რეზონანსი
10.03.2024

ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ რიტორიკა შეცვალა და აქცენტი სოციალურ პრობლემებზე გადააქვს. მმართველმა პარტიამ კი თავის წინასაარჩევნო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ისევ „ომისა და მშვიდობის“ თემის წამოწევა დაიწყო.

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, ოპოზიცია როგორც იქნა მიხვდა, რომ ზოგადი დაპირებებით ელექტორატის გაზრდას ვერ მოახერხებენ და მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ „ოცნება“ შესაცვლელია და ის პრორუსული ხელისუფლებაა, პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ იძლევა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის მხრიდან იმაზე საუბარს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ჩნდება ქვეყნის ომში ჩათრევის რეალური საფრთხე, ანალიტიკოსების ამ სტრატეგიასაც გამართლებულად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, უკრაინის ომისა ამასთან დაკავშირებით საქართველოს წინაში ახალი გამოწვევების გაჩენის თემა ოპოზიციამ მთლიანად ხელისუფლებას დაუთმო და ამით მნიშვნელოვანი კოზირიც ჩაუგდო ხელში.

ვინ რა ხაზს მიჰყვება

ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტსა და მედიკამენტებზე არსებული ფასების შესწავლითა და იმაზე საუბრითაა დაკავებული, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უმძიმესია. ის ამის დასამტკიცებლად ბაზარში და მაღაზიებში დადის. ასევე თურქეთში იმყოფებოდა, რათა საქართველოში არსებული ფასები თურქეთისას შეედარებინა.

„ივანიშვილმა ხალხს ცხოვრება გაუძვირა და საქართველოს მოქალაქე ამას ყოველდღიურად გრძნობს“, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.  

მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ასევე პარტია „ლელოს“ მთავარი დაპირებაა. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ლელო“ პენსიონერებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდება. მათი თქმით, დღევანდელი პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2024 წლის ბიუჯეტით, 70 წლამდე პირთა პენსია 315 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებებში - 380 ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია კი 415 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში - თითქმის 500 ლარი. „ლელო“ კი პენსიების დიფერენცირებას არ ემხრობა და მიიჩნევს, რომ ყველა პენსიონერისთვის შესაძლებელია 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა.  

ექსპრემიერ გიორგი გახარია უფრო შიდაპოლიტიკურ განწყობებზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ მისი მიზანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ჯამურად ხმათა 50% ვერ მიიღონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა რეალური არჩევანი ამ ორი რადიკალური ძალის მიღმაა.  

ამასთან, ექსპრემიერის პარტიას სახელი ოფიციალურად შეეცვალა და იგი არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა სახელით „გახარია საქართველოსთვის“.   

მმართველი გუნდი კი წინასაარჩევნო კამპანიაში კვლავ დაიწყოომის და მშვიდობის თემის წამოწევა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რისკები, რაც უსაფრთხოებასა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას და „მეორე ფრონტის“ გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა“.  

„არავის მივცემთ საშუალებას, ხელმეორედ და სამუდამოდ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომაა მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, ამიტომ სჭირდება ჩვენს პარტიას მობილიზაცია. ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში ჩემი სიარული“, - თქვა ღარიბაშვილმა.   

მისივე თქმით, ამომრჩევლებთან და „ქართული ოცნების“ ზუგდიდში აქტივთან სწორედ ამ თემებზე ისაუბრა: „ვუთხარი, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“.

ვისთვის რა სტრატეგიაა უფრო მომგებიანი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ოპოზიციამ გარკვეულწილად გაითვალისწინა ექსპერტების რჩევები იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგად საკითხებზე საუბარს სჯობდა მოსახლეობის კონკრეტულ პრობლემებზე გაეკეთებინათ აქცენტი. როგორც ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, ოპოზიცია მიხვდა, რომ მხოლოდ ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხვნა მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე აღარ აინტერესებს.

„ოპოზიცია როგორც იქნა მიხვდა, რომ მხოლოდ ზოგად საკითხებზე საუბარს პოლიტიკური დივიდენდები არ მოჰქონდა. სიტუაციის გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტეს ყურადღება სოციალურ თემებზე გაემახვილებინათ. მითუმეტეს, რომ ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი და ეს ერთგვარი მოთელვაა. ეს სტრატეგია გარკვეულ წილად გამართლებულიც არის, რადგან მოსახლეობას პოლიტიკოსმა უნდა აუხსნას, თუკი ხელისუფლებაში მოვა, როგორ მოუგვარებს იმ პორბლემებს, რომელიც მას აწუხებს. ამას ემსახურება სწორედ „ნაციონალების“ შეცვლილი რიტორიკა, ლევან ხაბეიშვილის ვიზიტები ბაზრებსა და თურქეთში, სადაც ფასებს ადარებს“, - ამბობს ანჯაფარიძე. 

მისივე აზრით, ხელისუფლებას შეუძლია ეს საკითხიც გამოაცალოს ოპოზიციას ხელიდან, რადგან სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ბერკეტები ნამდვილად მის ხელთ არის.

„ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემა მოუწევს, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.  მაგალითად, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში ბენზინის აქციზის აწევა, რომელმაც მისი გაძვირება გამოიწვია და ამან უკვე სხვა პროდუქტების გაძვირებას შეუწყო ხელი. 

„არის რიგი საკითხები, რომლებსაც ადრე ყურადღება არ ექცეოდა და ახლა მოუწევთ ამის აღიარება. თუდაც ის, რომ, მაგალითად, წლის ბოლოს ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების დიდი რაოდენობა რჩება, რომელიც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მოხმარებოდა. თუ მმართველი პარტია ყურებს გამოიფერთხავს და საქმეს აქტიურად შეუდგება, მას შეუძლია პასუხი იპოვოს იმ კრიტიკაზე და ბრალდებებზე, რომელსაც ოპოზიცია უყენებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც ოპოზიცია და ხელისუფლება იძლევა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. მისივე აზრით, ოპოზიციის მხრიდან აქცენტის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე გადატანა სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად დამაჯერებელია მათი დაპირებები საზოგადოებისათვის.

„გასაგებია, რომ ეკონომიკური და სოციალური ფონი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმეა და ამაზე პოლიტკოსებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ განა ახლა მოსახლეობა ვერ ხვდება, რომ ამას პარტიები წანსაარჩევნოდ ჰპირდებიან და რომ მოვლენ ხელისუფლებაში, მერე კაცმა არ იცის რა იქნება? მაინც და მაინც არჩევნები უნდა იყოს, რომ გაახსენდეთ ხალხის პორბლემები? 

„გასაგებია ოპოზიციის ტაქტიკა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მათი დღის წესრიგი შეიცვალა, მაგრამ მოდი აბა, მოსახლეობაში ვიკითხოთ, თუ სჯერათ „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირების და თუ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ის ამ პრობლემებს მოაგვარებს. 

„მათი ბაქიბუქი იმაზე, რომ წარსულში ქვეყანა ფეხზე დააყენეს, არ არის სწორი. საქმე ისაა, რომ მაშინ იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია. კი, ბატონო, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ეს დასრულდა და ბიუჯეტში დაიწყეს ფულის მიტანა, თუმცა გაჩდნენ ხელისუფლებაში მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბიზნესის და ბიზნესმენების დარეკეტება თავად დაიწყეს. აბა, კეზერაშვილი როგორ გამდიდრდა? ჰოდა, ეს  ყველაფერი ხალხმა კარგად იცის და მათ მიმართ ნდობა ნაკლები აქვთ“, -ამბობს ძაბირაძე. 

რაც შეეხება გახარიას განცხადებას, რომ ნაციონალებიც და „ოცნებას“ ორივე ერთად უნდა დამარცხდეს და „ლელოს“ 1000-ლარიან საპენსიო დაპირებას, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ აქაც ოპოზიცია იმაზე მეტად არის საკუთარ თავში დარწმუნებული, ვიდრე რეალობაა.    

„გიორგი გახარიას არ აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ასევე არც „ლელოს“, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს. ამიტომ გახარია როგორ აპირებს „ოცნების“ ან კიდევ „ნაციონალების“ მარტო დამარცხებას, არ ვიცი. 

„რაც შეეხება „ლელოს“ დანაპირებ ათასლარიან პენსიას, ესეც ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ამ პარტიის ხელმძღვანელობის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს. 

„რაც შეეხება ხელისუფლების „ომის და მშვიდობის“ თემას, კი, ბატონო, ეს „ოცნების“ კოზრია, რადგან ეს ოპოზიციამ მმართველ გუნდს დაუთმო. იმდენად არასწორი კამპანია წარმართეს უკრაინის ომის მერე, რომ ეს ჯოკერი ხელისუფლების ხელშია. ამიტომ ოპოზიციის მხრიდან წინასწარ რაიმე იმედების დამყარება ამ სოციალური თემატიკის სტრატეგიაზე პოლიტიკური შეცდომაა. ვნახოთ ასპარეზზე მინიმუმ კიდევ ერთი პარტია უნდა გამოჩნდეს მელია-გვარამიას სახით და მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ნამდვილად შეუძლიათ“, - ამბობს ძაბირაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×