თამთა ჩაჩანიძე
20.07.2022

თეირანში თურქეთის, რუსეთის და ირანის ლიდერების მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სირიის კონფლიქტი იყო. გარდა ამისა შეთანხმება შედგა ენერგოუსაფრთხოების სფეროში რუსეთსა და ირანს შორის. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის სასარგებლო არაფერი გააწყვეტილა, წამოიჭრა თემა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ვლადიმერ პუტინმა კიევს ტრადიციულად ულტიმატუმები წაუყენა.

კრემლი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა რუსეთისთვის „სასარგებლო აღმოჩნდა". პუტინმა განაცხადა, რომ შეთანხმდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე, რომელშიც მხარეები პირობას დებენ, რომ სირიაში ვითარების "ნორმალიზაციისთვის" გააძლიერებენ თანამშრომლობას.

პუტინი ასევე დასძენს, რომ მან და ერდოღანმა უკრაინული და რუსული მარცვლეულის ექსპორტი განიხილეს, ისევე როგორც სასურსათო უსაფრთხოება. მისი თქმით, რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ხელს შეუწყობს, თუმცა სანაცვლოდ უნდა გაკეთდეს ის, რომ „მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის ექსპორტთანაა დაკავშირებული".

„ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს", - აღნიშნა პუტინმა ირანში ვიზიტის შემდეგ.

მან იმედი გამოთქვა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება.

"როგორც იცით, ამერიკელების მიერ მსოფლიო ბაზარზე რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმედი მაქვს, თუ მათ გულწრფელად სურთ გააუმჯობესონ ვითარება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე, იგივე მოხდება რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პუტინმა.

მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თითქოს უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე და კიევს „არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი".

„მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს", - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ირანში ვიზიტის შემდეგ.

მისივე მტკიცებით, ნავთობსა და გაზზე ფასების ზრდა დასავლეთის პოლიტიკამ გამოიწვია.

„ისინი არატრადიციული ურთიერთობის სფეროს დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზე, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და სულ ეს არის.

„აბა, რა შუაშია „გაზპრომი"? დაკეტეს ერთი მარშრუტი, მეორე მარშრუტი, სანქციები დააწესეს. თვითონ დახურეს ყველაფერი", - თქვა პუტინმა.

ექსპერეტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეხვედრა სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით იყო, საუბარი უკრაინასაც შეეხებოდა, თუმცაღა, უფრო ფორმალურად, რადგან სამივ მხარეს თავიანთი საკითხების გადაჭრა ურფო აწუხებდა.

„ენერგეტიკის მიმართულებით 44 მილიარდიან რუსულ-ირანულ ინვესტიციებზეა საუბარი კასპიის ზღვის სანაპიროზე, ეს შეხვედრა ოფიციალურად ე.წ. ასტანის სამიტის ფორმატში იყო, რომელიც სირიის კონფლიქტთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, ამ სამიტის შემდეგ პუტინს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, შემაჯამებელი გამოსვლა ჰქონდა, სადაც თქვა, რომ ამერიკამ სირია უნდა დატოვოს, პუტინი ამას ერდოღანისა და რაისის თანხმობის გარეშე არ იტყოდა.

„აქ დაისვა საკითხი სტამბულის მოლაპარაკებებზეც, რომელიც გაეროს ჩართულობით მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებით თურქეთს, რუსეთს და უკრაინას შორის მიდიოდა, მაგრამ შეხვედრაზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ შეთანხმება მიღწეული არაა.

„თურქეთი ცდილობს, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეული გაიტანოს და მარცვლეულის ექსპორტის ჰაბი გახდეს, ესეც საინტერესო მომენტია, რადგან უკრაინის ომისა და ტრაგედიიდან ყველაზე მომგებიან პოზიციაზეა, რადგან თურქეთი ხდება არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ შესაძლოა მარცვლეულის ჰაბად გადაიქცეს.

„ვეჭვობ, რომ მათ კავკასიაში არსებული სიტუაციაც განიხილეს 3+3 ფორმატზე, შესაძლოა ეს სამეული კავკასიაშიც გაქტიურდეს. საინტერესო ისაა, რომ ამ სამეულის შემდგომი სამიტი მოსკოვში გაიმართება, შესაძლოა ამა წლის შემოდგომისთვის.

„ამ ფორმატში უკრაინისთვის სასარგებლო არაფერი გადაწყვეტილა, პუტინს სურდა რომ ამ პლატფორმიდან საერთაშორისო საზოგადოებისთვის თავისი გზავნილები გაეჟღერებინა. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ თითქოს უკრაინას სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა და უკრაინულმა მხარემ არ მოინდომა, შესაძლოა ითქვას, რომ ეს პუტინის ულტიმატუმი იყო. თურქეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მხოლოდ მარცვლეულის თემა წამოჭრა, სხვა საკითხი არ წამოუჭრია. თურქეთი ისევ თავის თამაშებს თამაშობს."- განაცხადა მან.

მისივე თქმით, რუსეთის მეორე მთავარი მიზანი ირანული დრონების შესყიდვა იყო.

„საინტერესო მომენტი ის იყო, რომ რუსეთმა მაღალი ალბათობით ირანული სამი პლიუსის თაობის უპილოტო თვითმფრინავები შეისყიდა, 300-400 საბრძოლო დრონზეა საუბარი. ირანულმა დრონებმა საბრძოლო მოქმედებებში თავი კარგად გამოიჩინეს და საკმაოდ ეფექტურია. რუსეთს ისე გაუჭირდა, რომ ირანულ უპილოტო თვითმფრინავებზე მიუდგა საქმე.

„მანამდე რუსეთის სამხედრო დელეგაცია თეირანში ფარულად ჩავიდა, იქ ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე ირანული დრონები და მათი მანევრები აჩვენეს. ტესტირება ჩაუტარეს, შეამოწმეს და არაა გამორიცხული, რომ რუსი სპეციალისტები ირანშიც ჩავიდნენ და სტაჟირებაც გაიარონ."- განაცხადა მაისაიამ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეხვედრა სამი მონაწილე ქვეყნის სასარგებლოდ გაიმართა.

„შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე იყო საუბარი, პირველი სირიის საკითხი იყო და ამ სამეულის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, თურქეთი ასადის რეჟიმის დასრულებას უჭერს მხარს, ხოლო ირანი და რუსეთი პირიქით, ამ რეჟიმის შენარჩუნებას უჭერენ მხარს. თუმცაღა, აქ მიზანი ის იყო მხარეებს დაედასტურებინათ, რომ სირიის კონფლიქტის მთავარი მოთამაშეები ისინი არიან და არა დასავლეთის ქვეყნები.

„რუსეთის მიზანი ასევე ის იყო, რომ ირანისგან დრონები მიეღოთ, ამაზე აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტმაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები მიდიოდა. გარდა ამისა, რუსეთსა და ირანს სურთ, რომ ენერგეტიკის სფეროში ითანამშრომლონ, ჰქონდეთ კოორდინაცია ნავთობისა და გაზის ექსპორტის თვალსაზრისით, რადგან ორივე ქვეყანა ნავთობისა და გაზის რესურსებით მდიდარია.

„ასევე, შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ რუსეთს საშუალება მისცემოდა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში გარკვეული ინვესტიციები ჩაედო. ვიცით, რომ 40-მილიარდიან კონტრაქტს მოეწერა ხელი გაზპრომსა და ირანის სახელწიფო ენერგეტიკულ კომპანიას შორის. თურქეთი დასავლეთს და რუსეთს შორის ბალანსირების პოლიტიკას ატარებს. ამით საკუთარ საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას და თურქეთის მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს.

„უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით თურქეთია შუამავალი, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ხსნის, რომ მარცვლეული გაატაროს, მაგრამ რუსეთი თურქეთის გადაბირებას ცდილობს. თურქეთი რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიღებითაა დაინტერესებული, დაახლოებით 65%-ს რუსეთისგან იღებს, გარდა ამისა ის დაინტერესებულია, რომ ნაწილი ბუნებრივი აირის იმპორტი ირანიდანაც განხორციელდეს" - განაცხადა ჩიტაძემ.

სამიტის დღეს ირანული მედიამ დაწერა, რომ ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ და რუსულმა კომპანია „გაზპრომმა" ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ღირებულება დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქიშისა და ჩრდილოეთ ფარსის გაზის საბადოების განვითარებას, სამხრეთ ფარსუს საბადოზე წნევის გაძლიერებას, ნავთობის 6 საბადოს განვითარებას, გაზისა და პროდუქტების გაცვლა, თხევადი ბუნებრივი გაზის პროექტების დასრულებას, გაზის საექსპორტო მილსადენების მშენებლობას და სხვა სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×