შემოწმებას არ დაიწყებს, ამიტომ იმის ილუზიას და მითს ქმნიან, რომ თითქოს მათ არ აქვთ გამჭვირვალე შემოსავალი, ესაა ტყუილი, ბოდვა და სიცრუე. მათი შემოწმება უკვე არსებული მექანიზმებით შეიძლება სხვებზე უკეთესად", - განაცხადა ზაქარეისვილმა.

მისი თქმით, თუ „ოცნებამ" „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი კვლავ პარლამენტში შეაბრუნა, თუნდაც სახეცვლილი, პროტესტი აუცილებლად იქნება და იმაზე მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო ამავე თემაზე.

„თუ კანონპროექტი ისევ შეაბრუნეს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას ასე არ დატოვებს. შესაძლოა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტმა არ გამოიწვიოს იმხელა ვნებათაღელვა, მაგრამ ამ რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხი აუცილებლად გამოვა. უფრო მეტი ხალხი გამოვა, ვიდრე ერთი წლის წინ მარტის აქციებზე იყო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

„შარშან ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ მივუბრუნდებით და მათ თქვეს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა [ენჯეოების დაფინანსება] და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება - ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს?!- კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანსები, კიდევ უფრო არ ვიცით, სად მიდის ეს თანხები", - ამბობს„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, ისტორია მეორდება, შარშან ამერიკული კანონი დაინიცირდა და და არქვეს „რუსული კანონი", ახლა, კითხვები დაისვა დაფინანსების შესახებ და ამას დაარქვეს „ანტიამერიკული კამპანია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×