თამთა ჩაჩანიძე
20.07.2022

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ექვსკაციანი დელეგაცია ოთხშაბათს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ესტუმრა, ვიზიტისას რამდენიმე შეხვედრა შედგა - განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადია.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია, რომ ადგილზე ნახონ ის რეალობა, რაც საქართველშია, გაეცნონ პრეზიდენტის, მმართველი პარტიის, სახალხო დამცველის და ოპოზიციის პოზიციებს. ასევე, ყველა იმ კითხვას პასუხი გაეცეს, რაც თავად აქვთ და მმართველ გუნდს აქვს მათ მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ.

დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს, რომელმაც პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გამართა, რის მერეც ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კრიტერიუმების შესრულებასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებული.

„ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა.

„სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის - პოლარიზაცია და ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისათვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული.

„ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც შესაბამისი რეფორმების გატარებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის განხორციელების სფეროში. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ის არ არის რამე ვაჭრობის საგანი.

„საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, იმსახურებს იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში.

„ევროპის კავშირი განუყოფლად არის დაკავშირებული მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და კეთილდღეობასთან. 2012 წელს ევროპის კავშირმა ნობელის პრიზიც კი მიიღო იმის გამო, რომ 6 ათწლეულის განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში ევროპაში. ამიტომაც, სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება.

„საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საქართველომ თავის კონსტიტუციაში ასახა ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზანი და ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან. ევროპის პარლამენტის წევრები სიამოვნებით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწევრიანებას", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიუსელში ჩავლენ და მუშაობას ადგილზე დაიწყებენ. ბრიუსელის გარდა მუშაობა უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტშიც.

„აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ.

„ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ, ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი.

„არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტით ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, განუმარტოს ის პრეტენზიები, რაც ცოტა ხნით ადრე ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირდა.

„ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა, რომ ევროკავშირს უშუალოდ კიდევ ერთხელ განუმარტოს, ის პოზიცია და პრეტენზიები, რაც კონკრეტულ საკითხებზე მმართველ გუნდს მათთან მიმართებაში გააჩნია, მათ შორის იმ რეზოლუციაზე, რომელმაც საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნამდილად ბევრი უსიამოვნო და სკეპტიკური კითხვა გააჩინა.

„თუმცაღა, არ მგონია, რომ ამ ერთი შეხვედრის შედეგად ყველა ამ საჭოჭმანო საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა მოხდეს, მაგრამ ის, რომ კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, რომ ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარონ და თავიანთი პოზიციები ღიად და გახსნილად მოახსენონ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მხარეებს ერთმანეთის უფრო უკეთ ესმოდეს და გაუგებრობისთვის ადილი არ რჩებოდეს. ალბათ, ევროპარლამენტარებსაც ექნებათ თავიანთი პოზიციები თუ ეს რეზოლუცია რატომ მიიღეს და ა.შ."- განაცხადა მან.

ანჯაფარიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც საქრათველოში პოლარიზაციას ეხებოდა.

„გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა მოკავშირეებმა ასეთი სიტუაცია დაამკვიდრა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვე პარლამენტში არ შედიოდნენ, შემდეგ „მიშელის დოკუმენტს" ხელს არ აწერდნენ, ამას დაამატეს მთელი ის პერიპეტიები, რაც ახლდა-აქციები, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ამასთან დაკავშირებული პროცესები.

„გასეგებია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან ჩანს, როგორც დაპირისპირება და არა ისეთი ცივილური პოლიტიკური ცხოვრება, როგორიც მათ აქვთ. პოლიტიკური კონფრონტაცია იქაცაა, მაგრამ არა ისეთი არაცივილიზებული ფორმით, როგორიც ჩვენთანაა. ჩვენთან ეს ისეთ ზღვარზეა მისული, რომ შემდეგი ნაბიჯი უკვე სამოქალაქო დაპირისპირებაა და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან ასე ჩანს.

„მითუმეტეს იმ ინფორმაციის ფონზე, რაც აქედან ოპოიზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების თუ კონკრეტული პირების მხრიდან. ევროპარლამენტარების მხრიდან ამის აღიარება ძალიან სამწუხაროა, მაგრამ პრინციპში ეს რეალობაა, რადგან პოლარიზაცია ვერ დასრულდა და მათ იმ რეალობას გაუსვეს ხაზი, რაც ქვეყანაშია",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს მორიგი ვიზიტია, რა დროსაც გარკვეულ საკითხებზე კითხვებს პასუხი გაეცემა.

„ეს ჩვეულებრივი მორიგი ვიზიტია, რომელიც ძალიან ხშირად ხორციელდება ხოლმე. ჩამოდიან როგორც ევროპარლამენტარები, ასევე ცალკეული პოლიტიკური ლიდერები, ეს ორდინალური პროცესია, როცა პარტნიორები საუბრობენ და მათ შორის საუბრობენ გულწრფელად.

„თუნდაც ყველაზე ახლო მეგობრებში გარკვეული შეკითხვები და მიზეზებია ხოლმე, რის გამოც შესაძლოა რაღაც გაუგებრობა იყოს და ყველა ასეთ შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ცალკეული ევროპარლამენტარების პოლიტიკური პოზიცია და უპასუხისმგებლო განცხადებები ადრე გვინახავს, სააკაშვილზე, გვარამიაზე და სხვა თემებზე.

„ამიტომაც ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, ბუნებრივია პრესკონფერენციებზე ეს გარჩეული არ იქნება, კაბინეტებში და დარბაზებში ქართუილი მხარე მათ რა თქმა უნდა დაელაპარაკება და ყოველ შემთხვევაში გარკვეულ შეკითხვებზე პასუხის მიღების მცდელობა იქნება",- განაცხადა აბაშიძემ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტის მიზანია რეალობა ადგილზე ნახონ.

„საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები გაითვალისწინონ, მათ შორის დეპოლარიზაციასა და დეოლიგაქრიზაციასთან დაკავშირებით და ა.შ. მათი ვიზიტის მიზანია ვითარება ადგილზე ნახონ, გაეცნონ პრეზიდენტის, მმართველი პარტიის, სახალხო დამცველის და ოპოზიციის პოზიციებს.

„ჯერჯერობით ხელისუფლებისგან იმის ნება არ ჩანს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებულო, მმართველი პარტია არ აღიარებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ვითომ იმიტაციას და სამუშაო ჯგუფებს ქმნის, მაგრამ ეს ის ფაქტორი არაა, რომელიც დეპოლარიზაციას შეამცირებს.

„ევროპარლამენტარების ვიზიტი მისასალმებელია, მაგრამ ამას შესაბამისი შედეგი უნდა მოჰყვეს. საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად 12 პუნქტის შესრულებაზე რეალური მუშაობა უნდა დაიწყოს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით ნება არ ჩანს და ივანიშვილს ოლიგარქად არ აღიარებენ.

„ამ პირობებში ძალიან რთული იქნება, რომ 2023 წელსაც 12 პუნქტი შესრულდეს, დეპოლარიზაციას რაც შეეხება, ერთის მხრივ კობახიძე ამბობს, რომ ამაზე სამუშაო ჯგუფებს ვქმნიო და მეორეს მხრივ „ოცნების" წარმომადგენელი მომიტინგეებს დედას აგინებს, ან იგივე 3 ივლისის აქციამდე „ქართული ოცნების" მომხრეები ოპოზიციის წარმომადგენლებს როგორ დახვდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ არ მიდის და ევროკავშირმა საქმის განხილვა 2023 წლისთვის ამიტომაც გადადო, რითიც საქართველოს ხელისუფლებას აგრძნობინა, რომ ჯერჯერობით არავითარი ნება არ ჩანს და ის 6 თვეში პრობლემის მოიგვარებას ვერ მოასწრებდა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×