ცესკოს წევრების უმრავლესობა პირველი მოწვევის უზენაესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს
რეზონანსი
07.04.2024

კონსტიტუციის თანახმად, საქართველო ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც სამართლიანი არჩევნების შედეგად ფორმირებული რეალურად დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანოს გარეშე მხოლოდ ფიქციაა. ამასთან, ევროპულ კავშირში გასაწევრიანებლად არა მარტო სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი, არამედ პოლარიზებული პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის საერთო მიზნის მისაღწევად გაერთიანებაც არის აუცილებელი.

ვინაიდან საკმარისად ვარ გარკვეული საარჩევნო კანონმდებლობასა და მანიპულაციებში (თავადაც მაქვს მონაწილეობა მიღებული საპარლამენტო არჩევნებში და შედეგები სასამართლოში გასაჩივრებული...), ვთვლი, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი სამართლიანი არჩევნები არასდროს ჩატარებულა... არადა, არა მარტო ევროპულ კავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს შესანარჩუნებლადაც არის აუცილებელი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩაატაროს რეალურად დამოუკიდებელმა ადმინისტრაციამ, რომლის მიმართ მოქალაქეებს ნდობა ექნებათ. ამასთან, არჩევნებშიც რაც შეძლება მეტმა ინფორმირებულმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ სადეპუტატო მანდატები სამართლიანად განაწილდეს, რაც ცესკოს წევრების დღეს არსებული წესით შერჩევისა და უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება,

საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ასამაღლებლად და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, პირველ რიგში, ცესკოს გონივრულად ფორმირებაა აუცილებელი. არადა, მისი წევრების შერჩევის წესს, რომელიც გამუდმებით იცვლება, არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი ექსპერტებიც არ იწონებენ. ამასთან, ისიც ფაქტია, რომ საზოგადოება არა მარტო დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი ოპოზიციის (ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“) მომხრეებად არის დაყოფილი („პოლარიზებული“). 

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობააღგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის 265 წევრიანი უზენაესი საბჭო „სამხედრო საბჭომ“ (ფაქტობრივად, „მხედრიონმა“...) 1992 წლის დასაწყისშივე „დაითხოვა“, ის დღემდე აგრძელებს საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს... ბოლოს „უზენაესი საბჭოს“ წევრები, რომლებიც არ აღიარებენ „სახალხო-დემოკრატიული აჯანყების“ შემდეგ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას, 2022 წლის 29 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორში“ შეკრებილან (მედიის ცნობით „ეროვნული ძალების“ სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ...). ამასთან, ბუნებრივია, არც „ვარდების რევოლუციაა“ ყველასთვის მისაღები, რის გამოც მოქალაქეების არც თუ მცირე ნაწილი ახალ სახელმწიფო (ფაქტობრივად, პარტიულ ..) დროშასაც უკანონოდ თვლის და აქციებზე შავ-თეთრ-შინდისფერი დროშით გამოდის...

მხედველობიდან არც ის გარემოება უნდა გამოგვრჩეს, რომ 1990 წელს პირველად ჩატარებულ მრავალპარტიულ არჩევნებში მოქალაქეებმა „უზენაეს საბჭოში“ კომუნისტური პარტიის წარმომამდგენლებიც აირჩიეს, რომლებსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ („კომპარტიის“ აკრძალვის გამო). დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულმა „ნეგატიურმა მოვლენებმა“ (ტერიტორიების დაკარგვა, მიწის გაყიდვა, სოფლების დაცარიელება, მოსახლეობის განახევრება, კომუნალურ და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების საგრძნობი ზრდა...) მათ მხარდამჭერებსაც (ძირითადად ხანდაზმულებს) გაუჩინათ ნოსტალგია მჟავანაძისა თუ ბრეჟნევისდროინდელი საბჭოთა პერიოდისადმი, რის გამოც „კაპიტალისტების“ არჩევნებზე საერთოდ აღარ დადიან... 

ყოველივე ზემოღნიშნულისა და იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეების თითქმის ნახევარი არ მონაწილეობს არჩევნებში, გონივრულად მიმაჩნია, თუ უზენაეს საბჭოში 1990 წელს არჩეული ყველა დეპუტატი (მათ შორის, 155 „მრგვალი მაგიდის“, 65 „კომუნისტური პარტიის“, ხოლო 12 „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი...) შეიკრიბება და დამსწრეთა უმრავლესობით აირჩევენ ცესკოს წევრთა უმრავლესობას (არ არის აუცილებელი, საკუთარი რიგებიდან). ამასთან, იმედი მაქვს, საკუთარ მხარდამჭერებსაც მოუწოდებენ მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგებს დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებიც აღიარებენ, „მრგვალი მაგიდის“ მხარდამჭრებიც, „სახალხო ფრონტელებიც“ და სოციალისტური წყობის მოშლით გულნატკენი პენსიონერებიც, რომელთა რიცხვი საქართველოში საკმაოდ დიდია. 

ვთვლი, რომ ცესკოსადმი უნდობლობას მისი დღევანდელი ხელმძღვანელის კორუმპრებულობის თაობაზე მედიით გავრცელებული ინფორმაციაც განაპირობებს და ცესკოს წევრთა შერჩევის არსებული პროცედურაც, რომლითაც სააარჩევნები პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ფაქტობრივად, მხოლოდ მმართველი პარტიის მესვეურობით ხორციელდება. 

ამდენად, მაქსიმალურად „დეპოლარიზებული“ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის საზოგადოების გამაერთიანებელი პარლამენტის ფორმირებისთვის აუცილებელი სამართლიანი („გადამწყვეტი“) არჩევნების ჩასატარებლად და მასში ამომრჩევლების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გამართლებული იქნებოდა, გამონაკლისის სახით, ამჯერად, ცესკოს 8 წევრი საკანონმდებლო ორგანოში 1990 წელს არჩეულ დეპუტატებს გაემწესებინათ, ხოლო 7 წევრს დღევანდელ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევდა, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან. 

შესაბამისად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცესკოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 30 წლის წინ არჩეული „უზენაესი საბჭოს“ წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით იქნებოდა გამორჩეული. თავმჯდომარის მოადგილეებსაც, ცესკოს წევრები ხმების უმრავლესობით აირჩევდენ, თუმცა, ერთი მაინც, აუცილებლად, დღევანდელი პარლამენტის წარმომადგენლებიდან იქნებოდა. 

ვთვლი, რომ საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით თითოეული მოქალაქისთვის (და არა მხოლოდ „რეიტინგული“ და „პოლარიზებული“ პარტიების მომხრეებისთვის...) გარანტირებული თავისუფალი არჩევნების უფლების ეფექტური რეალიზაციისთვის, პირველ რიგში, ცესკოს ავტორიტეტის ასამაღლებლად მისი გონივრულად დაკომპლექტებაა აუცილებელი, ხოლო თუ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება დღემდე ვერ ვისწავლეთ და პოლიტიკური ძალებმა ისევ ერთმანეთთან კონფრონტაციაში გააგრძელეს საპარლამენტო „მოღვაწეობა“, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×