რეზონანსი
08.03.2024

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს", ამომრჩევლების მოზიდვას ისახავს მიზნად, ოპოზიციას კი შანსი ეძლევა დასავლეთს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს, რომ სწორედ ისინი არიან „პროდასავლური" ძალები, აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

„მმართველი პარტიის ინიციატივა, რომ შემოიღონ შესაბამისი კანონმდებლობა, ლბგტ პროპაგანდისა და ზოგადად ასეთი ტიპის პროპაგანდის აკრძლვა/შეზღუდვის შესახებ დიდწილად საარჩევნო მიზნებით არის განპირობებული, უნდათ მიიმხრონ ტრადიციონალისტურ-კონსერვატიული ამომრჩეველი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის ძირითადი მიზანი მაინც ესაა.

„რეაქცია კი, რომელიც ჩვენთან ჰქონდათ პირობითად „პროდასავლურ" და „ლიბერალურ" ჯგუფებს, ესეც თავისებურად გასაგებია. ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ პროდასავლურია, ცხადია, უნდა შეეწინააღმდეგოს ამ ინიციატივას. მათ ეძლევათ კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა დასავლეთს დაუმტკიცონ, რომ საქართველოში სწორედ ისინი არიან პროდასავლური ძალები. ძირითდად ამას ემსახურება ოპოზიციის და მათი სხვადასხვა მოკავშირე ჯგუფების კომენტარები. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ინიციატივას რუსული კანონპროექტი დაარქვან და იგივე აქციები და გამოსვლები გაიმეორონ, რაც იყო „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტთან დაკავშირებით," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას „ეშინია პატრონების, ვერ უბედავენ კითხვასაც კი, რომ, მოდი, ვიტყვით, ცუდია ლგბტ პროპაგანდა და საერთო არაფერი აქვს ადამიანის უფლებებთან."

„ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდა სასაცილო მდგომარეობაში, წავიდა, ოჯახი მოინახულა და თქვა, როგორი გაჭირვებაა. შემდეგ გადავიდა სარფის საბაჟოზე და ეს ეწერა მედიაში წინასწარ. ანუ დადასტურდა, რასაც ვლაპარაკობდით, რომ ეს კამპანია ნაადრევად წამოიწყეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე, ლგბტ პროპაგანდა რომ ცუდია. რომელიმეს ამ დღეების განმავლობაში გახსენდებათ მათი ერთი პასუხი? წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან, მართლა მეცოდებიან, ასეთ დღეში როგორ უნდა ჩაიგდო ადამიანმა თავი, ვიღაცის იმდენად გეშინოდეს, თქვა, ცუდია ლგბტ პროპაგანდაო. ვთქვათ, კანონი არ არის საჭირო. შარშან მე ვამბობდი, რომ არ იყო მართლა ის ეტაპი, როცა ამგვარი სიმძაფრით იყო. მერე ვიდეოები რომ გამიმზადეს, მაინც მგონია-მეთქი, რომ ამ პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ ჯანსაღი პროპაგანდით. მაგრამ იმდენად გამძაფრდა ეს ყველაფერი, იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ წელს ვამბობთ, არა, ამას უკვე კანონმდებლობა, რეგულაცია სჭირდება.

„ალბათ ვერ წარმოვიდგენდით, ოფიციალურ სტრუქტურებში თუ შეაღწევდა პროპაგანდა იმგვარად, რომ იტყოდნენ, დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთო. შესაბამისად, ეს რომ ცუდია, ამას ვერ ამბობენ იქ - პატრონების, აქ -ქართველი ხალხის შიშით. შესაბამისად, ახლა რაღაცებს დაანებონ თავი. ასეთი პრობლემა როცა უფრო იყო, ხმას არ იღებდნენ ამაზე, მაშინ „რუსული" იყო მოდაში. დღეს, სხვათა შორის, წლისთავია იმ საუკუნის აფერის, რომელიც მათმა ტელევიზიებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავიანთი პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების, საბედნიეროდ, ნაწილს, თურმე რუსულია ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანია, კანონის, რომელიც ამერიკაში მოქმედებს. ამ სითავხედის პიარკამპანია დაალაგეს, ამის წლისთავია, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ამაზე არასდროს წამოეგებიან, რადგან ერთსა და იმავე ფეიკ-მდინარეში შესვლას აღარავინ აპირებს. მათ შორის, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ მომავალზე იზრუნებენ, დადგებიან ყოველთვის სიმართლის მხარეს და არ წამოეგებიან ისეთ ფეიკებს, როგორიც შარშან შემოგვთავაზა მათმა კამპანიამ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×