თამთა ჩაჩანიძე
08.03.2024

„ნაცმოძრაობამ" წინასაარჩევნოდ პროდუქტზე ფასების თემა წინ წამოსწია. პარასკევს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თურქეთის საზღვართანაც გამოჩნდა, სადაც თქვა, რომ მეზობელ ქვეყანაში „პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სოციალური საკითხების გააქტიურებით ოპოზიცია ცდილობს „ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივა გადაფაროს.

„თურქეთში ფაქტებით ვნახეთ, რომ პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე და თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს - ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა გაძვირებული პროდუქტებია", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა „ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებისთვის", რათა „კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს".

„თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს, თუმცა პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენ ვიყიდეთ - კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა არის გაზრდილი ფასი პროდუქტებზე, რადგან ყოველდღიურად უწევთ ამასთან შეხება. 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ივანიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ როდესაც კოვიდპანდემიის დროს და შემდგომ პერიოდშიც ფასები მართლა იზრდებოდა და სერიოზული პრობლემა იყო, ამაზე მათ კამპანიურად არ უსაუბრიათ.

„ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რაიმე ნორმას, ამ სახით, იმ სახით, ცუდი რომ არის, ამაზე ვერ გვცემენ პასუხს. იცით, რატომ? რადგან აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ - პატრონების. ეს არის რეალობა, ეშინიათ პატრონების, რომლებსაც ვერ უბედავენ იმის შეკითხვასაც კი, რომ, მოდი, ვიტყვით, რომ ცუდია ლგბტ პროპაგანდა და ამას საერთო არაფერი აქვს უფლებებთან და აქ ეშინიათ ქართველი ხალხის რისხვის. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა. დღემდე რომ გაურბიან და მიკიბვ-მოკიბვით საუბრობენ ამ თემაზე, თითქოს აქტუალური არ არის. ჩვენ ხომ ეს თემა წამოვწიეთ და ვთქვით, რომ ეს არის თანამედროვე სამყაროს უმწვავესი პრობლემა და ამაზე პასუხი იქიდან არ არის. მათ ამის საპასუხოდ წამოწიეს, რომ ფასების ზრდა არის ცუდიო.

„ჩვენ ვპასუხობთ, დიახ, ფასების ზრდა არის ცუდი. განსაკუთრებით, ეს სიცუდე თავს იჩენდა პანდემიის დროს და შემდეგ პერიოდში, მაგრამ ახლა გვაქვს კონკრეტული პასუხები. ამაზე ლაპარაკობს ის ხალხი, რომელიც სანქციების დაწესებას ითხოვდა რუსეთთან და ეკონომიკის ჩამოშლას. მაშინ გენახათ თქვენ ფასების ზრდა და ხალხის გაჭირვება. როდესაც „ქართულმა ოცნებამ" მთელი ამ წლების განმავლობაში შეძლო და სიღარიბე გაანახევრა, ამ ხალხის გაჭირვებაზე თავიანთ პიარკამპანიას აგებენ. თურმე აქაც გამზადებული ჰქონიათ კამპანია, როგორც კი სანქციებს დავაწესებდით და ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, მინუსში წავიდოდა, ორნიშნა ზრდაში კი არა. ამ კამპანიას დაცხებდნენ, რასაც ახლა უყურებთ," - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გაჭირვებულ ადამიანებზე პოპულისტური პიარის აგება ბინძური და მდაბიო საქციელია.

„ძალიან ცუდია გაჭირვებული ადამიანის არსებობა. ქვეყანას ვერ იპოვნით, სადაც ასეულობით ათასი და, შეიძლება, მილიონობით გაჭირვებული ადამიანი არ იყოს, გააჩნია ქვეყნის სიდიდეს. მათზე პოპულისტური პიარის აგება ცალკე სიბინძურე და მდაბიოობაა. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ მათ გამზადებული ჰქონიათ კამპანია, სანქციებს რომ დააწესებინებდნენ ქვეყანას, ამისთვის ხომ იბრძოდნენ ორი წელი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ საქართველოს დააზიანებდა, ჩამოშლიდა ქვეყანას ეს კამპანია, უკვე დაწერილი პიარგეგმა, რომელიც მოქმედებაში ახლა მოიყვანეს, თუმცა გამოჩნდა, რომ სპეკულაციურია და იმ დროს განსაკუთრებით, როდესაც ვერ ამბობენ თავიანთი პატრონების და ქართველი ხალხის შიშით, კარგია თუ ცუდია ლგბტ პროპაგანდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ენმ-ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან ანთაძის შეფასებით, დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად თურქეთში გადადის, რადგან პროდუქცია საქართველოში თითქმის ორჯერ ძვირია, ვიდრე თურქეთში.

„დღეს ბათუმის მოსახლეობა, აჭარის მოსახლეობა ფაქტობრივად დასავლეთ საქართველო, ხახვის, კარტოფილის, ფორთოხლის, ზეთის საყიდლად გადმოდის თურქეთში და აქ იძენს პროდუქციას. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქცია საქართველოში არის თითქმის ორჯერ ძვირი, ვიდრე თურქეთში. ელემენტარული, პირველადი მოხმარების საგნებს იძენს აქ. აღარაფერს ვამბობ აფთიაქზე, სამედიცინო მომსახურებაზე. უბნის ექიმის მაგივრად თურქეთში გადმოდის ადამიანი და მკურნალობს. ამიტომ, 2024 წელი არის შანსი ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც გვაღარიბებს," - განაცხადა ლევან ანთაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×